GE

განათლების მინისტრი აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორს კონკურსის გარეშე დანიშნავს – ბრძანება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანებით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორს სამეცნიერო საბჭო აღარ აირჩევს, ამ თანამდებობაზე პირს თავად განათლების მინისტრი დანიშნავს.

ბრძანება, რომელსაც ხელს აწერს გივი მიქანაძე, უკვე ძალაშია.

ცვლილებების მიხედვით, ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე გამწესების წესი შემდეგნაირია:

1. ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

2. ობსერვატორიის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ობსერვატორიის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. ობსერვატორიის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შემდეგ შემთხვევებში:

  • უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე;
  • მინისტრისთვის წარდგენილი პირადი განცხადების საფუძველზე;
  • მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი იმ განაჩენის ძალაში შესვლის საფუძველზე, რომელიც შეუძლებელს ხდის ობსერვატორიის დირექტორის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას;
  • სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების საფუძველზე ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
  • გარდაცვალების/უგზო-უკვლოდ დაკარგვის საფუძველზე;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.

5. მინისტრი უფლებამოსილია, ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დანიშვნამდე, დანიშნოს ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

რაც შეეხება ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მას განათლების მინისტრი ათავისფულებს ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო ირჩევდა. საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და კონკურსის პირობებსაც თავად საბჭო ადგენდა, დირექტორის არჩევიდან 7 დღის ვადაში კი, მას თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს წარუდგენდა, წარდგენიდან 10 დღის ვადაში მინისტრი პირს ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავდა.

შეგახსენებთ, 2019 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: განათლების მინისტრის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური