GE

„განათლების სამინისტროს დამატებით 25 მილიონი ლარი გამოეყო“ – 2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წამყვანი კომიტეტის მიერ უკვე მხარდაჭერილია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დამატებით 25 მილიონი ლარი გამოეყოფა. აღნიშნულს ითვალისწინებს 2022 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიის დოკუმენტი, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

მთავარი მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დამატებითი თანხები საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სკოლების ინვენტარით აღჭურვისთვის არის გათვალისწინებული.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2022 წელს 1 მილიარდ 684.8 მილიონი ლარი იქნება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, განხილვისა და კითხვა-პასუხის შემდეგ, კენჭისყრაზე გაიტანა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტს – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“(საბოლოო ვარიანტი)“.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამით წამყვანი კომიტეტის დონეზე პროცესი დასრულებულია და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას კანონმდებლები უკვე პლენარულ სესიაზე განიხილავენ.

„მთავრობამ შემოიტანა გადამუშავებული ვერსია – მესამე ვერსია. ეს პროცესი დავიწყეთ მაისში, მაშინ, როდესაც მივიღეთ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მთავარი დოკუმენტი ოქტომბერში, გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, დაუბრუნდა მთავრობას და დღეს მესამე გადამუშავებული ვერსიის განხილვა ხდება. ამით კომიტეტის დონეზე მთავრდება საბიუჯეტო პროცესი“, – თქვა ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე.

როგორც დღეს EDU.ARIS.GE-ს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში განუცხადეს, პარლამენტი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა დაამტკიცებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის ბიუჯეტი მაქსიმუმ 17 დეკემბერს უნდა მიიღონ, შემდეგ კი, მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს.

ასევე იხილეთ:

„10%-იანი სახელფასო მატება არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური