განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში ცვლილებები შევა – კანონპროექტი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესში ცენტრის მართვის ერთ-ერთი ორგანოს – საკოორდინაციო საბჭოს როლი გაიზრდება. გარდა ამისა, ცვლილება შედის კანონის იმ მუხლში, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს.
ამის შესახებ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტშია ნათქვამი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
როგორ განისაზღვრება ცვლილების შემდეგ ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხი:
დანიშვნის საკითხი მოწესრიგდება შემდეგი შინაარსის ნორმით: დირექტორს, 5 წლის ვადით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
“მიზანშეწონილია, თუკი, ცენტრის დირექტორის დანიშვნა თანამდებობაზე მოხდება გარკვეული ვადით, არანაკლებ ცენტრის სტრატეგიული განვითარების გეგმის ხანგრძლივობით (5 წელი). აღნიშნული მიდგომა იქნება ერთგვარი გარანტი, რომ ცენტრის ინსტიტუციური განვითარება და სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული ამოცანები შესრულება განხორციელდეს თანმიმდევრულად და ეფექტურად”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: პირადი განცხადება; საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გარდაცვალება; სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის მისი უფლებამოსილების განხორციელებას; დირექტორის უფლებამოსილების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისათვის არსებითი ზიანის მიყენება.
კანონით განისაზღვრება, რომ ცენტრის დირექტორი იმავდროულად არ შეიძლება იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რაც კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, გაზრდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 25 ივნისს დაუდასტურეს, ცენტრს ამჟამად ჯერ ისევ მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა მარგიშვილი ხელმძღვანელობს და კონკურსის გამოცხადების, ან ლაშა მარგიშვილის დანიშვნის დროზე ინფორმაცია არ აქვთ.
სავარაუდოდ, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, კონკურსის საფუძველზე, უკვე ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განხორციელდება.
რაც შეეხება სააკოორდინაციო საბჭოს უფლებების ზრდას, კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ვგებთ, რომ ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს როლის გაზრდის ვალდებულების შესრულება ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ექსპერტთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისწინებით აქვს, რომლის თანახმადაც კანონმდებლობით დეტალურად უნდა გაიწეროს ცენტრის დირექტორის, დანიშვნისა და გათავისუფლების პირობები და წესი. ასევე, მაქსიმლურად უნდა მოხდეს ცენტრის დირექტორის დისტანცირება სამინისტროდან, კერძოდ, დირექტორს არ შეიძლება ეკავოს სამინისტროში პოლიტიკური თანამდებობა. აღნიშნულმა პირობებმა უნდა უზრუნველყოს ცენტრის მაქსიმალური დამოუკიდებლობა და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობით მმართველობითი უფლებამოსილებების კიდევ უფრო მეტად გაზრდა.
საკოორდინაციო საბჭოს მმართველობითი უფლებამოსილებების აღჭურვის მიზნით, ცენტრის დებულებაში 2021 წელს შევიდა ცვლილებების ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, გაიზარდა ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებები, კერძოდ ისინი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში. თუმცა, ცენტრის დირექტორის შერჩევისა და გათავისუფლების მიმართულებით, საკოორდინაციო საბჭოს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. შესაბამისად, იმისათვის, რომ სრულად შესრულდეს ENQA-ს რეკომენდაცია, მიზანშეწონილია ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებითაც განისაზღვროს ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს როლი და დანიშნულება.
“აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაემატოს ტერმინთა განმარტებაში საკოორდინაციო საბჭო და 2 გამოჩნდეს საკოორდინაციო საბჭოს მონაწილეობა ცენტრის დირექტორის შერჩევისა და გათავისუფლების საკითხებში. საკოორდინაციო საბჭოს მონაწილეობა დირექტორის შერჩევის პროცესში შესაძლოა გამოიხატებოდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის მუშაობაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით, ხოლო ცენტრის დირექტორის გათავისუფლების პროცესში – აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვაში. ასევე განისაზღვრება, რომ საკოორდინაციო საბჭო იქმნება 4 წლის ვადით და მისი შექმნის და საქმიანობის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით”, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში და ტერმინთა განმარტებაში დაემატება საკოოორდინაციო საბჭოს განმარტება და განისაზღვრება, რომ საკოორდინაციო საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვის, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის და საქმიანობის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ავტორები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი დეპუტატები – ბაია კვიციანი და გიორგი სოსიაშვილი.
ცვლილებების ინიციატორები წერენ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება ცენტრის დამოუკიდებლობა, რადგან დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცესში ჩართული იქნება ცენტრის საკოორდინაციო საბჭო. დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების დეტალური მოწესრიგებით ასევე შესრულდება ხარისხის განვითარების ევროპული ასოციაციის (ENQA) მოთხოვნა.
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი by ARIS.GE-განათლება
- მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის პროგრამაზე გრანტით დაფინანსებულთა ოდენობა და წესი დამტკიცდა – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება