განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 1 მილიარდ 116 მილიონით განისაზღვრა
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, განახლებული პროექტის მიხედვით, 91 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. წინა ვერსიის მიხედვით იგი მილიარდ 25 მილიონ ლარს შეადგენდა, ახალი ვერსიით კი მილიარდ 116 მილიონ 165 ათასი ლარით განისაზღვრა.
მიმართულებების უმეტესობისათვის ახალი პროექტის მიხედვით საგრძნობლად მეტი თანხაა გამოყოფილი, თუმცა არის მუხლები, სადაც ცვლილება არ შესულა, ან პირიქით – დაფინანსება შემცირდა კიდეც.
საპარლამენტო ოპოზიცია სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდას პოზოტიურად აფასებს, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ რიგ საკითხებს ცვლილება არ შეხებია.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სერგო რატიანი ამბობს, რომ ზრდა მასწავლებლების ანაზღაურების მუხლშიცაა და ეს სწორედ მათი დამსახურებაა.
თუმცა, ვერ გვეუბნება თუ რა კონკრეტულ მიმართულებებს მოხმარდება გაზრდილი თანხები და ამბობს, რომ ეს მომდევნო კვირაში, პროექტის განხილვის დაწყების შემდეგ ეცოდინებათ.
„პირადად მე ვაკრიტიკებდი მთავრობას იმის გამო, რომ მათ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველი ფაქტიურად მოატყუეს. მასწავლებლების დაფინანსების კუთხით თანხა რეალურად 20 ათას პედაგოგს ხმარდებოდა, მაშინ როცა რეალურად მათი რაოდენობა 60-ზე მეტია. ანუ, 40 ათას მასწავლებელს ანაზღაურება არ ეზრდებოდა.
„მართალია ეს მუხლი ბიუჯეტის ახალ პროექტში გაზრდილია, მაგრამ საკითხავია კერძოდ რა პროგრამებში წავა ფული. სკოლებში სხვადასხვა ახალი პროგრამა და პროექტია და რეალურად საით მიდის ეს თანხები, ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ბიუჯეტის განხილვის დროს გავარკვევთ.
„თუ დღევანდელმა მთავრობამ შენიშვნები იმის შესახებ, რომ 40 ათას მასწავლებელს ხელფასი არ ეზრდებოდა, მიიღო და ამ მიმართულებით ცვლილება შეიტანა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კრიტიკას პოზიტიურად უმოქმედია,“ – აღნიშნავს რატიანი.
პროექტის განხილვა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მომდევნო კვირაში დაიწყება. განხილვების შედეგად მასში ცვლილება კიდევ შეიძლება შევიდეს. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 971.3 მლნ ლარს შეადგენდა.
პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტის ახალ პროექტში განათლების სამინისტროს გარდა, სხვა სამინისტროების დაფინანსებებიცაა გაზრდილი. მაგალითად, დაახლოებით, 273 მლნ ლარით არის გაზრდილი ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი; 172 მლნ ლარით – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 85.8 მლნ ლარით – ჯანდაცვის სამინისტროს; დაახლოებით 38 მლნ ლარით – სპორტის სამინისტროს; 19 მლნ ლარით – სოფლის მეურნეობის სამინისტროს; 11 მლნ ლარით – ენერგეტიკის სამინისტროს; 5-5 მლნ ლარით – თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ხოლო 3 მლნ ლარით კულტურის სამინისტროს დაფინანსება.
არიან ისეთი სამინისტროებიც, რომელთაც ბიუჯეტი პირიქით-შეუმცირდათ. ესენია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელიც თავიდან დაგეგმილზე 7 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებს, ასევე 3-3 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებენ ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები და 2 მლნ ლარით ნაკლებს – გარემოს დაცვის სამინისტრო.
განათლების სამინისტროს 2017 წლის ადმინისტრაციული ხარჯების რამდენიმე მილიონით შემცირება მოუწევს
თაკო არის© მათეშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება