GE

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება – დირექტორის მოვალეობას ლაშა მარგიშვილი ასრულებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, თამარ მახარაშვილი აღარ ხელმძღვანელობს და 2024 წლის 12 იანვრიდან ცენტრის დირექტორის მოვალეობას ლაშა მარგიშვილი ასრულებს, რომელიც აქამდე დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე იყო.

ინფორმაცია ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან თავად ლაშა მარგიშვილმა დღეს, 29 იანვარს დაადასტურა.

მანვე აღნიშნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულება შესაბამისი ბრძანებით დაეკისრა.

კითხვაზე, ხომ არ გაიწელა ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესი, ლაშა მარგიშვილი გვპასუხობს: “პროცესი არ გაწელილა, უბრალოდ კონკურსი უნდა გამოცხადდეს დადგენილ ვადებში. ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი მივიღებ თუ არა მონაწილეობას”.

ლაშა მარგიშვილის საჯარო ბიოგრაფიული ცნობები ასეთია: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და სამართლის მაგისტრი კვალიფიკაციის მფლობელი, ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერი ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის ფარგლებშიც სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად იყო მივლენილი დიდ ბრიტანეთში Queen Mary University of London-ში.

ლაშა მარგიშვილს გააჩნია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ 2011 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ასევე, 2012 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით ეწევა აკადემიურ საქმიანობას.

ლაშა მარგიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის რამდენიმე კონფერენციასა და ფორუმზე იყო მომხსენებელი და სესიის მოდერატორი. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი და ასევე, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) სერტიფიკატი.

ლაშა მარგიშვილის, როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე საკურაციო სფეროში შედის შემდეგი სამსახურები: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, კვალიფიკაციების განვითარების სამსახური, საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახური და იურიდიული სამსახური (წყარო ხარისხის ცენტრი).

ასევე იხილეთ:

რა საქმეები ჩააბარეს განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს და ვინ არის პასუხისმგებელი ყველაზე მეტ მიმართულებაზე უწყებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური