GE

„განათლების სისტემის სატურაციის კრიტუკულად დაბალი მაჩვენებელი“ – პედაგოგი ახალი სკოლის მოდელზე

სასკოლო განათლებას სჭირდება ნოვაციები, ინოვაციები, არაშაბლონური მიდგომები და ბევრი რამ ის, რასაც ნამდვილად შეიცავს ეს ახალი სკოლის პროეტი, მაგრამ ამ სისტემას, რომლის სატურაციის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს მიღმაა, ჟანგბადის საჭირო რაოდენობით მიწოდებასავით სჭირდება ყველაზე მთავარი: მასწავლებლის მიმართ ნდობის აღდგენა! – ეს ფილოლოგისა და მასწავლებლის, გოჩა გოჭოშვილის პოზიციაა, რომელშიც ის ახალი სკოლის მოდელის შესახებ აზრს ავითარებს და აცხადებს, რომ “ძალიან უხერხულია ამ პროექტის ტრენერთა ცალსახად, კატეგორიულად მტკიცება იმისა, რომ მათ აქვთ პასუხი ყველა კითხვაზე.”

გოჩა გოჭოშვილი, ფილოლოგი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლა:

დღეს პედაგოგი იქცა განტევების ვაცად, რომელსაც აჰკიდეს ყველა ის მანკიერება, რაც განათლების სფეროს სჭირს და რომელთა გამოსწორებასაც სისტემური, ფუნდამენტური რეფორმირება ესაჭიროება და არა – გაუთავებელი ფსევდორეფორმატორობის მრავალწლიანი ეპოპეა.

დიდი შეცდომაა მასწავლებლების ერთი დონის მასად ქცევის მცდელობა, რომელიც მხოლოდ ფინანსების ფუჭად ხარჯვის არხად იქცა. პედაგოგის საქმიანობას მივამსგავსებდი დიდი კომპლექსის აგებას, რომელსაც ჰყვანან არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, ცალკეული სამუშაობის სპეციალისტები, მშენებლები, და უბრალო მუშები …

მათგან ყოველი აგრეთვე განსხვავდება ერთმანეთისაგან საქმის ცოდნის დონით.
ერთადერთი, რაც ყველასათვისაა აუცილებელი, გახლავთ საქმის ერთგულება და სიყვარული.
მათ და ე.ი. მასწავლებლებსაც ვერავინ გამოიყვანს ერთ ყალიბში, ერთი დონისას.

და განა ასე არ უნდა ვუდგებოდეთ ჩვენ მოსწავლეებს?
გულზე ხელი დაიდოს ნებისმიერმა და თქვას: შეიძლება თუ არა, რომ ერთ კლასში ოცი, თუნდაც ათი მოსწავლე ერთნაირად სწავლობდეს ყველა საგანს?

ყოველ გაკვეთილზე შეიძლება ყოველი მათგანი აბსოლუტური, მაქსიმალური ყურადღებითა და ინტერესით იყოს განწყობილი ყოველი გაკვეთილზე, ყველა საგანში და ეს იყოს მუდმივად მართვადი პროცესი?

მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც გარდაუვალად ყველას გვმართებს, არის დაუღალავი მცდელობა ყოველ მათგანს დავეხმაროთ საკუთარი თავის პოვნის პროცესის წარმართვასა და ადამიანად, მოქალაქედ, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.

დიახ, პედაგოგი უნდა ცდილობდეს იყოს მოძღვარი. და ამიტომ ძალიან უხერხულია აქაც (გულისხმობს მასწავლებელთა ჯგუფებს ავტ.) და ზოგადადაც ამ პროექტის ტრენერთა ცალსახად, კატეგორიულად მტკიცება იმისა, რომ მათ აქვთ პასუხი ყველა კითხვაზე! ანუ, თითქოს ეს პროექტი არის ამომწურავი მასალა და ყველა პრობლემის გადაჭრის საშუალება სკოლაში.
ეს დაახლოებით უდრის მედიცინაში უკვდავების წამლის, ხოლო ფიზიკაში პერპეტუმ მობილეს – მუდმივი ძრავას შექმის მტკიცებას ….

არ გინდათ, გთხოვთ ….

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური