განათლების სამინისტრო 377 გათავისუფლებული თანამშრომლის შესახებ საჯარო ინფორმაციას მალავს
„ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი“, – იმოქმედა თუ არა თავისი სიტყვების შესაბამისად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამინისტროდან თანამშრომლების გაშვების დროს და დატოვა თუ არა მხოლოდ კვალიფიციური კადრები, უცნობია. თუმცა ცნობილია 10%–იან ოპტიმიზაციას შეწირულ თანამშრომელთა რიცხვი. 377 ადამიანი გათავისუფლდა სამინისტროდან და მისი 6 სსიპ-იდან. კიდევ 3 ცენტრში ჯერ არ დასრულებულა რეორგანიზაციის პროცესი.
სამინისტრო პასუხგაუცემლად ტოვებს ჩვენ მიერ სამგზის საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვილი ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს და გულმოდგინედ მალავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა თანამდებობა ეკავათ, რამდენი იყო თითოეული ამ გათავისუფლებული თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება და/ან დანამატი. შესაბამისად რთულია ერთმნიშვნელოვანი შეფასების გაკეთება, რეალურად წაადგა თუ არა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ე.წ. ქამრების შემოჭერის პროცესს, ამ შემთხვევაში, ჯეჯელავას უწყებაში განხორციელებული ოპტიმიზაცია.
„გაცნობებთ, რომ 2016 წლისათვის დამტკიცებული გეგმით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (პროგ. კოდი 32 00) ,,შრომის ანაზღაურების” მუხლში გათვალისწინებული იყო ასიგნებები 26 777.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო, 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებულია 21 921.0 ათასი ლარი, სხვაობა შეადგენს 4 856.0 ათას ლარს“, – განგვიცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
“რომელ დეპარტამენტშიც გვაკლია ხალხი, იქ დავიმატებთ, ხოლო რომელ დეპარტამენტშიც მეტი ხალხი გვყავს, იქ მოვიკლებთ”, – ამბობდა სამინისტროს ოპტიმიზაციის დაანონსებისას განათლების და მეცნირებების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
EDU.ARIS.GE-მ სამინისტროს ჰკითხა, სად რამდენი ადამიანი მოიკლეს და სად დაიმატეს. ჩვენ შემდეგ საკითხებზე ვითხოვეთ უწყებიდან ინფორმაციის მოწოდება: მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაციის ფარგლებში, სულ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან; როგორია ეს მონაცემები საგანმანათლებლო რესურსცენტრების და სსიპ-ების მიხედვით; რომელ სსიპ-ში რამდენი ადამიანი გათავისუფლდა; რა თანამდებობები ეკავათ და რა ანაზღაურება ჰქონდათ მათ; ასევე წლიურად რამდენს შეადგენდა ყველა გათავისუფლებული თანამშრომლის ანაზღაურება და რა თანხა დაიზოგა როგორც მთლიანი სამინისტროს მიერ, ასევე თვითონ ცალკეულ სსიპ-ში თანამშრომლების გათავისუფლებით.
პირველ ჯერზე, 14 თებერვალს, 31 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად გვაცნობეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატში 2017 წლის 9 თებერვლიდან გათავისუფლდა 10 თანამშრომელი (განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროგრამა). მათგან ერთი სამმართველოს უფროსი იყო, რომლის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 1660 ლარს; ერთი უფროსი სპეციალისტი, 950 ლარი თანამდებობრივი სარგოთი თვეში; 8 მთავარი სპეციალისტი, 1180 ლარი თანამდებობრივი სარგოთი თვეში. დარიცხული ხელფასი თანამდებობრივ სარგოზე მეტი ჰქონდათ. მათ ასევე მიიღეს კომპენსაცია, ყველამ ერთად 24 100 ლარი. ეკონომია კი სამინისტრომ 93743,00 ლარის გააკეთა. სამინისტრო მალავს რომელი სამმართველოს ხელმძღვანელზეა საუბარი და რისი სპეციალისტი იყო მასთან ერთად გათავისუფლებული 9 პირი.
სხვა მონაცემი სამინისტროს ჩვენთვის პირველ ჯერზე არ მოუწოდებია და მათი როგორც წერილობითი, ისე სიტყვიერი პასუხიდან გამოვიდა, რომ ცალ-ცალკე უნდა მიგვემართა სამინისტროს სსიპ-ებისთვის, რომ მიგვეღო რეორგანიზაციის შედეგების შესახებ მათგან ინფორმაცია. კანონის თანახმად კი, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაა, თავად გამოითხოვს სსიპ-ებისგან სამინისტრო ინფორმაციას და აწოდებს ადრესატს, რაც სხვა დროს არაერთხელ გაუკეთებია ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო 2017 წლის 9 იანვარს და დასრულდა 2017 წლის 9 თებერვალს“, – გვიპასუხეს უწყებაში მორიგი მიმართვის შემდეგ. გამოვიდა, რომ როდესაც უწყება პირველ ჯერზე გამოთხოვილ ინფორმაციას გვიგზავნიდა, რეორგანიზაცია უკვე დასრულებული იყო, თუმცა სრული მონაცემები არ მოგვაწოდეს.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მეორე და მესამე მცდელობაზე, სამინისტრომ ინფორმაცია მოგვაწოდა იმ სსიპ–ების შესახებ, სადაც კი ჩატარდა რეორგანიზაცია, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც წერილში ვითხოვდით და რისი შესაბამისი სიტყვიერი დაპირებაც მივიღეთ საჯარო ინფორმაციის გამცემი პირის მარიამ ძიძიგურისგან. მათ არ მიუთითებიათ არც გათავისუფლებულ თანამშრომლეთა თანამდებობები და ანაზღაურება. გამოთხოვილი ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის არმოწოდების განმარტება უწყებას ოფიციალურ წერილში არ გაუკეთებია. სატელეფონო საუბარში კი ერთსა და იმავე თემაზე უკვე მეოთხედ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის რჩევა მივიღეთ. „ჩემს ხელში მეტი ინფორმაცია არ არის“, – გვპასუხობს მარიამ ძიძიგური.
სამინისტროდან EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაიმატეს 9 თანამშრომელი, ისიც შტატგარეშე. თუმცა 25 შტატიანი თანამშრომელი გაუშვეს. ყველაზე მეტი 123 ადამიანი მანდატურის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვინაიდან მთლიანად გაუქმდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა, რომელსაც 2013 წლიდან საპილოტე რეჟიმში ახორციელებდა მანდატურის სამსახური. ყველაზე ცოტა 5 ადამიანი განათლების საერთაშორისო ცენტრიდან გათავისუფლდა. იქაც იმიტომ, რომ გაუქმდა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სამსახური, სადაც 3 თანამშრომელი იყო მხოლოდ დასაქმებული. მთლიანობაში კი ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სამინისტროდან დათხოვნილია 377 ადამიანი.
განათლების და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებული ოპტიმიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლთა შესახებ ინფორმაცია შემდეგია:
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეორგანიზაციის საფუძველზე, სამინისტროს დამტკიცებული საშტატო ნუსხა, რომელიც განისაზღვრებოდა 218 საშტატო ერთეულით, შემცირდა და განისაზღვრა 188 საშტატო ერთეულით, რაც პროცენტულად შეადგენს შტატების შემცირებას 14%-ით.
ასევე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო რიცხოვნობა, რომელიც განისაზღვრებოდა ჯამურად 377 საშტატო ერთეულით, რეორგანიზაციის შედეგად, განისაზღვრა ჯამურად 319 საშტატო ერთეულით, რაც პროცენტულად შეადგენს შტატების შემცირებას 16%-ით. რეორგანიზაციის პროცესში, სამინისტრომ მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის განახლება 27 შტატგარეშე მოსამსახურესთან, რაც სამინისტროს აპარატში შტატგარეშე მოსამსახურების რაოდენობას ამცირებს 19%-ით.
მანდატურის სამსახური
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის N163/N ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც 2017 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა. აქვე გაცნობებთ, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2013 წლიდან საპილოტე რეჟიმში ახორციელებდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ამოცანად დაისახა განხორციელებულიყო პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავება, პროფორიენტაციისა და კარიერის სისტემის საჯარო სკოლებში დანერგვა და შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით მანდატურის სამსახურის საშტატო ნუსხას გამოაკლდა 108 ერთეული, ხოლო სამსახურში ოპტიმიზაციის ფარგლებში შემცირდა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) 15 ერთეული, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, მანდატურის სამსახურის საშტატო ნუსხა ნაცვლად 224 ერთეულისა განისაზღვრა 101 ერთეულით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში განხორციელდა კადრების ოპტიმიზაცია. 2017 წელს შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუფორმდა 34 შტატგარეშე დასაქმებულ თანაშრომელს, რომელთა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2016 წლის 31 დეკემბერს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაციამდე შტატით დასაქმებული იყო 168 თანამშრომელი და 46 შტატგარეშე თანამშრომელი (აქედან, 42 პირის შრომის ანაზღაურება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და 4 პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს პროექტებიდან). რეორგანიზაციის შემდეგ შტატით დასაქმებულია 143 თანამშრომელი. ამ დროისათვის სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დასაქმებულია 55 შტატგარეშე თანამშრომლით (აქედან 49 პირის შრომის ანაზღაურება – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 3 პირის – კერძო პროექტებიდან და 3 პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს პროექტებიდან).
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საშტატო ნუსხა 2016 წლის 01 მარტიდან განისაზღვრა 57 ერთეულით. 2017 წლის 21 თებერვლის მონაცემებით, შტატით განსაზღვრული თანამშრომელთა რაოდენობა არის 41. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელდა 14 თანამშრომელს: დაკისრებულ ფუნქციათა სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტო წლის მანძილზე შრომით ხელშეკრულებებს აფორმებს კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 2017 წლიდან განხორციელდა ცენტრის არამხოლოდ სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია, არამედ – რეორგანიზაცია. ამასთან, ამავე პროცესების ფარგლებში, 2016 წლის დეკემბერში, დამტკიცდა ცენტრის სტრატეგიის დოკუმენტი 2016-2020წწ., რომელიც ეფუძნება საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად შეიცვალა ცენტრის სტრუქტურაც. ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის შედეგად ცენტრის საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 5 ერთეულით. ამასთან, ცენტრში 2016 წლის მდგომარეობით შტატგარეშედ მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 95 ერთეულს, ხოლო ამ ეტაპზე შეადგენს 90 ერთეულს. დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებელი ცენტრის შტატგარეშე მომუშავეთა ზღვრული რაოდენობა 2016 წელთან შედარებით შემცირდება 49 ერთეულით.
განათლების საერთაშორისო ცენტრი
ასევე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N180/ნ ბრძანებით განისაზღვრა ცენტრის ახალი ფუნქციები, რომლებიც არ ითვალისწინებს, მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავებას. შესაბამისად, გაუქმდა სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სამსახური. აღნიშნულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო სამი თანამშრომელი. ასევე, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სამსახურის სტანდარტების დადგენის მიმართულების კოორდინატორს და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სამსახურის მენეჯერს შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ 2016 წლის 31 დეკემბერს”, – წერია EDU.ARIS.GE-სთვის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება განათლების და მეცნიერების სხვა სსიპ-ებს, 3-ში ოპტიმიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში რეორგანიზაციის დასრულების ვადა არის 2017 წლის 28 თებერვალი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში – 2017 წლის 16 მარტი; ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მიმდინარე წლის 1 აპრილი.
საგანმანათლებლო რესურცენტრებში განათლების სპეციალისტის რაოდენობა გაორმაგდება – ალექსანდრე ჯეჯელავა
ვის უშვებს განათლების სისტემიდან ჯეჯელავა – გათავისუფლდება 250-მდე ადამიანი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
