GE

განათლების სამინისტრომ 67–ე სკოლის დირექტორი გაათავისუფლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, 67–ე საჯარო სკოლის დირექტორის მარიამ თავართქილაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს, სამინისტროში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა.

შედეგად, გამოვლინდა მთელი როგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ, სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული”, – აღნიშნულია EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

სკოლასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მასწავლებლების ნაწილი და მოსწავლეები გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი დოდო კეზუა EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ სამინისტრომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც აუდიტის დასკვნიდან გამომდინარეობს და ის ახლა უკვე სამართლებრივ მოქმედებებს დაიწყებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

67–ე სკოლის შენობასთან საპატრულო პოლიციის დამატებითი ძალები განლაგდნენ. დირექტორი კი  EDU.ARIS.GE–სთან ამბობს, რომ არ იცნობს სამინისტროს ამგვარ გადაწყვეტილებას და რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

67-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაშლილია – დირექტორის განცხადება

67-ე სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი – „ყველა ინსტანციას მივმართავ სამართლის მოსაპოვებლად“

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური