განათლების მიღების პროცესი – თავისუფლებისკენ სწრაფვა თუ ჩაგვრა?
ავტორი: ნათია ჭუმბურიძე, დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
განათლებას განიხილავს, როგორც გათავისუფლებისკენ უწყვეტ სვლას, ბრაზილიელი განმანათლებელი, პედაგოგიკის თეორეტიკოსი პაულო ფრეიერი ნაშრომში „ჩაგრულთა პედაგოგიკა“ და საინტერესოდ საუბრობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების შესახებ:
„მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების ყურადღებით შესწავლისას კარგად ჩანს, რომ ეს გულისხმობს მთხრობელს, სუბიექტს, რომელიც ჰყვება (მასწავლებელს), და მომთმენ, მსმენელ ობიექტს (მოსწავლეს). შინაარსი, შეფასებები იქნება ეს თუ რეალობის ემპირიული თავისებურებები, ასეთი თხრობის პროცესში უსიცოცხლო და გაქვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ განათლება დაავადებულია თხრობის დაავადებით“. (ფრეიერი, პ.)
„მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, აავსოს მოსწავლეები თავისი თხრობის შინაარსით – შინაარსით, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და საკმაოდ შორს არის იმისგან, რაც მოსწავლისთვის მშობლიური და ნაცნობია და რაც მისთვის შესაძლოა აღქმადი და შინაარსიანი გახდეს. ამასთან, ამ ნარატიული (თხრობითი) პედაგოგიკის მთავარი თვისებაა სიტყვების კეთილხმოვანება და არა მათი (სიტყვების) გარდამქმნელი ძალა: „ოთხჯერ ოთხი თექვსმეტია. პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი“. მოსწავლე იწერს, იმახსოვრებს და იმეორებს ამ ფრაზებს და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს „ოთხჯერ ოთხი“, ვერ გაიაზრებს სიტყვა „დედაქალაქის“ ჭეშმარიტ მნიშვნელობას წინადადებაში: „პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი“, ანუ რას ნიშნავს ქალაქი ბელემი პარას პროვინციისთვის და რას წარმოადგენს პროვინცია პარა სრულიად ბრაზილიისთვის“. (ფრეიერი, პ.)
ავტორი საინტერესოდ ადარებს ერთმანეთს ცოდნის მიღების პროცესსა და საბანკო პროცედურებს, როდესაც მოსწავლე ჰგავს ცარიელ ჭურჭელს, რომელსაც მასწავლებელი „ავსებს“, ასეთ დროს არ ხდება ნამდვილი ცოდნის მიღება.
„ნარატიულ სწავლებას (მასწავლებელი-მთხრობელით) მივყავართ იმისკენ, რომ მოსწავლეები მექანიკურად იმახსოვრებენ მოყოლილს. უფრო უარესია ის, რომ ასეთი ურთიერთქმედება მათ (მოსწავლეებს) ცარიელ კონტეინერებად აქცევს, ერთგვარ ჭურჭლად, რომელსაც მასწავლებელი „ავსებს“. რაც უფრო მეტად „შეავსებს“ კონტეინერს, მით უფრო უკეთეს მასწავლებლად მიიჩნევა; რაც უფრო თვინიერად „ავსებინებენ“ კონტეინერები თავიანთ თავს, მით უკეთესი მოსწავლეები არიან. გამოდის, რომ განათლება გადაიქცევა ინფორმაციული „შენატანების“ ან „დეპოზიტების“ განთავსების პროცესად, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთგვარი საცავები არიან, ხოლო მასწავლებლები – ამ საცავში „შემტანები“. (ფრეიერი, პ.)
„ჩვენ წინაშეა განათლების „საბანკო“ (ან შემზღუდველი) კონცეფცია, რომელშიც მოსწავლეს ეძლევა უფლება, მიიღოს ინფორმაციის ერთეული, გაანაწილოს იგი თაროებზე და მომავლისათვის შეინახოს. აქ არ არის შემოქმედება, არც გარდაქმნის შესაძლებლობა, არც ნამდვილი ცოდნა, რადგან შემეცნებისა და პრაქტიკის გარეშე ადამიანებს არ შეუძლიათ იყვნენ ადამიანურები.
ცოდნა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც იგი ახალი აღმოჩენის შედეგია, რომელსაც ადამიანები სამყაროს დაუღალავი, დაუდგრომელი, იმედით შთაგონებული შემეცნებისა და კვლევის დროს აღწევენ, სამყაროსგან მოუწყვეტლად, თავისნაირებთან თანამშრომლობისას“. (ფრეიერი, პ.)
ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, საინტერესო აღმოჩნდა, ავტორის მიერ, განათლების მიღების პროცესის, თავისუფლებისკენ სწრაფვისა და ჩაგვრისაგან გათავისუფლების ერთმანეთთან დაკავშირება.
„როდესაც უშვებს აზრს, რომ მოსწავლეები სრულიად უცოდინარები არიან, ამით მასწავლებელი გარდაუვლად ახდენს თავის, როგორც მოწინააღმდეგის პოზიციონირებას მოსწავლეთა წინაშე. ამავე დროს, ამ დაშვებით ვლინდება მასწავლებლის არსებობის აუცილებლობა. მოსწავლეები, გაუცხოებულნი ცოდნისაგან, თავისუფლებისგან გაუხცოებულ მონათა მსგავსად, აღიარებენ თავიანთ უცოდინრობას, როგორც მასწავლებლის არსებობის გამართლებას, მაგრამ, ნახსენები მონებისგან განსხვავებით, ვერასდროს მიდიან იქამდე, მიხვდნენ, რომ თვითონაც ასწავლიან მასწავლებელს“.
სკოლებში შემოსაზღვრული განათლების წესი ხელს უწყობს და განავითარებს დაპირისპირებას, რადგან ამ მეთოდის მიდგომა სწავლებისადმი და მასთან დაკავშირებული პრაქტიკა ჩაგვრის საზოგადოებას ასახავს. კერძოდ:
- მასწავლებელი ასწავლის – მოსწავლეები სწავლობენ.
- მასწავლებელმა ყველაფერი იცის, მოსწავლეებმა – არაფერი.
- მასწავლებელი ფიქრობს – მოსწავლეთა ნაცვლად ფიქრობს.
- მასწავლებელი ლაპარაკობს – მოსწავლეები მორჩილად უსმენენ.
- მასწავლებელი დისციპლინას ამყარებს – მოსწავლეები ემორჩილებიან დისციპლინას.
- მასწავლებელი აკეთებს არჩევანს და თავს ახვევს ამ არჩევანს – მოსწავლეები ემორჩილებიან.
- მასწავლებელი მოქმედებს – მოსწავლეებს აქვთ ილუზია მასწავლებლის მოქმედების წყალობით.
- მასწავლებელი განსაზღვრავს სწავლების პროგრამის შინაარსს – მოსწავლეები (რომლებსაც ისედაც არავინ არაფერს ეკითხება) ეთანხმებიან მას.
- მასწავლებელი არ მიჯნავს ცოდნის ძალას მისი პროფესიული ძალისგან და ამით უპირისპირებს მას მოსწავლეთა თავისუფლებას.
- სწავლების პროცესში მასწავლებელი სუბიექტია, მაშინ როცა მოსწავლეები მხოლოდ სწავლების ობიექტები არიან. (ფრეიერი, პ.)
ასევე, არ არის გასაკვირი, რომ განათლების „საბანკო“ კონცეფცია ადამიანს მართვად და ადაპტირების უნარის მქონე არსებად განიხილავს. რაც უფრო მეტად არიან დაკავებულნი მოსწავლეები მათთვის გადასაცემი შენატანების შეგროვებით, მით უფრო ნაკლებად ვითარდება მათში კრიტიკული აზროვნება, რომელიც შესაძლოა გაჩენილიყო, მათ რომ სამყაროსთან ურთიერთქმედება ჰქონოდათ, როგორც შემოქმედებს და გარდამქმნელებს.
ფრეიერის აზრით, „განათლება უნდა იწყებოდეს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის წინააღმდეგობების მოგვარებით, საპირისპირო პოლუსების შეთანხმებით და იმის აღქმით, რომ ორივე მხარე ერთდროულად არის მასწავლებელიც და მოსწავლეც“. (ფრეიერი, პ.)
პირადი პრაქტიკიდან და მოსწავლეთა სასწავლო პროცესზე დაკვირვების შედეგად, შემიძლია ვთქვა, რომ ავტორის ეს მოსაზრება – ჭეშმარიტებაა. მისი გათვალისწინება აუცილებელია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში და წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გარანტია. მოსწავლეთა და მასწავლებელს შორის არსებული წინააღმდეგობის მოგვარებას, მეც სწორედ ამ შეთანხმების მიღწევის საფუძველზე ვცდილობ. ამისათვის, ხშირად ვიყენებ მეთოდს: „გამიცვალე როლი.“ აქტივობის დროს, მე ვიკავებ მოსწავლის ადგილს, ხოლო მას დასმული პრობლემის გადაწყვეტას, საგაკვეთილო პროცესში კონკრეტული აქტივობის წარმართვას, ან სულაც გარკვეული საკითხის ახსნას ვთხოვ თანაკლასელებისთვის. მე, როგორც რიგითი მოსწავლე, ვიღებ მითითებებს და ვმონაწილეობ მის მიერ წარმართულ აქტივობებში. ასეთი აქტივობა, ზრდის მოსწავლეების მოტივაციას, ამაღლებს სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას და უჩენს განცდას, რომ მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის მოწინააღმდეგეები კი არა, არამედ ერთი გუნდის წევრები არიან და ერთად ისწრაფვიან გახდნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს არიან.
იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სკოლაში მასწავლებელი-მოსწავლის, როგორც მჩაგვრელ-ჩაგრულის დამოკიდებულების ჩამოყალიბება, სასურველია:
- მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეებს, რომ ისიც მზად არიან მათგან ისწავლოს.
- ზოგჯერ, მასწავლებელიც ცდება. მან ყველაფერი არ იცის. ეს სირცხვილი არ არის.
- მოსწავლეებმა უნდა იფიქრონ და ფიქრის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილებები. თავად გადაჭრან პრობლემები და დაბრკოლებები.
- მასწავლებელმა უნდა მისცეს საშუალება მოსწავლეებს, თავად შეადგინონ ქცევის წესები, რომელთაც დაიცავენ.
- პედაგოგმა უნდა შესთავაზოს სხვადასხვა დავალება, შესასწავლი საკითხი, აქტივობა, მოსწავლეებმა აირჩიონ სასურველი, თავად გააკეთონ არჩევანი.
სასწავლო პროცესში მასწავლებელი ფასილიტატორი უნდა იყოს, შემეცნების პროცესში წარმმართველნი, ცოდნის აღმომჩენნი – მოსწავლეები.
აუცილებელია ვიზრუნოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზეც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისეთი სქემებისა და დიაგრამების გამოყენება, რომელიც მოითხოვს მსგავსება-განსხვავებაზე აქცენტის გაკეთებას, სიტუაციის ანალიზს, ილუსტრირებას, ნაცნობი და უცნობი სიტყვების ურთიერთდაკავშირებას, მახასიათებლების ამოცნობას, ზუსტი და არაზუსტი მაგალითების შერჩევას. ასეთია მაგალითად „ფრეიერის სქემა,“ რომელსაც ხშირად ვიყენებ სასწავლო პროცესში.
ვფიქრობ, ჰუმანისტური პედაგოგიკის მიდგომებითაა შესაძლებელი ფრეიერის კონცეფციის განხორციელება საგანმანათლებლო სივრცეში. შემოქმედებითი, კრიტიკული და კრეატიული უნარების განვითარებით, შევძლებთ თავიდან ავირიდოთ მოსწავლის – როგორც ჩაგრულის აღზრდა და ჩავუნერგოთ მას თავისუფლებისაკენ სწრაფვა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ფრეიერი, პ. ჩაგრულთა პედაგოგიკა, თბილისი, 2005.
ალფაიძე, ლ. განათლება როგორც თავისუფლების პრაქტიკა, 2013.
ამავე თემაზე:
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი