განათლების ყველა საფეხურზე განვითარდება მონიტორინგის და შეფასების პრაქტიკა – განათლების სამინისტროს ინიციატივები
საქართველოს განათლების სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკის განვითარებას გეგმავს. უწყების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022-2032 წლებში, ამ ინიციატივასთან ერთად, ეროვნულ დონეზე დაინერგება კურსდამთავრებულთა გამოკითხვა მათი გამოცდილებისა და კეთილდღეობის მონიტორინგის მიზნით.
განათლების უწყება განმარტავს, რომ განათლების ყველა საფეხურზე განვითარდება მონიტორინგის და შეფასების პრაქტიკა. მთავრობა წაახალისებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჩამოაყალიბონ ხარისხის მართვის საერთო კულტურა, რომელიც სტიმულს მისცემს საგანმანათლებლო საზოგადოებას, შეასრულოს აქტიური როლი მოსწავლეთა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
„ზოგად განათლებაში მოსწავლეთა ჰოლისტური (ფიზიკური, კოგნიტური და ფსიქო-სოციალური) განვითარების მხარდაჭერისა და სწავლის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდება ცენტრალიზებული შეფასების სისტემა. ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის/ქვესაფეხურის დასრულების შემდეგ ეროვნულ დონეზე ყოველწლიურად განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დიაგნოსტიკური შეფასება, ხოლო სკოლებში დაინერგება სასკოლო კულტურის კვლევის პრაქტიკა. შეფასების მოცემული მექანიზმები დაეხმარება სკოლებს საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო ხედვის შემუშავებაში.
„სისტემურ დონეზე, შესაძლებელი გახდება მოსწავლეების სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებთან მიმართ წინსვლის შეფასება და ასევე მიზნობრივი ინტერვენციებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა“, – აღნიშნულია 2022-2032 წლების, განათლების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც 8 დეკემბერს გასაჯაროვდა.
დაგეგმილია, რომ ეროვნულ დონეზე დაინერგოს კურსდამთავრებულთა გამოკითხვა მათი გამოცდილებისა და კეთილდღეობის მონიტორინგის მიზნით და აღნიშნულთან მიმართებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში უნდა შეიქმნას და დაინერგოს კურსდამთავრებულთა დასაქმების აღრიცხვის ეროვნული სისტემა, რაც დოკუმენტის ავტორთა განმარტებით, ხელს შეუწყობს კომპლექსური და ზუსტი მონაცემების შეგროვებას.
„ეს გააუმჯობესებს პროფესიული/უმაღლესი განათლების სისტემის გამჭვირვალობას და სწავლა-სწავლების ხარისხს. ამ გზით ასევე დამყარდება ურთიერთკავშირი საგანმანათლებლო, სოციალური უსაფრთხოებისა და საგადასახადო მონაცემთა ბაზებს შორის. აღნიშნული ინიციატივის განხორციელება გადაუდებელი ღონისძიებაა, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი მონაცემები კურსდამთავრებულთა დასაქმების, მათ მიერ შეძენილი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ფლობის გასაზომად, შესაბამისად, სტუდენტები არაინფორმირებულ არჩევანს აკეთებენ სწავლის სფეროებსა და კარიერასთან დაკავშირებით“, – განმარტავენ 2022-2032 წლების განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის ავტორები.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება