განაახლებენ თუ არა უნივერსიტეტები სწავლას დასწრებულ რეჟიმში და როდის?
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის აუდიტორიებში განახლების უფლება მიეცათ: “4 ოქტომბერს, მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით”, – თქვა თქვა განათლების მინისტრმა.
საქართველოს ორ მსხვილ უნივერსიტეტს (თსუ და ილია ავტ.) EDU.ARIS.GE გუშინვე დაუკავშირდა, თუმცა როგორც გაირკვა, უმაღლესებს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდათ მიღებული.
რა შეიცვალა ერთი დღის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში? განაახლებენ თუ არა სწავლას დასწრებულ რეჟიმში და როდის? – ამ კითხვით EDU.ARIS.GE საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტების ნაწილი ჰიბრიდულ
მოდელს ირჩევს, ნაწილს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:
ინფორმაცია განახლებულია: 04/10/2021 11:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წლის 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ძირითადად დაუსწრებელი ფორმატით გაგრძელდება. ასევე თითოეული ფაკულტეტი უფლებამოსილია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები წარმართოს არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც პროგრამების ძირითად ნაწილზე სასწავლო პროცესი 18 ოქტომბერს იწყება, თუმცა როგორ ფორმატში ისწავლიან სტუდენტები, დასწრებულ თუ დაუსწრებელ რეჟიმში, ეს ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ჰიბრიდული მეთოდით აპირებს 11 ოქტომბერს სწავლის დაწყებას. ლექციები ონლაინ რეჟიმში წარიმართება, პრაქტიკული მეცადინეობები კი, აუდიტორიებში განახლდება.
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) სასწავლო წელი 4 ოქტომბერს იწყება, სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას დისტანციური ფორმატით აგრეძელებს, აუდიტორიებში სწავლის გაგრძელების თარიღი მოგვიანებით იქნება ცნობილი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ნაცვლად 4 ოქტომბრისა, 11 ოქტომბერს დაიწყება , შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით. კერძოდ, ლექციები ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და ჯგუფში მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში.
კავკასიის უნივერისტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ოფიციალურ ბრძანების მიღებას ელოდებიან და შემდეგ იმსჯელებენ, მანამდე კი სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს უნივერსიტეტში 4 ოქტომბრიდან სწავლა შერეული ფორმატით წარიმართება. პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, ლექციების ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კი აუდიტორიებში ჩატარდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განხორციელების ფორმატი დაზუსტებული არ არის, რადგან განათლების სამინისტროსგან დასტურს ელოდებიან. თუმცა, ფიქრობენ სასწავლო პროცესის გაგრძელებას ჰიბრიდული მოდელით – სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ადგილზე დაესწრებიან ლექციებს, თუ დისტანციურად.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პასუხისთვის ვერ მოცალა. სწავლა 20 სექტემბრიდან ონალინ მიმდინარეობს, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ტარდება, იცვლება თუ არა სწავლის ფორმატი – ჯერჯერობით უცნობია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. 4 ოქტომბრიდან რა ფორმატში გაგრძელდება, ჯერ განსაზღვრული არ არის. აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას სტუდენტების აცრის მაჩვენებლის მიხედვით მიიღებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლას დისტანციური ფორმატით აგრძელებს. უნივერსიტეტი მზადაა სწავლა განაახლოს აუდიტორიებში, დააკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელს.
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა13 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყო, 4 ოქტომბრიდან კი ლექციების ნაწილი აუდიტორიებში, ნაწილი კი ისევ ონლაინ რეჟიმში წარიმართება. პრაქტიკული სწავლებები, ლაბორატორიული სამუშაოები და ლექციები, სადაც სტუდენტების ნაკლები რაოდენობა იყრის თავს აუდიტორიებში ჩატარდება, ხოლო გაერთიანებული ლექციები, რომლებსაც სტუდენტების დიდი რაოდენობა ესწრება, ისევ დისტანციურად გაგრძელდება.
თბილისის ღია უნივერსიტეტში სწავლა 27 სექტემბერს დისტანციური ფორმატით დაიწყო და 4 ოქტომბრის შემდეგაც ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. პრაქტიკული სწავლება და ლაბორატორიული სამუშაოები კი, უნივერსიტეტის კამპუსსა და კლინიკურ სივრცეებში წარიმართება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 13 სექტემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს. სწავლის ფორმატთან შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების 20 სექტემბრიდან დისტანციურად სწავლობენ. 4 ოქტომბერს მათი ნაწილი აუდიტორიებში დაბრუნდება, ნაწილი ისევ ონლაინ რეჟიმში ისწავლის. დასწრებით ფორმატში წარიმართება პრაქტიკული მეცადინეობები, ლაბორატორიული სამუშაოები და ლექციები, სადაც სტუდენეტების მცირე რიცხოვნობაა. ხოლო ლექციები, რომელსაც ბევრი სტუდენტი ესწრება დისტანციურად ჩატარდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს. 4 ოქტომბრიდან სწავლა შერეული ფორმატით წარიმართება, ლექციების ნაწილი აუდიტორებში, ნაწილი კი კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტუტუტში (ჯიპა) სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია დაზუსტებული ჯერ-ჯერობით არ აქვთ. სწავლა ამ ეტაპზე დისტანციურად მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 13 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, 4 ოქტომბრიდან სწავლის გაგრძელების ფორმატზე კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ამ დროისთვის შერეული პრინციპი განიხილება. პრაქტიკული მეცადნეობები და სემინარები დასწრებით რეჟიმში წარიმართება. ლექციები, სადაც სტუდენტთა დიდი რაოდენობაა, კვლავ ონლაინ ფორმით ჩატარდება.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სწავლას 4 ოქტომბერს ჰიბრიდულ ფორმატში იწყებს.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა 4 ოქტომბერს იწყება. სწავლის ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან, გადაწყვეტილების მიღების ვადამ ერთი დღით გადაიწია და 30 სექტემბერის ნაცვლად, 1 ოქტომბერს გამოცხადდება.
ევროპის უნივერსიტეტში 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება ჰიბრიდულ რეჟიმში. პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო კურსების დიდი ნაწილი განხორციელდება აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა დ სიმულაციურ ცენტრებში.
ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა დისტანციურ რეჟიმში 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შემდგომ, რეგიორში დადებითობის მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად, სრულად დასწრუბულ რეჟიმზე გადავა.
როგორც 28 სექტემბერს გახდა ცნობილი, მთავრობის გადწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.
უნივერსიტეტების პრ სამსახურების საყურადღებოდ. თუ თქვენი სასწავლებელი არ არის ჩამონათვალში და გაქვთ ინფორმაციის განთავსების სურვილი, გთხოვთ დაგვიკავშირდით unies@aris.ge-ზე
ამავე თემაზე:
ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება