GE

განათლების სამინისტროს 80-დღიანი „მოგზაურობა“ გიგაურის საქმის გარშემო

ისტ–ის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) სასკოლო სახელმძღვანელოზე განათლების სამინისტროს მიერ დაპირებული ხელახალი კონკურსი ჯერ არ გამოცხადებულა. როგორც EDU.ARIS.GE-ს უწყებაში განუმარტეს, ახალი რეფორმის ფარგლებში, ზოგადად, გადაიხედება ისტ–ის სწავლების კონცეფცია და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება  მიღებული.

ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მათ შორის, სწორედ ისტ–ის სახელმძღვანელოს უკავშირდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სკანდალი, რომლის ერთ ნაწილსაც, როგორც კულუარებში საუბრობენ, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე – ლია გიგაური, ხოლო მეორე ნაწილს კი მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გადაყვნენ. ორივე მათგანი მიხეილ ბატიაშვილმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ღიად გაცხადდა, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა „გრიფირების ხარვეზების შესწავლა დაიწყო“. მინისტრი ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა ა/წლის სექტემბერში აუცილებლად გახდება ცნობილი. გარდა აუდიტის სამსახურისა, განათლების სამინისტროს მოთხოვნით, კონკრეტულად ისტ–ის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებულ ნაწილს იკვლევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი კი გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელშიც მინისტრის ყოფილი მოადგილის ლია გიგაურის დის, ლალი გიგაურის მხრიდან ისტ–ის სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზეა საუბარი. ჟურნალისტური გამოძიებისას მოპოვებული მასალების თანახმად, ლალი გიგაური, სავარაუდოდ, გრიფირების კონკურსში შეტანილი სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა და ამასთან, სავარაუდოდ, იყო „დიოგენეს” გამომცემლობის მიერ მომზადებული ერთ-ერთი სახელმძღვანელოს რეცენზენტიც.

ამ თემაზე: „გიგაურის საქმე“ – მასალები სამხარაულის ექსპერტიზას 30 ივლისამდე არ გადაუგზავნეს!

რა მოცემულობა გვაქვს დღეს

80 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ „დიოგენეს“ ინფორმაციის ვალიდურობა სამხარაულის ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. არც საზოგადოებამ და არც დაინტერესებულმა მხარეებმა არ იციან დასტურდება თუ არა კანონდარღვევა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ საჯაროდ დასვას კითხვები, ჩვენ ორი ძირითადი საკითხი გამოვყავით:

#1 საკითხი – ინტერესთა კონფლიქტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლით დათარიღებული #28/ნ ბრძანების თანახმად, სახელმძღვანელოების გრიფირების წესით განსაზღვრულია, რომ ლალი გიგაურს, როგორც საკითხის განმხილველი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის დას, არ ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა კონკურსში, როგორც სახელმძღვანელოს თანაავტორს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენი და განათლების მინისტრის მოადგილეა, არ შეიძლება, რომ თქვენ იყოთ გრიფირებაზე წარდგენილი სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი.

დაირღვა თუ არა კანონი ლალი გიგაურის მიერ? აქვს თუ არა ადგილი ინტერესთა კონფლიქტს? ამ კითხვებზე პასუხი, ალბათ, მაშინ გახდება ცნობილი, როცა დადგინდება არის თუ არა ლალი გიგაური კონკურსში წარდგენილი ისტ–ის სახელმძღვანელოს თანაავტორი.

განათლების სამინისტრო ამის დადგენას შემდეგნაირად ცდილობს:

ამონარიდი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) დირექტორის წერილიდან, რომლითაც უწყება სამხარაულის ექსპერტიზას მიმართავს:

„წარმოდგენილი მასალებით დგინდება თუ არა მოქ. ლალი გიგაურის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საგანში კონკრეტული სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში მონაწილეობა“, – კარგი კითხვაა, მაგრამ რას გვაძლევს პასუხი? რა ხდება, თუ ლალი გიგაურს არ დაუწერია არც ერთი სიტყვა და მხოლოდ საკუთარი ღირებული მოსაზრებები თუ იდეები გაუზიარა წიგნის თანაავტორებს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? არ არის თანაავტორი?

ამავე ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურისტისაგან, ვინც უშუალოდ ჩართულია სამინისტროსა და სამხარაულის ექსპერტიზასთან მიმოწერის პროცესში, კითხვაზე, „რა ტიპის ექსპერტიზას უკვეთავთ სამხარაულის ბიუროს“ – ადეკვატური პასუხი ვერ მივიღეთ. უცნაურია.

იხილეთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენები სახელმძღვანელოს თანაავტორთა შეთანხმების შესახებ არსებული ხელშეკრულების ასლი, რომელიც გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორმა მოგვაწოდა და რომლის ხელმოწერილი ვერსიაც არ გაგვაჩნია.

გვინდა ვკითხოთ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ქოჩიშვილს: გამოკითხეთ თუ არა ისტ–ის სახელმძღვანელოს თანაავტორები – ნინო მარღიშვილი, ზაქარია ქარსაულიძე და თამარ ლოსაბერიძე? აქვს თუ არა ლალი გიგაურს თანაავტორთა ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი? სხვა მსგავს ხელშეკრულებაზე? არის ის თანაავტორი თუ არა? რა ფაქტების დასადგენად გამოკითხეთ თანაავტორები? არის თუ არა ამ ყველაფრის დადგენა თქვენი სამსახურის პრეროგატივა?

#2 საკითხი – ინფორმაციის გაჟონვა

როგორც ცნობილია, გრიფირების პროცესში სახელმძღვანელოების ავტორთა გამჟღავნება აკრძალულია იმ სპეციალისტებისა და ექსპერტებისთვის, ვინც სახელმძღვანელოებს აფასებს და დასკვნას წერს. აღნიშნულს კანონი იცავს. ასევე, კანონით დაუშვებელია სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციის სამინისტროს სტრუქტურებიდან გაჟონვა. „დიოგენეს“ მიერ მომზადებული ისტ–ის სახელმძღვანელოს შემთხვევაში კი, კონფიდენციალობა დაირღვა, რადგან ინფორმაცია სამინისტროდან გავიდა. კერძოდ, „დიოგენეს“ მიერ გრიფირებისთვის წარდგენილი ისტ–ის სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია გამომცემლობის კონკურენტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად კი ამ სახელმძღვანელოების ტექსტი და რეცენზენტთა შენიშვნები. ამ ინფორმაციის გაჟონვა კი მაშინ მოხდა, როცა ჯერ თავად „დიოგენემაც“ არ იცოდა დაიწუნა თუ არა მისი სახელმძღვანელო განათლების სამინისტრომ. „დიოგენეს“ სახელმძღვანელოს დაწუნების შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი გაჟონვიდან 5 თვის შემდეგ.

ინფორმაციის გაჟონვა რომ მოხდა, ამას მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულიაც აღიარებს, უფრო სწორედ ამბობს, რომ იცის რომელი რეცენზენტის მასალა იყო ატვირთული გუგლ–დრაივზე:

„სისტემა დაცულია ძალიან მაღალი სტანდარტით და დაცულია ნებისმიერი გარე შეღწევისაგან, ამიტომ, მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ეს არის თუ კონკრეტულმა პედაგოგმა სხვა პირებს გაუზიარა რაიმე ფორმით ინფორმაცია… ვიდეოში ჩანს მხოლოდ ერთი კონკრეტული პედაგოგის შეფასებები და რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, მე ინდენტიფიცირებული მაქვს, რომელი პედაგოგის მიერ არის ეს რეკომენდაციები დაწერილი და არა გაცემული, გაცემულია თუ არა ამას დაადგენს ექსპერტიზა“, – თქვა თემურ მურღულიამ.

აქ ისევ ჩნდება კითხვები სამინისტროსთან და შიდა აუდიტის სამსახურთან: როგორ უნდა დაადგინოს სამხარაულის ექსპერტიზამ ვიდეო მასალის დათვალიერების შედეგად, თუ ვინ გასცა, ანუ ატვირთა ფაილი გუგლ–დრაივზე?

ან რატომ ეკითხება ინფრასტრუქტურის სააგენტო სამხარაულს ექსპერტიზას – „შეიცავს თუ არა ჩანაწერი რაიმე ხარვეზს, აქვს თუ არა მონტაჟის კვალი და არის თუ არა ის ავთენტური“? თუ დავუშვებთ, რომ ეს ვიდეო არის მონტაჟი და დავუშვებთ, რომ შეიცავს ხარვეზებს – ეს იმის საშუალებას მისცემს სამინისტროს რომ გაიგოს ვინ ატვირთა მასალები გუგლ–დრაივზე? ეს გვაძლევს პასუხს კითხვაზე – ჰქონდათ თუ არა ლალი ან ლია გიგაურს წვდომა სამინისტროს კომპიუტერულ სისტემასთან? რატომ იღებს სამინისტრო საკუთარ თავზე გამოძიების ფუნქციებს? და თუ იღებს, რა კვალიფიკაციას აძლევს ამ საქმეს – ყველაფერი რიგზეა, მოინახება რეცენზენტი(განტევების ვაცი), თაღლითობის მცდელობაა თუ ზეგავლენით ვაჭრობა?…

შესაბამისად, სამხარაულის ექსპერტიზა პასუხს გასცემს მხოლოდ იმაზე, იყო თუ არა ვიდეო დამონტაჟებული, არც ინფორმაციის გაჟონვის დადგენაზე და არც გიგაურის ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენაზე ის არ მუშაობს.

ფილიას ფოგმა 80 დღეში დედამიწის შემოვლა მოასწრო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური