GE

განათლების სამინისტრომ 24 საპარლამენტო დავალებიდან მხოლოდ 2 შეასრულა – უახლესი ანგარიში და სპეციალისტის შეფასება

2022 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. 116 გვერდიანი დოკუმენტიდან დეტალურ ინფორმაციას ვიღებთ იმ დავალებების შესრულების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის წარდგინებითა და 2021 წლის 12 ივლისის შესაბამისი დადგენილებით, ყველა სახელმწიფო უწყების მიმართ გასცა.

სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ 24 დავალება იყო გაცემული, რომელთაგანაც სრულად მხოლოდ 2 შესრულდა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა დავალებები ჰქონდა სამინისტროს მიცემული და როგორია ამ დავალებების შესრულების სტატისტიკა. უახლესი ანგარიშის ანალიზისთვის განათლების ადმინისტრირების მაგისტრსა და განათლების სპეციალისტს, ანა მარდალეიშვილს ვესაუბრეთ.
სანამ ჩვენი რესპონდენტისგან შეფასებებს მოისმენთ, გაგაცნობთ სტატისტიკას, რომელსაც ანგარისში გავეცანით.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შესრულდა: 2
  • არ შესრულდა: 12
  • ნაწილობრივ შესრულდა: 7
  • ობიექტური მიზეზის გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1
  • რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილება: 2“.

გაცემული დავალებების არასრული ჩამონათვალი შინარსობრივად ასე გამოიყურება: ეროვნული გამოცდების ორგანიზების პროცესში გამოსაცდელების რელიგიური საჭიროების გათვალისწინება; ადრეული ქორწინებისა და სექსუალური განათლების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება; საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფა; სასკოლო სახელმძღვანელოები და რეცენზირების სააპელაციო კომისიაში ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტთა მონაწილეობა; კორონავირუსის შემდგომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსის მხარდაჭერა; კვლევა ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების მიზეზების გამოსავლენად და საჭიროებების შესაბამისად, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკის შესამცირებლად; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებათა გაუმჯობესება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების დაგეგმვა…

მას შემდეგ, რაც დოკუმენტს გავეცანით, ჩვენს რესპონდენტს, ანა მარდალეიშვილს შეუსრულებელ ან ნაწილობრივ შესრულებულ დავალებებზე ვკითხეთ, ფიქრობს თუ არა, რომ მათი შესრულება სამინისტროს მხრიდან აუცილებელი იყო.

„მინდა აღვნიშნო, რომ ანგარიშში წარმოდგენილია სწორედ ის დავალებები, რომლებიც ალბათ, ყველანი ვისურვებდით, რომ სრულდებოდეს. პირადად მე, განსაკუთრებით მომხდა თვალში ის დავალებები, რომლებიც ვერ შესრულდა ან შესრულდა ნაწილობრივ. ანგარიშში თვალი მოვკარი ასეთ ჩანაწერს: „მოხდეს ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის სრულად ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაში და გატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებში ამ კომპონენტის სწავლების უნარების გამომუშავებისთვის“ – სკოლებში დღემდე არ შეუტანიათ სექსუალური განათლების საგანი და არც იგეგმება, ეს ძალიან ცუდია. არასრულწლოვანთა ორსულობის შემთხვევები მატულობს, ჩვენ ისიც კი არა ვიცით, რა რაოდენობის შემთხვევებზეა საუბარი, სტატისტიკა დღემდე არ გვაქვს. ასევე, ვერ ვხედავ სტრატეგიებს, როგორ აპირებენ არასრულწლოვანი დედების სკოლაში დაბრუნებას“, – გვითხრა განათლების ადმინისტრირების მაგისტრმა.

ჩვენმა რესპონდენტმა შეუსრულებელ და ნაწილობრივ შესრულებულ დავალებებში არაქართულენოვანი სკოლების და ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული დავალებები ცალკე განიხილა და თქვა, რომ სანამ ეს დავალებები არ შესრულდება, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ყოველთვის ექნებათ ბარიერები განათლების სისტემაში.

„ამ თემებთან დაკავშირებით, პირადად მქონია ეროვნული უმცირების მოსწავლეებთან დიალოგი. მათი სახელმძღვანელოები არ არის სათანადოდ შედგენილი. ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფო მათ თემში აგზავნის გადამზადებულ მასწავლებლებს, გაკვეთილები მაინც მათ ენაზე მიმდინარეობს, რადგან მთელი კლასი იტანჯება – არ ხდება ამაზე მონიტორინგი და რეაგირება. ასევე უთქვამთ, რომ ტელევიზია მათ სოფლებში ქართულ არხებს არ აჩვენებს, ან ისინი მოწყვეტილი არიან ტექნლოგიურ პროგრესს, რაც ქალაქშია და ასე შემდეგ. ჩვენ გვჭირდება შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები. რეალური ნაბიჯები, რომელიც დღემდე უშედეგოა და სამწუხაროდ, ამას წარმოდგენილ ანგარიშშიც ვხედავთ“, – განგვიცხადა ანი მარდალეიშვილმა.

მისივე თქმით, შეუსრულებელ დავალებებთან ერთად, სრულყოფილად გაეცნო შესრულებულ დავალებებსაც და ფიქრობს, რომ თუ სამინისტროს მიერ მეტი დავალება შესრულდებოდა, ნაკლები გამოწვევები იქნებოდა არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ ზოგადად, საზოგადოებაში.

„მინდა, გამოვყო სამინისტროს მიერ შესრულებული დავალებები. ასეთი ჩანაწერი, შეფასებით – „დავალება შესრულებულია“ ანგარიშში მხოლოდ ორის შემთხვევაში შეგვხვდა:

1.პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები, რომლებითაც გათვალისწინებულია სტუდენტების სტიპენდიით ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
2.საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შეწყვეტილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში თითოეული რეცენზენტისთვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე საგნობრივი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა.

ვისურვებდი, რომ სხვა დავალებებიც ასევე წარმატებით შესრულებულიყო, ეს ჩვენი განათლების სისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემებიც უფრო შემცირდებოდა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს განათლების ადმინისტრირების მაგისტრმა და განათლების სპეციალისტმა, ანა მარდალეიშვილმა.

ასევე იხილეთ:

„საინტერესოა ფიქრობს თუ არა მთავრობა, რომ ტრენინგები რომლებსაც პედაგოგები გადიან არაეფექტურია“ – სპეციალისტი მთავრობის ხედვაზე განათლებაში

„45 წუთიანი გაკვეთილი პირველკლასელისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“ – გახანგრძლივებულის პედაგოგი მოსწავლეთა პრობლემებზე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური