სკოლებში ახალი არჩევითი საგანი შევა – განათლების მინისტრის განცხადება
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს ახალი საგნის – მედიაწიგნიერების არჩევა შეეძლებათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს, 6 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ეს განცხადება მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, განათლების სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს დიდი რაოდენობით ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, აუცილებელია, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დეზინფორმაცია, ინტერნეტის უსაფრთხოება, სიტყვის თავისუფლება, მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები და სხვა. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს მედიაწიგნიერება დაემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ფაქტების გადამოწმების და სხვა საჭირო უნარების განვითარებას”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა და დასძინა, რომ სწორედ მასწავლებლები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.
ღონისძიების ფარგლებში პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ასევე იხილეთ:
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე