GE

რატომ მიმართავს თხოვნით ეკატერინე დგებუაძე კერძო სკოლებს?

ფოტო –
სტოპ-კადრი, ტელეკომპანია იმედი

„თხოვნით მივმართავ კერძო სკოლებს, გარკვეული შეღავათები გაუწიონ მშობლებს. მესმის თვითონ სკოლაც ზარალდება, მაგრამ შეიძლება გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ“, – მიმართა კერძო სექტორს განათლებისა და მეცნიერიბის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, რომელიც ასევე ამბობს, რომ მისი თხოვნა მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და ესმის, რომ კერძო ბიზნესში ჩარევის უფლება არ აქვს.

თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ეს განცხადება ამ ტერმინის მნიშვნელობასთან ახლოს თუ არის:

პოპულიზმი – უბრალო ხალხის ინტერესების დაცვა. ტერმინს ნეგატიური შეფერილობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ამ ინტერესების დაცვის სურვილი არაგულწრფელია და მყვირალა განცხადებებით შემოიფარგლება. სრულად ტერმინის მნიშვნელობას, სამოქალაქო განათლების ლექსიკონში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ნახავთ.

კერძო სკოლების მშობლებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პირველ რიგში, ალბათ, სახელმძღვანელოების დარიგებით შეიძლება. კერძო სკოლების მოსწავლეები, საქართველოს, ალბათ, სხვანაირი შვილები არიან და სახელმძღვანელოებს მათი მშობლები ყიდულობენ, საჯარო სკოლის მოსწავლის მშობლებისგან განსხვავებით. კერძო სკოლის პირველკლასელებზე არ ვრცელდება ბუკების დარიგება, ისინი ვერ ხვდებიან წარჩინებულ მოსწავლეთა სიაშიც, რომლებსაც, განათლების სამინისტრომ, მართალია, უკვე მეორე წელია ვერ (არ) აჩუქა კუთვნილი კომპიუტერები. სახელმწიფოს კერძო სკოლებისთვის გადასახადების შემცირებაც შეუძლია, თუ, რასაკვირველია, ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. ჩამონათვალის გაგრძელება რთული არ არის…

ჩვენი პრაქტიკიდან ვიცით, რამდენად ერიდებიან სკოლების (კერძოც და საჯაროც) ადმინისტრაციის თანამშრომლები განათლების სამინისტროს ქმედებებზე თუ უმოქმედობაზე კომენტარის გაკეთებას, ამიტომ სკოლებს, როგორც მოსწავლის მშობელმა, ისე მივმართეთ.

კერძო სექტორთან მოწოდების უფლება არავის აქვს – ასეთია ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა „ნინოს“ პასუხი მინისტრის მოადგილის თხოვნაზე. სკოლას ფასდაკლებების გამოცდილებაც აქვს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მშობლების ინტერესებით და არა მოწოდებით ხელმძღვანელობენ.

„4 ოქტომბრამდე იგივე გადასახადი იქნება, რაც გვაქვს. თუ გაგრძელდა, ალბათ რაღაც პროცენტს დავაკლებთ. შარშან 20%-ი დავაკელით. კომუნალური და მსგავსი ხარჯი ხომ აღარ იქნება და მოხერხდება დაკლება, თუმცა ინტერნეტში ახლა უფრო მეტს ვიხდით. ბავშვს არ დავაზარალებთ, ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა, კერძო სექტორთან მხოლოდ რეკომენდაციის უფლება აქვთ, მოწოდების უფლება არავის აქვს. ჩვენი და მშობლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ გაკეთდება (შეღავათი –ავტ.), თუმცა 4 ოქტომბრის შემდეგ“, – აცხადებენ სკოლაში.

მინისტრის მოადგილის თხოვნა არ დასჭირვებიათ და ონლაინ სწავლების გაგრძელების შემთხვევაში შეღავათებს გეგმავენ თბილისის მწვანე სკოლაშიც. დაწესებულება მოსწავლეებს 20-%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს:

„ჯერჯერობით ოფიციალური ბრძანება არ გვაქვს მიღებული, ონლაინ სწავლა თუ გაგრძელდება ერთ თვემდე, ადმინისტრაცია განიხილავს შეღავათის დაწესების საკითხს. ფასდაკლება იქნება სწავლის ღირებულების დაახლოებით 20%. მინისტრის მოწოდების გარეშეც ვთანამშრომლობთ მშობლებთან, რაც პანდემია დაიწყო. კვების საფასური დაწყებით კლასებში და ის ხარჯი, რაც სკოლას მოაკლდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი არ არის, მაინც აისახება გადასახადზე. უბრალოდ, არის რაღაც ლიმიტი, რომ თანამშრომლებს ხელფასები არ მოაკლდეთ“, – გვითხრეს სკოლაში.

გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლაში სწავლის დასწრებით ფორმატში განახლების იმედი აქვთ, თუმცა დისტანციური სწავლის გაგრძელების შემთხვევაში გარკვეულ შეღავათს დაუშვებენ.

„მე ვფიქრობ, რომ სწავლა სკოლებში დაიწყება 4 ოქტომბერს. მაგრამ დისტანციური სწავლება შემდეგაც თუ გაგრძელდება, გარკვეული შეღავათი აუცილებლად გვექნება. შარშან ძალიან ბევრს გავუწიე შეღავათი. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა“, – მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ სკოლაში.

ყველა სკოლაში, სადაც დავრეკეთ, აბსოლუტურად გაწონასწორებული, ბავშვებზე, მშობლებზე და ბიზნესზე ორიენტირებული პასუხები მივიღეთ.

მაშ, რატომ კარგავს დროს და ამტვრევს ღია კარს განათლების სამინისტრო? ამასობაში, დიდი ხნის წინ დანიშნულ პროფესიულის გამოცდას ჩატარებამდე მხოლოდ დღე-ნახევრით ადრე შეუცვალეს თარიღი (დიახ, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში), ჩვენ, ასევე, კარგად ვაკვირდებით სკოლებში წიგნების დარიგების პროცესს.

ტერმინთან დაკავშირებით კი, თქვენ, ალბათ, საკუთარ თავს პასუხი უკვე გაეცით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm