„განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგია, თავდაპირველად 2-წლიანი სამოქმედო გეგმითა და ბიუჯეტით დამტკიცდება“ – ახალი დეტალები
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული „განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგია“ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. თუმცა მანამდე საჯარო განხილვები იგეგმება, რომელიც EDU.ARIS.GE– ს ინფორმაციით, უკვე ზაფხულში დაიწყება.
EDU.ARIS.GE-მ განათლების სამინისტროს დამატებითი კითხვებით მიმართა და როგორც 16 ივნისს მიღებული ოფიციალური ინფორმაციით გაირკვა, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიია“ პოლიტიკის დოკუმენტი და ორწლიანი სამოქმედო გეგმა შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცდება და ამის შემდეგ გახდება საჯარო. ამასთან, ბიუჯეტი გაიწერება ორწლიან სამოქმედო გეგმებში და ბიუჯეტის კანონის შესაბამისად დაიგეგმება და დამტკიცდება ყოველწლიურად. ასევე პირველი სექტემბრის შემდეგ, საბიუჯეტო განაცხადი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება.
„პირველი სექტემბერის შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საბიუჯეტო განაცხადი, რომელიც მოიცავს, ინფორმაციას, როგორც გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის, ასევე, დასაგეგმი შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს“, – გვპასუხობს განათლების სამინისტრო.
რაც შეეხება საჯარო განხილვებში ჩართულ პირებს, EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, შექმნილია ისეთი ფორმატები, როგორიცაა უწყებათშორისი საბჭო, საკონსულტაციო საბჭო, დონორთა კოორდინაციის საბჭო და თემატური სამუშაო ჯგუფები.
„აღნიშნული ფორმატები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს/პირებს მაქსიმალურად ჩაერთონ სტრატეგიის შემუშავებისა და საჯარო განხილვების პროცესში. სამოქმედო გეგმებში გაწერილი იქნება ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების მოსალოდნელი შედეგები და შესრულების ინდიკატორები“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროცესში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები, რომელთა მიერ გაწეული ფინანსური კონტრიბუცია ასევე გაიწერება ორწლიან სამოქმედო გეგმაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს სტრატეგია შეცვლის აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც ყოველი ახალი მინისტრის მოსვლისას იცვლება რეფორმები, თავიდან იწყება ყველაფერი და ბოლოს დაუსრულებელი რჩება. უწყების წარმომადგენელის განმარტებით, “მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტის არსებობა, რომელიც კანონის დონეზე იქნება მიღებული და ყველა ხელმძღავენლი პირი იმოქმედებს მის ფარგლებში. ეს მოგვცემს განათლების რეფორმის უწყვეტობის საშუალებას”.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება