პარლამენტში მოსწავლეებისთვის სავალდებულო დასწრებითი სწავლება მოითხოვეს – რა პოზიცია აქვს განათლების კომიტეტს
პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ ზეპირი მოსმენა გაიმართა. 15 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასოციაციები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, სკოლაში დასწრებითი ფორმატით სწავლა სავალდებულო უნდა გახდეს. თამარ კაპანაძემ რომელიც ამავდროულად პირველი გიმნაზიის დირექტორია და ავთანდილ აბდუშელიშვილმა (გიმნაზია „შავნაბადას“ დირექტორი) აღნიშნულის მიზეზად ჰიბრიდული მოდელით სწავლების არაეფექტურობა დაასახელეს. მათი შეფასებით, ყოველკვირეული შესაძლებლობა, მშობელმა აირჩიოს დასწრებული სწავლება სურს, თუ დისტანციური, შეზღუდვას უნდა დაექვემდებაროს.
თამარ კაპანაძემ სავალდებულო დასწრებითი სწავლების ალტერნატივაზეც ისაუბრა და არჩევანის სისტემატურობის შემცირების საკითხის დაყენებას გაუსვა ხაზი.
აღსანიშნავია, რომ ზეპირ მოსმენაზე დამსწრეთაგან ჰიბრიდული სწავლების მოდელის მოხსნის მოსაზრება სრულად არავის გაუზიარებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებია არც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, მეტიც, სხდომის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ მას კითხვები აქვს ამ ინიციატივის ავტორებთან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავალდებულო დასწრების შემოღება კოვიდპანდებიის ფონზე სერიოზულ რისკებთან იქნება დაკავშირებული.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, EDU.ARIS.GE უშუალოდ მოსაზრების ავტორებს გაესაუბრა. როგორც პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოსწავლეები დისტანციური სწავლების დროს, სისტემურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობას კარგავენ.
„იქნებ, სასწავლო პროცესის არჩევანის საშუალება მშობლებს აღარ დავუტოვოთ და გახდეს სავალდებულო სწავლა, რაც ნიშნავს იმას, ყველა მოსწავლე დაბრუნდება საკლასო ოთახში. თუ სავალდებულო არ გახდება, მეორე საკითხია რომ ყოველ ხუთშაბათს, მოსწავლეს შეუძლია შეიცვალოს აზრი, დარჩება სახლში თუ სკოლაში წავა, ეს ქმნის ქაოტურ სიტუაციას. კლას-კომპლექტების რაოდენობა ან იზრდება ან მცირდება. ყოველ კვირა იცვლება ცხრილი, იცვლებიან მასწავლებლები… არჩევანის სისტემატურობა შევამციროთ. თუ ავირჩიე, ერთი სემესტრი მაინც დავრჩე ონლაინ სწავლებაზე. ამით სკოლისთვისაც და მოსწავლისთვისაც განსაზღვრული იქნება, თუ ვინ ეყოლება კლასელი, მასწავლებელი. ამ პროცესს უნდა დალაგება“, – განგვიცხადა კაპანაძემ.
ჰიბრიდული სწავლების მოდელის სხვა ასპექტებზე საუბრობს ავთანდილ აბდუშელიშვილი. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს უთხრა, იმის გარდა, რომ ონლაინ სწავლებისას, მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის მონიტორინგი ვერ ხდება და ხშირად ასეთი ფორმით სწავლებაზე გადასვლა საჭიროების არარსებობის შემთხვევებშიც ხდება, ასევე, ჰიბრიდულ მოდელზე დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი იხარჯება, თუმცა საბოლოო ჯამში, პროცესში მონაწილე არც ერთი პირი კმაყოფილი არ არის.
„ჩვენი მთავარი ამოცანა და დანიშნულება არის ის, რომ ბავშვებს მივცეთ განათლება, ვახერხებთ ამას? ჰიბრიდული მოდელით სწავლების დროს იხარჯება ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი, დრო, ენერგია, მაგრამ საერთო ჯამში, შედეგიდან გამომდინარე ვინმე კმაყოფილია? ვიღებთ მასწავლებლების გარკვეულ გადაღლილობასა და უკმაყოფილებას. გარდა ამისა, ყველა მშობელი, რომელიც ჩართულია ამ ქაოსში, აღნიშნავს, რომ არ მოსწონთ. ვერ ვნახე ამ ქაოტურ სიტუაციაში ჩართული კმაყოფილი მშობელი… ამიტომ, ჩემი მოსაზრებაა, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა არის ნებადართული, ვფიქრობ, რომ მეტი მოწოდება, რომ შესაბამისი ასაკის მოსწავლეები ავცრათ, გააუმჯობესებს გარემოს და მათ შორის, მგონია, რომ შედეგი მოჰყვება დასწრებულ ფორმატში გადმოსვლას და მხოლოდ ინდივიდუალური, კონკრეტული ბავშვების დატოვებას ონლაინ საჭიროებიდან გამომდინარე და არამხოლოდ მშობლების მოსაზრებიდან გამომდინარე. დისტანციური სწავლება შედეგიანი არის მაშინ, როდესაც არსებობს ამის შინაგანი მოტივაცია. როდესაც ამ პროცესში ერთი მხარე, თუნდაც მოსწავლე, არ არის მოტივირებული, ამ შემთხვეაში ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგებით“, – აღნიშნა აბდუშელიშვილმა.
ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაც მოისმინა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ მოსაზრებების განხილვა სხვადასხვა ჯგუფებთან გაგრძელდება.
„ჰიბრიდული სწავლების შეცვლასთან დაკავშირებით, მოვისმენთ სხვა მონაწილეების მოსაზრებებსაც. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხიც არის. აქ არის ორი სიკეთე, რომელიც ერთმანეთთან უნდა შევწონოთ – ერთი ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები, მათ შორის, გარკვეული რისკები, შიშები, რომლებიც შეიძლება ოჯახებს ჰქონდეთ და მეორე მხრივ, არის მოსწავლის ინტერესი და ზოგადად, სახელმწიფოს ვალდებულება, რომ მოსწავლეს მიაწოდოს ცოდნა. ამიტომ, ამას სჭირდება დაფიქრება. შეიძლება გარკვეული რეგულაციების კუთხით შეხედვა, რამდენად პასუხისმგებლიანად იღებენ გადაწყვეტილებას მშობლები ონლაინ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. როდესაც მოსწავლე მიეკუთვნება განსაკუთრებულ რისკჯგუფს, იქ გასაგებია შიშები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მის ოჯახს და დისტანციური სწავლების აუცილებლობაა, მაგრამ რამდენად პასუხისმგებლიანად იღებენ გადაწყვეტილებას სხვა შემთხვევაში მშობლები, ამაზე ალბათ, დაფიქრებაა საჭირო“, – ამბობს პაპუაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დისტანციური თუ დასწრებითი ფორმით სწავლების არჩევისას, მშობლებმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.
„ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება ის, რომ მას შემდეგ, რაც სკოლები დასწრებით სწავლაზე გადავიდნენ და ამავე დროს, არის არჩევის შესაძლებლობა მშობლებისთვის, ხანდახან ხდება არჩევანის არასათანადოდ გამოყენება და საჭიროების გარეშე, ბავშვების დისტანციურად ჩართვა. არადა, დისტანციური სწავლება რაც არ უნდა დახვეწილად მიმდინარეობდეს, ეს მაინც ვერ უზრუნველყოფს სრულად იმ ცოდნის და უნარების მიღებას, რასაც უნდა აძლევდეს ზოგადი განათლება. ამიტომ, ერთ-ერთი მოსაზრება იყო მონაწილეების მხრიდან, რომ ეს საკითხი ისე მოწესრიგდეს, რომ მშობლებმა პასუხისმგებლიანად მიიღონ გადაწყვეტილებები დისტანციურად მიაღებინონ შვილს მონაწილეობა თუ დასწრებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილსაც. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს უთხრა, გაგრძელდება მოსაზრებების განხილვა და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები.
„შევხვდებით მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციებს. შეხვედრა გაიმართება ასევე განათლების სამინისტროს სიპებთან და თავად განათლების სამინისტროსთან“, – განაცხადა ტალიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველი მოსწავლეებიის რაოდენობა 4 ოქტომბრის შემდეგ, 10 ათასის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები შედარებით შემცირებულია ბოლო კვირაში და დასწრებულ სწავლებაზე გადასვლის სურვილსაც უფრო მეტი მოსწავლე აფიქსირებს, თუმცა ცალსახაა, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის გამოცხადებისთანავე მისცა მოსწავლეთა მშობლებს, თავად აირჩიონ როგორი ფორმატის სწავლება სურთ შვილისთვის, ერთი ხელის მოსმით ვერ აიკრძალება. აღნიშნული უპირველესად მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სრულიად საზოგადოების ვაქცინაციაზეა მიბმული.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება