GE

„განათლების მინისტრს წასვლა მოუწევს“ – პრაქტიკოსმა პედაგოგებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„მიხეილ ჩხენკელს წასვლა მოუწევს“ – „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი“ და პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, უახლოეს დღეებში, პრემიერ-მინისტრს განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმართავენ.

პედაგოგებმა, რომლებმაც 2022 წლიდან სისტემა უნდა დატოვონ, დღეს, 12 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ჩხენკელის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა აუდიენცია არ შედგა.

„პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი“ მიმართავს პრემიერ-მინისტრს, გადააყენოს მიხეილ ჩხენკელი, და შემდეგ, როგორც თამარ სანიკიძეს მოუწია, ისე მოუწევს წასვლა ამ ადამიანს, რომელსაც არ აღმოაჩნდა პედაგოგებთან შეხვედრის უნარი… ჩვენ აქციებს ვმართავთ იმ პედაგოგების დასახმარებლად, რომლებიც საერთოდ სტატუსის და არამხოლოდ სკოლის მიღმა რჩებიან. ეს არის მიუღებელი… პედაგოგები დღეს, აქციაზე ითხოვენ, რომ სტატუსი არ შეუწყდეთ და შუა ზამთარში არ გაყარონ სკოლებიდან. მერამდენე აქციაა უკვე, რაც ვითხოვთ პირველ პირებთან შეხვედრას. ისინი დიალოგზე ვერ მოდიან“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ.

აქციაზე შეკრებილი მასწავლებლები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს მიმართონ.
„უარი გვითხრეს შეხვედრაზე იმ მიზეზით, რომ არ არის სამსახურში. როდის არის სამსახურში? რამდენჯერ უნდა მოვიდეთ? ამის შემდეგ ჩივილს ვაპირებთ. საინტერესოა, რაში იღებს ჩხენკელი ხელფასს, როდესაც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არ არის“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას წყალტუბოდან ჩამოსულმა დაწყებითი კლასის პედაგოგმა, ნელი განცელაძემ.

კიდევ ერთმა მასწავლებლმა, არსენა ნიკოლაძემ, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელია, გვითხრა, რომ მასწავლებლის სისტემის მიღმა დატოვება უსამართლოა.

„საგანი ჩაბარებული მაქვს. მთხოვენ ჯგუფში მომუშავე მასწავლებლის პროფესიულ უნარებს, რაშიც დამაკლა ქულა. სპორტის მასწავლებლებს აქვთ სხვა სტანდარტი… აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თუ იანვრიდან სამსახურიდან გამიშვებენ, ეს იქნება უსამართლო“, – აცხადებს არსენა ნიკოლაძე.

მუსიკის მასწავლებელი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლიდან სამინისტროსგან ითხოვს პასუხს, თუ რატომ უწოდებენ ჩაჭრილს და რატომ ართმევენ დიპლომს მხოლოდ ორკრედიტიანი სხვაობის გამო.

„ჩაბარებული მაქვს ორივე საგანი – პროფესიული უნარებიც და საგნის კომპეტენციაც დადასტურებული. მთლიანობაში მაქვს 17 კრედიტი, მაკლდება ორი. ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ შემეძლო ეს შემევსო დამატებითი აქტივობებით. მაინტერესებს, რის საფუძველზე მიშვებს განათლების სამინისტრო სისტემიდან და მიუქმებს დიპლომს და რატომ არ მაძლევს საშუალებას, ობოლი შვილი გავზარდო და რატომ მეძახის ჩაჭრილს“, – განაცხადა შორენა მიღდისელმა.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, გადაწყვიტეს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაეგრძელებინათ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში, საგნის გამოცდაზე გასული 5 340 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა მასწავლებელმა და მოქმედი კანონის თანახმად, სკოლა მათ ადგილას ვაკანსიას გამოაცხადებს. „სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უსტატუსო მასწავლებელს მეორე სემესტრიდან სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა ექნება, კადრების დეფიციტი იქნება. კანონი განმარტავს, რომ მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ დაასაქმოს.

ასევე იხილეთ:

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური