„პატივცემულო მინისტრო!“ – მასწავლებლის წერილი-შეთავაზება განათლების მინისტრს
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის, 42-ე საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი 43-წლიანი სტაჟით, ანო სალაყაია დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, განათლების მინისტრთან შეხვედრას ვერ დაესწრება, თუმცა, გიორგი ამილახვართან საკუთარი წერილი-შეთავაზება კოლეგებს გაატანა და როგორც EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ეს “მხოლოდ მისი პირადი აზრია”.
ეს წერილი გავატანე საინიციატივო ჯგუფს:
პატივცემულო მინისტრო!
უპირველესად, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ჭირ-ვარამით დაინტერესებისათვის!
გაცნობებთ, რომ მასწავლებლების უკმაყოფილების მიზეზი ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს! გამოცდები (ვგულისხმობთ როგორც წამყვან-მენტორების, ასევე, საგნობრივსა და პროფესიული უნარებისას) და პორტფოლიოს წარმოება გახლავთ საბაბი და არა მიზეზი ათეულ წლობით მოუგვარებელი სოციალური საკითხებისა!
ჩვენი აზრით, მასწავლებელთა გაუთავებელი გამოცდები, პირველ რიგში, განათლების სისტემის შეურაცხყოფაა, შემდეგ საზოგადოებისა და სულ ბოლოს კი, მასწავლებლებისა! მასწავლებელი მისაბაძი მოდელი უნდა იყოს მოზარდისათვის! მასწავლებლის სახელის, ავტორიტეტის დამცირება-დაკნინებამ ლომის წილი შეიტანა სწავლა-სწავლების ხარისხის დონის საგრძნობლად დაცემაში.
თუ სურვილი და კეთილი ნება იქნება, სკოლაში არსებული პრობლემური საკითხების სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ მოგვარება ჯერ კიდევ შეიძლება. ამისათვის კი, საჭიროდ მივიჩნევთ:
1. შეწყდეს მასწავლებელთა დაუსრულებელი გამოცდები, რომლებიც უკვე მანიად გვექცა და თანდათან, ამდენი უბედურების ფონზე, სასაცილოდაც კი მოგვეჩვენება მოკლე და ქცევად წუთისოფელში!
2. უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებლებში სტუდენტებს ასწავლონ და მოსთხოვონ სახელმწიფო გამოცდებზე ყველაფერი ის, რაც მოეთხოვება თანამედროვე პედაგოგს. რადგან ცოცხალი თავით ვერ ველევით სქემასა და სტატუსებს, იქვე, უმაღლეს სასწავლებელში, მიანიჭონ კურსდამთავრებულებს პედაგოგის სათანადო სტატუსი. თუ სხვა პროფესიის ადამიანი (ვგულისხმობ, ვისაც დიპლომში არ უწერია მასწავლებელი) მოინდომებს პედაგოგობას, ჩააბაროს ეს განსხვავებული“საგნები“, მიენიჭოს სტატუსი და ისე მივიდეს სკოლაში.
3. მასწავლებელი, მასწავლებელია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურაში და, რა თქმა უნდა, ყველა უნდა სარგებლობდეს ერთნაირი პირობებით!
4. მასწავლებელთა საათობრივი განაკვეთი განისაზღვროს 15 საათით და არა 18 საათით, როგორც დღესაა, რადგან მასწავლებელი ვერ შეძლებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი 3-ზე მეტი გაკვეთილის ჩატარებას. (საბჭოთა სკოლაში ეს 18 საათი გათვლილი იყო ექვსდღიან სამუშაო კვირაზე და ითვალისწინებდა დღეში 3 გაკვეთილს).
5. სასწრაფოდ გადასახედი და შესაცვლელია სახელფასო პოლიტიკა! სასურველია, გაუქმდეს სტატუსები და მასწავლებლის საბაზო ხელფასი განისაზღვროს, მინიმუმ 1 500 ლარით; ყოველწლიურად გაიზარდოს 20%-ით მანამ, სანამ არ გაუთანაბრდება ევროპულ სტანდარტს. დღეს კი ეს არის ჩვენი ხელფასი, აკლდება 20% საშემოსავლო, 2% საპენსიო ფონდში მიდის, 1% პროფკავშირისაა (ვინც წევრია) და “რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?”.
უმთავრესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ ყველა მასწავლებლისათვის შემდეგი საკითხი: ხელფასი უნდა აგვინაზღაურდეს თვეში ჩატარებული საათებისა და არა კვირეული დატვირთვის მიხედვით. (ახლა ვატარებთ 72 საათს თვეში 18X 4=72 , ხელფასი კი გვეძლევა 18 საათისა, ანუ 4-ჯერ ნაკლები.)
ჩვენი აზრით, სტატუსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიბმული ხელფასთან. თუ, მაინცდამაინც გვსურს, მატერიალურადაც აღინიშნოს სტატუსის ამაღლება, შემოვიღოთ სიმბოლური თანხა, არაუმეტეს 100 ლარისა, რომ წამყვანობის ან მენტორობის სტატუსის მიღება არ გახდეს მასწავლებელთა თვითმიზანი და გამოცდაზე მასობრივად გასვლის მიზეზი. ყოველწლიურად უნდა მოემატოს მასწავლებელთა საბაზისო ხელფასს, სანამ ნელ-ნელა არ მიუახლოვდება ევროპულ სტანდარტს.
სტატუსის დანამატი არ გახლავთ ხელფასი და ნუ ვატყუებთ ერთმანეთს! სტატუსის დანამატი ხელფასზე მეტი როგორ უნდა იყოს?! სწორედ ეს, (არ ვიცი, მსუბუქად რა ვუწოდო) გადაწყვეტილება გახდა ამდენი მახინჯი მოვლენის საბაბი: მასწავლებლები თავგანწირულად ვიბრძვით, ვითომ, სტატუსის, სინამდვილეში კი საარსებო ლუკმაპურისათვის! მოსწავლე კი, გვერდზე გვრჩება!
მესმის, იქნება სტატუსისათვის მებრძოლი, ოჯახისაგან მატერიალურად უზრუნველყოფილი მასწავლებლებიც. რა თქმა უნდა, მათ, სურვილის შემთხვევაში, უნდა მიეცეთ სტატუსის ამაღლების საშუალება, მაგრამ, ანაზღაურებისათვის დანამატი არ უნდა აღემატებოდეს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის საფასურს!
6. დიდი ხანია გავიძახით, რომ სწავლა-სწავლების პროცესი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული! ეს კი მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასწავლებლის ხელფასი და შრომა დაფასდება მისი მოსწავლის შედეგით და არა რაღაც ბუნდოვანი „საერთაშორისო პროექტებით“, რომელთა, პირველ რიგში, საჭიროება, შემდეგ კი ობიექტური და გამჭვირვალე შეფასება შეუძლებელია, რადგან ყოველთვის ყველაფერი შედარებითია. მოსწავლის შედეგები კი განისაზღვროს ჩვენი აზრით, ძალიან გონივრული, მეექვსე, მეცხრე, მეთორმეტე კლასების დასრულებისას ჩატარებული ეროვნული გამოცდებით, რომლებშიც ყველა, მოსწავლე თანაბარ პირობებში იქნება და სპეციალური კომისია შეამოწმებს მათ ნაშრომებს, ობიექტურად.
ბოლოს და ბოლოს ამოქმედდეს ცენტრალიზებულად, მკაცრად და ობიექტურად ჩატარდეს მოსწავლეთა გამოცდები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დამერწმუნეთ, მაშინ გაცილებით ნაკლები მენტორი გეყოლებათ: არც დიდი თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან სახელფასო დანამატისათვის, ვიდრე ამ ყბადაღებული გამოცდების შემდეგ, რომლის შედეგიანობისა და ობიექტურობისა თვით ამ სქემის შემქმნელებსაც კი არ სწამთ!
მოსწავლეები და მასწავლებლები იქნებიან მოტივირებულნი, რაც ხელ შეუწყობს სკოლის მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას. მიზანიც ხომ ეს არის და არც მასწავლებელთა დამცირება- გამასხარავება გახდება საჭირო. ზნეობრივადაც მართალი იქნება სამინისტრო!
მოსწავლეს, ვინც ვერ დაძლევს ბარიერს, უნდა მიეცეს კურსის გამეორების საშუალება. ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს სასურველ შედეგს. თავს არ მოიტყუებს არც მასწავლებელი, არც მოსწავლე, არც მშობელი, არც სამინისტრო და საზოგადოება! მოგებული დარჩება ქვეყანა და ადამიანები!
7. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24-ს.
8. დაიხვეწოს სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები.
9. ეროვნული გამოცდების მოთხოვნები იყოს სასწავლო პროგრამების შესაბამისი .
10. მასწავლებლებს გადაეცეს საგნების მიხედვით მასწავლებელთა სახლის, დარგის ექსპერტების მიერ მომზადებული ყველა კლასის კურიკულუმი, სანიმუშო მატრიცები, თვალსაჩინო დიდაქტიკური მასალა. ვთვლით, რომ ეს მათი გასაკეთებელი საქმეა!
11. მასწავლებელს, სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გადაეცეს მეთოდური ლიტერატურა, მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკითხები იმ დოკუმენტაციის შესახებ, რომლებსაც პედაგოგისაგან მოითხოვენ წლის მანძილზე.
12. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მასწავლებელმა 4 წელიწადში ერთხელ გაიაროს უფასო ტრენინგი და მიეცეს შესაბამისი სერტიფიკატი, გავლილი მასალის ჩათვლის საფუძველზე.
13. სკოლის პერიოდში, ქალაქად თუ სოფლად, მასწავლებელს მიეცეს უფასოდ მგზავრობის უფლება.
14. მიეცეს უფასოდ მკურნალობის უფლება.
15. მასწავლებელს უფასოდ გადაეცეს იმ კლასის სახელმძღვანელოები, რომლებსაც ასწავლის.
16. მასწავლებლები უნდა სარგებლობდნენ დაბალი პროცენტის მქონე საბანკო სესხით მანამ მაინც, სანამ არ გაუთანაბრდება ჩვენი ხელფასი ევროპელი მასწავლებლების ხელფასს.
17. წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდეს მისი მოსწავლეების აკადემიური მაჩვენებლებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით.
18. მასწავლებლებს მიეცეს სასწავლო წლის ბოლოს მეცამეტე ხელფასი.
19. მკაცრად გაკონტროლდეს მოსწავლეთა დასწრება გაკვეთილებზე და საპატიოდ ჩაეთვალოს მხოლოდ ავადმყოფობის გამო გაცდენილი საათები, რომლებიც ექიმის მიერ გაცემული ცნობით იქნება დადასტურებული.
20. ყველა სკოლის შესასვლელში დაიდგას ისეთი მოწყობილობა, რომელიც დააფიქსირებს სკოლაში მოსწავლისა და მასწავლებლის შესვლასა და გასვლას.
21. როგორმე უნდა მოვაგვაროთ მოსწავლეთა მიერ მობილურების სკოლაში ტარება-გამოყენების საკითხი.
ჩვენი უკმაყოფილების და ამ სახით სამინისტროსათვის მიმართვის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მძიმე სოციალური საკითხებია, რომლებთან შედარებით, გამოცდების არაობიექტურობა და პორტფოლიოს წარმოება რა მოსატანია!
ალბათ იკითხავთ, მასწავლებლები რას გავაკეთებთო? თუ სათანადო პირობებს შეგვიქმნით, ჩვენგანაც მკაცრად მოითხოვეთ მაქსიმუმი შრომა! ასეთ შემთხვევაში ვნახავთ, რა მალე დაედება ფასი სწავლასაც, შრომასაც, დაფასდება მასწავლებელიც და ამოიფხვრება ჩრდილოვანი ეკონომიკის ის ნაწილიც, რომელსაც რეპეტიტორობა ჰქვია! დამერწმუნეთ, თუ არსებობისათვის საჭირო გარანტირებული ხელფასი ექნება მასწავლებელს, არავის მოუნდება რეპეტიტორობა.
ანო სალაყაია
20.04.2023 წ.
ასევე იხილეთ:
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება