განათლების მინისტრი პედაგოგებს სამუშაო ჯგუფთან ერთად ხვდება – პედაგოგების მოლოდინები
განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნული მინისტრი, გიორგი ამილახვარი, პედაგოგებთან შეხვედრას დღეს, 21 აპრილს მართავს. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, 100-მდე პედაგოგთან შეხვედრა სამინისტროში უკვე დაიწყო და მინისტრი მასწავლებლებს სამინისტროში შექმნილი, ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ხვდება.
მასწავლებლების პირველი მოთხოვნები:
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
მინისტრის პოზიცია:
შეხვედრა მედიისთვის დახურულია და EDU.ARIS.GE შეეცდება, ჩვენს მკითხველ პედაგოგებსა და არა მხოლოდ მათ, უფრო მეტი დეტალი მიაწოდოს და გითხრათ, რა საკითხებზე ისაუბრებენ მხარეები, იქნება თუ არა მიღწეული შეთანხმება მასწავლებლების ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით. დეტალების გარკვევამდე კი, შეხვედრაზე შესვლამდე, პედაგოგებმა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა ჩვენთან მოლოდინების შესახებ ისაუბრეს:
ირინა გოჩიტაშვილი, 67-საჯარო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი: ამ ეტაპზე შევდივართ თხოვნით მინისტრთან, რომ სტატუსის მოპოვება მოხდეს ან გამოცდის ან პორტფოლიოს საფუძველზე, იმიტომ, რომ სამი წლის განმავლობაში ვინც გამოცდას ველოდებოდით, გაჩერებული ვიყავით და გვინდა, ეს პირობა შეიცვალოს.
EDU.ARIS.GE კითხვაზე, თუ მოხდება ალტერნატიული შეთავაზება, პორტფოლიოს ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და მხარეები პორტფოლიოს გაუქმების გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდებიან, რა იქნება პედაგოგების პოზიცია, მათემატიკის პედაგოგმა გვითხრა, რომ “არა პორტფოლიოს” რჩება მასწავლებლების ძირითად მოთხოვნად და მათი პოზიცია არ შეიცვლება:
„არა პორტფოლიოს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა და არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით ასეთ შეთავაზებას! ამასთან, ვინაიდან ჩვენს კოლეგებს უკვე დაწყებული აქვთ პორტფოლიოს მზადების პროცესი, სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს მოთხოვნაც – სტატუსის მოპოვება ან გამოცდის, ან პორტფოლიოს საშუალებით, რადგან ვითვალისწინებთ მათ შრომას, ვინც უკვე დაიწყო პორტფოლიოს მზადება“.
EDU.ARIS.GE-მ ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, თამარ ცანავასაც ჰკითხა, რა არის პედაგოგთა ის ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც შეხვედრაზე დააყენებენ:
„ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა, რომელიც გვაქვს, არის ის, რომ გვქონდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები. გვქონდეს არჩევანის უფლება. იქ ვიღაცამ 3 წელი არ დაკარგოს, რომ გამოცდით შეჰპირდნენ სტატუსის ჩაბარებას, მერე გამოცდას პორტფოლიოც მიაბან და ასე დაუსრულებლად… ეს ყველაფერი კი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელმა მიიღოს ხელფასი. არის სხვა უამრავი პრობლემაც, მასწავლებელსა და მოსწავლეებს სკოლაში შიათ! ამ საკითხებსაც აუცილებლად დავაყენებთ შეხვედრაზე“.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენიათ კომუნიკაციის გაგრძელება სამინისტროსთან და რა ფორმატში გააგრძელებენ ურთიერთობას, თამარ ცანავამ განაცხადა, რომ პედაგოგებს აქვთ კონკრეტული გეგმა:
„იმ სამუშაო ჯგუფთან ერთად, რომელიც მინისტრმა შექმნა, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ მასწავლებლებიც და მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩვენც ვიყოთ ჩართული იმ პრობლემების მოგვარების პროცესში, რომელიც განათლების სისტემაშია. მასწავლებლები უნდა იყვნენ ჯგუფში!“.
განათლების მინისტრის გუშინდელი განცხადებით, სამინისტრო მომდევნო კვირებში პედაგოგებთან ინტენსიურ შეხვედრებს გააგრძელებს და გადაწყვეტილებები ცვლილებების შესახებ, მხოლოდ პედაგოგებთან მსჯელობის შემდეგ მიიღება.
ასევე იხილეთ:
„პატივცემულო მინისტრო!“ – მასწავლებლის წერილი-შეთავაზება განათლების მინისტრს
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება