განათლების სამინისტროში შექმნილი ახალი სამუშაო ჯგუფი მასწავლებლის სქემის დახვეწაზე იმსჯელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა.
განათლების სამინისტროს მიერ დღეს, 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს.
„აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
„გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა. ცნობილი ფილოლოგი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა. გია მურღულია, ასევე, არის არაერთი საგანმანათლებლო გამოცემის, პროექტისა და პროგრამის ავტორი“, – ვკითხულობთ სამინისტროს ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
სკოლებში ახალი არჩევითი საგანი შევა – განათლების მინისტრის განცხადება
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო