GE

„საინტერესოა ფიქრობს თუ არა მთავრობა, რომ ტრენინგები რომლებსაც პედაგოგები გადიან არაეფექტურია“ – სპეციალისტი მთავრობის ხედვაზე განათლებაში

2022 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნდა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელშიც გაწერილია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულება და ის ამოცანები, რომლებიც მთავრობას სფეროს განვითარებისთვის გააჩნია.

გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა

მათ შორის არის განათლების მიმართულებაც და ის გამოწვევები თუ პრობლემები, რაც ზოგადი განათლების გაჯანსაღებისთვის სახელმწიფომ უნდა დაძლიოს.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, როგორ აფასებენ მთავრობის მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით დასახულ ამოცანებს განათლების სფეროს აქტიური წევრები. ვესაუბრეთ მზია აზნიაშვილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მაგისტრსა და ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგს. ჩვენი რესპონდენტი ღიად საუბრობს თუ რა დაინახა და რის დანახვას ისურვებდა მთავრობის ხედვის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში.

– სანამ ამოცანებზე გკითხავდეთ, თქვენ გაეცანით დოკუმენტს და პირველ რიგში რომ გვიპასუხოთ, მთავრობის მიერ აღიარებული რომელი პრობლემები მოგხვდათ თვალში და როგორ ფიქრობთ, ზოგადი განათლების სფეროში არსებული გამოწვევები სრულყოფილად იყო წარმოდგენილი დოკუმენტში?

– დღესდღეობით იმდენად ბევრი პრობლემა და გამოწვევაა ზოგადი განათლების სფეროში, რომ აღნიშნული დოკუმენტიც ვერ დაიტევს. დავინახე, რომ მთავრობა აღიარებს იმ პრობლემებს, რომლებიც სფეროში არსებობს. მაგალითად იმას, რომ არის კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი, იმასაც, რომ განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ბარიერები არ უნდა არსებობდეს. აღიარებს ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, სოციალური პოლიტიკის საჭიროებას და კიდევ უამრავ პრობლემურ საკითხს, თუმცა როგორ ესახებათ ამ პრობლემების მოგვარება და ეფექტურია თუ არა მათი სტრატეგიები, ეს ცალკე განხილვის საკითხია.

– სწორედ ესაა ჩვენი მომდევნო კითხვაც. ამოცანები, რომლებსაც მთავრობა ამ პრობლემების გადასაჭრელად ასახელებს, ადეკვატური და საკმარისია სფეროში არსებული პრობლემების დაძლევისთვის?

– წარმოდგენილი ამოცანები უფრო ზოგადია და ვფიქრობ, მეტ კონკრეტიკას და სიღრმისეულ გამოკვლევას მოითხოვს. კარგია, რომ მუშაობა დაიწყება სოციალური და ემოციური გარემოს გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით საჯარო სკოლებია ამ კუთხით საყურადღებო. კარგი იქნება, თუ სოფლის სკოლებით დაიწყება პრობლემების მოგვარება და სასკოლო გარემოს გაუმჯობესება. ბევრი სკოლა ვიცი, სადაც ჯერ კიდევ კვამლის სუნში უწევთ მოსწავლეებს განათლების მიღება ან ე.წ „დენის პლიტებთან“. ასევე საინტერესოა, როგორ აპირებენ მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების მოდერნიზებას. იმდენად დიდი ბარიერები ხვდებათ დამწყებ მასწავლებლებს სკოლაში შესასვლელად, რომ ვფიქრობ, ეს მიმართულება საკმაოდ საყურადღებოა. საჯარო სკოლაში გამოცხადებული ვაკანსიები და გასაუბრებები მეტ გამჭვირვალობას და ობირქტურობას მოითხოვს. პირადად ვყოფილვარ გასაუბრებაზე და ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს იყო მხოლოდ ფორმალობა. კარგია, რომ ყურადღება მიექცევა ინკულზიური განათლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. დღესდღეობით ესეც დიდი პრობლემაა ძალიან ბევრ სკოლაში. ასევე, მისასალმებელია პედაგოგთა გადამზადებაც ამ კუთხით.

– პირადად თქვენ რომელ ამოცანას გამოყოფდით და რატომ?

– განსაკურებით თვალში მომხვდა ერთი ამოცანა, რომელიც მთავრობსას აქვს დასახული. „მთავრობა ხელს შეუწყობს სოციალური და ემოციური გარემოს გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოს განათლების ყველა დონეზე მსწავლელთა ჰოლისტური განვითარება. კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების ფონზე გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება გამოიკვეთა სასკოლო კლიმატისა და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდამდე სკოლებში მოსწავლეთა მეოთხედი ბულინგის მსხვერპლი იყო, სასკოლო გარემოსთან ინტეგრირებულად კი თავს მხოლოდ მოსწავლეთა ნახევარი (56%) გრძნობდა (OECD, 2019)“.

სასკოლო გარემოსთან 56% რომ გრძნობს თავს ინტეგრირებულად, ეს ასე ადვილი მოსაგვარებელი პრობლემა არ არის და ამ ფონზე, როცა ქვეყანაში ყველაფრის ფასი ყოველ დღიურად იზრდება, არ მგონია, ადვილი მოსაგვარებელი იყოს. რვეული, რომელიც გუშინ 0.50 თეთრი ღირდა, დღეს 2 ლარამდე ღირს და თუ ასე გაგრძელდა, თუ მშობელს ისევ არ ექნება იმის საშუალება, რომ ბავშვს სასკოლო ნივთები შეუძინოს, ეს მხოლოდ საუბარი გამოვა. რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ იმ ოჯახების მიმართ, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ეფექტური სოციალური პოლიტიკა უნდა დაიგეგმოს.

ასევე, თვალში მომხვდა ეს ამოცანაც: „აქცენტი გაკეთდება მასწავლებლების მხარდაჭერაზე იმ კომპეტენციების განსავითარებლად, რომლებიც მათ სწავლა-სწავლების პროცესში დიფერნცირებული, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში დაეხმარება“. საინტერესოა, ფიქრობს თუ არა მთავრობა, რომ ტრენინგები რომლებსაც პედაგოგები გადიან არაეფექტურია, ამ ამოცანაში ეს ხაზი ნამდვილად ვერ დავინახე, რომ იგეგმება რაღაც ალტერნატიული. ვისურვებდი რომ დამენახა, უფრო მეტი კონკრეტიკა, რადგან ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ ეს საკითხი აუცილებლად და დროულად გადასახედია.

– როგორც პედაგოგსა და ზოგადი განთლების სპეციალისტს, რა მოლოდინები გაქვთ და როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება მთავრობას ამ ამოცანების შესრულებისთვის?

– ჩემი კოლეგების მსგავსად, რასაკვირველია, მეც მინდა მქონდეს მაღალი მოლოდინები, თუმცა ის ამოცანები, რომლითაც მთავრობას არსებული პრობლემების გადაწყვეტა წარმოუდგენია, ვფიქრობ, ზოგადია და არ ეფუძნება დარგში არსებული პრობლემების კვლევას, რაც მაფიქრებინებს, რომ რეალურ ცვლილებებს რამდენიმე წელი მაინც არ უნდა ველოდოთ.

ზოგადი განათლების სფეროში გადასადგმელი ნაბიჯები მთავრობის ხედვაში ასეა წარმოდგენილი:

„ამოცანა 6.2: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თითოეული მოსწავლისათვის მაღალ მისაღწევ შედეგებზე დაფუძნებული, რელევანტური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სრულფასოვნად განავითაროს აკადემიური, პიროვნული, სოციალური და სწავლის კომპეტენციები.

მთავრობა ასევე ხელს შეუწყობს სოციალური და ემოციური გარემოს გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოს განათლების ყველა დონეზე მსწავლელთა ჰოლისტური განვითარება. კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ნეგატიური ზემოქმედების ფონზე გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება გამოიკვეთა სასკოლო კლიმატისა და უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდამდე სკოლებში მოსწავლეთა მეოთხედი ბულინგის მსხვერპლი იყო, სასკოლო გარემოსთან ინტეგრირებულად კი თავს მხოლოდ მოსწავლეთა ნახევარი (56%) გრძნობდა (OECD, 2019).

მთავრობა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემის მოდიფიცირებას მომსახურების ხარისხისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. ასევე გააძლიერებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მომავალი მასწავლებლის მოსამზადებელი პედაგოგიური მომზადების სისტემის მოდერნიზება, ასევე კადრების მოზიდვა და შენარჩუნება.

უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო და ინკლუზიური ფიზიკური და ციფრული სასწავლო გარემო და უფრო ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისები ბავშვებისთვის, მათ შორის, ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და მასწავლებლებისთვის. საჯარო სკოლებში დაინერგება სასკოლო მედიაციის პროგრამა. სკოლები მიიღებენ დამატებით მხარდაჭერას კონფლიქტების პრევენციასა და მართვაში.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდება მასწავლებლების მხარდაჭერაზე იმ კომპეტენციების განსავითარებლად, რომლებიც მათ სწავლა-სწავლების პროცესში დიფერენცირებული, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში დაეხმარება.

არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, ხელი შეეწყობა არასამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივ მუნიციპალურ და სათემო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას“.

ასევე იხილეთ:

„45 წუთიანი გაკვეთილი პირველკლასელისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“ – გახანგრძლივებულის პედაგოგი მოსწავლეთა პრობლემებზე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური