GE

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სამინისტროს ონლაინ სწავლების ხარვეზები მოუგროვა

ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, ფსიქოსოციალური დახმარება მასწავლებლების, ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, შეფასების რეფორმის დაჩქარება – ეს საკითხები იყო დღევანდელი შეხვედრის თემები, რომელიც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის – COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში – ზეპირი მოსმენის ფარგლებში გაჟღერდა.

ამჯერად, შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. პარლამენტის კონსტიტუციის დარბაზში შეკრებილ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წევრები და პედაგოგები. ჯგუფის წევრები სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეებიდან შემოსულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს გაეცნენ.

პედაგოგთა უმრავლესობამ ყურადღება კვლავ იმ ტექნიკურ საკითხზე გაამახვილა, რასაც ონლაინრეჟიმში სწავლებისას ინტერნეტქსელის გაუმართავობა ქმნის. ისაუბრეს ასევე პანდემიის გამო სახლში გამოკეტილ ბავშვთა ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, რასაც ზოგ შემთხვევაში ბავშვის ინერტულობა ახლავს, ზოგჯერ კი პირიქით, -მომატებული აგრესია და ასევე, სწავლის მოტივაციის დაქვეითება. მასწავლებლები მოსწავლეებისათვის ფსიქოლოგების დახმარებას ითხოვენ. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კი, მზად არის სამინისტროს ამ რეკომენდაციით მიმართოს.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილმა EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას თქვა, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში, განათლების სისტემასთან დაკავშირებულ უწყებებს, სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საექსპერტო ჯგუფებს დაეგზავნათ კითხვები, თუ როგორი იყო პანდემიის ზეგავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე, და მათგან მიიღეს რეკომენდაციები და მოსაზრებები წერილობითი ფორმით. შემდეგ კი ამ აქტორებთან პირისპირი შეხვედრები გადაწყდა, რათა გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ გამოსავალი მოინახოს.

„თემატური მოკვლევის მთავარი ამოცანა არამხოლოდ ის არის, რომ ჩვენ გავიგოთ თუ რა ხარვეზებია, არამედ მოვნახოთ გადაწყვეტის გზები. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იყო ძალიან დამაკნინებელი და დამაზიანებელი სკოლისთვის და ბავშვისთვის. მხოლოდ ამაზე აპელირება ჩვენი მიზანი არ არის, რადგან ეს ისედაც ცნობილია. მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ დანაკლისის რემედიაცია, რომელიც არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს საუბრისას გამოიკვეთა, ეს არის ფსიქოსოციალურ ცენტრთან კომუნიკაცია და ის ფსიქოსოციალური პრობლემები, რომელიც ბავშვებს ამ დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე გაუჩნდათ. ყველა სკოლის ინტერესია, რომ მათ ჰქონდეთ ფსიქოლოგის მომსახურების საშუალება და აქვე აღინიშნება, რომ ეს არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ოჯსახებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან დისტანციური სწავლების დროს, მასწავლებლებს ფაქტობრივად ოჯახებთან ურთიერთობაც უწევთ რადგან ბავშვი ოჯახიდან ერთვება.

მიმდინარეობს ფსიქოპსოციალური სამსახურის რეფორმირება. მანდატურის სამსახურში არსებობს ფსიქოსოციალური ცენტრი და სწორედ მანდატურის სამსახურის გარდაქმნა და რეფორმირება, გაფართოება, ფუნქციების გაძლიერებაა დაგეგმილი სამინისტროს მიერ.
ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, შეფასების რეფორმის დაჩქარება, რადგან სწორედ ასეთმა ხისტმა სისტემამ აჩვენა, რომ ბევრად უკეთესი იქნება განმავითარებელ შეფასებაზე უფრო სწრაფი გადასვლა და ამ მიმართულებით მასწავლებლებსაც გააჩნიათ ინტერესი, რომ დამატებიტი ტრენინგი ჩაუტარდეთ“, – ამბობს თამარ ტალიაშვილი.

რაც შეეხება ინტერნეტხარვეზს ონლაინჩართვების დროს, პარლამენტში გამართული შეხვედრა ამის უბადლო მაგალითი გახლდათ. მასწავლებელთა უმრავლესობა ონლაინჩართვას ვერ ახერხებდა, ან ახერხებდა ხარვეზით. კითხვაზე, რა უნდა ქნას სკოლის მოსწავლემ ონლაინჩართვისას თუ მსგავსი პრობლემა ექმნება, თამარ ტალიაშვილი პასუხობს, რომ მოსწავლეებისთვის ბევრად კარგი პროგრამაა შექმნილი და ასეთი პრობლემა ბავშვებისთვის არ არსებობს.

„არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ტექნიკურ თემებს, მაგრამ „თიმსი“ ძალიან კარგი და ბევრად უკეთესი სისტემაა, ვიდრე ის, რაც ახლა ჩვენ პარლამენტში გვქონდა. თუმცა, იქაც შეიძლება დამატებითი ფუნქციების გაუმჯობესება.

ამიტომაც მიმდინარეობს ქვეყანაში ინტერნეტიზაციის პროსეცი ძალიან დაჩქარებული ტემპით. რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩაგვერთვნენ მასწავლებლები და ყველას სურივლია, რომ მათ ჰქონდეთ არამხოლოდ მობილური ინტერნეტკავშირი, არამედ ბოჭკოვანი ინტერნეტსაშუალებები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად სწორი იყო, რომ სახელმწიფომ ინტერნეტიზაციის პროცესი ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო“, – ამბობს ტალიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან.

19 ნოემბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები განათლების სსიპ-ებსა და მინისტრის მოადგილეებს შეხვდებიან.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტის მიერ საბოლოო ანგარიში და რეკომენდაციები თემაზე – COVID -19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში – გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა საჯარო ინსტიტუტებს. თუმცა, რა ვადებში მოხდება იმ რეკომენდაციების შესრულება, რასაც კომიტეტი დასკვნის სახით დაწერს, ჯერ არ კონკრეტდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტში 150-მდე სხვადასხვა მოსაზრება შევიდა, რომელიც შესწავლილია და ანგარიშში აისახება.

ასევე იხილეთ:

პარლამენტში მოსწავლეებისთვის სავალდებულო დასწრებითი სწავლება მოითხოვეს – რა პოზიცია აქვს განათლების კომიტეტს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური