რა მიზეზით არ არის ამ დრომდე დამტკიცებული განათლების 2022-2032 წლების ერთიანი სტრატეგია? – სამინისტროს პასუხი
2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმები, რომლის დამტკიცებასაც მიხეილ ჩხენკელის უწყება 2021 წლის ბოლოს აანონსებდა ჯერაც არ დამტკიცებულა. ამის შესახებ ჩვენთვის განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილიდან ხდება ცნობილი.
EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხი განათლების სამინისტროსგან 14 თებერვალს მივიღეთ, თუმცა ჩვენს სხვა შინაარსობრივ კითხვებზე პასუხები ღია დარჩა. მათ შორის გვაინტერესებდა კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა სტრატეგიაში საჯარო განხილვების შემდეგ, რა შენიშვნები მიიღეს და რა გაითვალისწინეს. წერილში მხოლოდ ის ხელოვნური, ბიუროკრატიული საფეხურებია მიმოხილული, რაც მათი განმარტებით, დოკუმენტის დამტკიცებას აყოვნებს. საბოლოოდ კი, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ის სამუშაო, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განათლების სამინისტრს ჩართულობით შესრულდა, გაჩერებული და ბოლომდე მისაყვანია:
“გაცნობებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გრძელვადიანი ხედვის შემუშავებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით, ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესი დაწყების დღიდანვე მიმდინარეობდა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პროექტის (PAR) და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის “ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით”, – გვწერენ სამინისტროდან, რაზეც ყბადაღებული და ამ დრომდე გაურკვეველ საფეხურზე მყოფი უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება გვახსენდება: ირინე დარჩია: „პროექტი დასრულებულია, ჩვენი მისია შევასრულეთ!“, ჩხენკელის უწყება კი უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე ისევ დუმს
უცნობია რა შეფასება აქვს აღნიშნულზე მთავრობის მეთაურს, მაგრამ წერილში ჩხენკელის უწყება ორგზის გვატყობინებს, რომ “კვლავ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”.
საინტერესო იქნება, ვიცოდეთ ამ კომუნიკაციის ფორმატის ან შინაარსის შესახებ, რადგან ჩვენი რეალობა განათლებაში, მრავალჯერ გამოცვლილი და მეორე წერეზე მობრუნებული განათლების მინისტრების გარდა ის იყო, რომ ყველა ახლადმოსული მინისტრი საკუთარ “სტრატეგიას” თუ გეგმას წერდა და მერე უკანვე მიჰქონდა. ახლა კი დაწერილის დამტკიცებაც გაჭირდა…
სტრატეგიის შინაარსის შესახებ EDU.ARIS.GE-მ არაერთი ინფორმაციაც მოამზადა და საზოგადოებას დოკუმენტი უფრო ახლოს გააცნო. იხილეთ რამდენიმე მათგანი:
განათლების ყველა საფეხურზე განვითარდება მონიტორინგის და შეფასების პრაქტიკა
არსებითი გამოწვევები საქართველოს უმაღლეს განათლებაში – ახალი სტრატეგიის ავტორთა ხედვა
დასასრულს კი, მეტი თვალსაჩინოებისა და დაინტერესებული მხარის საყურადღებოდ, იხილეთ რამდენიმე ამონარიდი განათლების სამინისტროს ვრცელი წერილიდან:
“2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავდა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები, რომელთა საჯარო კონსულტაციების პროცესი 2021 წლის 7 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
2021 წლის დეკემბერში გამოცხადებულ საჯარო კონსულტაციებამდეც ხორციელდებოდა 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრ სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და მათგან მიღებული მოსაზრებების შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებში ეტაპობრივი ინტეგრირება. მათ შორის, პოლიტიკის დაგეგმვის სრული ციკლის განმავლობაში, საჯარო კონსულტაციები თითქმის 3 კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან აქტიურად მიმდინარეობს პროექტების განხილვა და კონსულტაციები, რეკომენდაციების ასახვა და შენიშვნების გათვალისწინება. 2021 წლის 30 დეკემბერს სამინისტროს ორგანიზებით შედგა შემაჯამაბელი ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა…
2022 წლის 21 იანვარს, სამინისტრომ ცალკე ფორმატში უზრუნველყო განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების ინკლუზიურობის კომპონენტის საჯარო განხილვა, სადაც ასევე, გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები და კომენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ჩატარებული საჯარო კონსულტაციების საფუძველზე მიღებული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების შეგროვებასა და დამუშავებაზე. ამასთანავე, სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტები აქტიურად არიან ჩართული მიღებული უკუკავშირის ანალიზის პროცესში, რათა მაქსიმალურად გონივრულად მოხდეს ყველა საჭირო რეკომენდაციისა და შემოთავაზების ასახვა შესაბამის დოკუმენტში.
კვლავ მიმდინარეობს საჯარო კონკულტაციების საფუძველზე მიღებული რეკომენდაციებისა და კომენტარების შესწავლა და დამუშავება. ვინაიდან აღნიშნული პროცესი საჭიროებს სხვადასხვა მხარის ჩართულობასა და ერთობლივ მუშაობას, ამიტომ გულდასმით გრძელდება სხვადასხვა აქტუალური საკითხის გარშემო გამოთქმული მოსაზრებების შესწავლა, რათა მოხდეს მათი მისადაგება და დაკავშირება სტრატეგიის კონკრეტულ ადგილებთან და მიმდინარე გამოწვევებთან.
…წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმების მონიტორინგის ანგარიშის ჩატარების შემდეგ, შესაძლებელი იქნება კონკრეტული აქტივობების მოდიფიკაცია და ახლადგამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე განახლებული აქტივობების ჩამოყალიბება, რაც ასახულ იქნება მომდევნო ციკლის სამოქმედო გეგმებში.
ამავე თემაზე:
„ბაღის მასწავლებელთა გადამზადებასა და სახელფასო ზრდაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება