GE

„განმავითარებელ შეფასებაზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს“ – მარიამ ჩიქობავა X, XI და XII კლასის მოსწავლეთა შეფასების ფორმაზე

სკოლებში, მოსწავლეთა საშუალო საფეხურზე არსებული განმავითარებელი ან განმსაზღვრელი შეფასების გადახედვა ჯერ არ იგეგმება, მაგრამ ცნობილია რაზე უნდა გააკეთონ პედაგოგებმა აქცენტი.

საკითხის შესახებ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეო ინტერვიუში ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ ისაუბრა და სკოლებს შეახსენა, თუ რა მოდელის გამოყენება შეუძლიათ  X, XI და XII კლასის მოსწავლეთა შეფასების პროცესში.

„აქ ცვლილებას არ ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი შეფასება რჩება, მაგრამ განმავითარებელ შეფასებაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება ეროვნული სასწავლო გეგმით. მინდა, სკოლებს შევახსენო, რომ მათ აქვთ ორი ალტერნატივა: ან ჩვეულებრივ მიყვნენ სამ კომპონენტიან შეფასებას, როცა შეფასება, ქულის დაწერა ხდება საკლასო აქტივობაში, საშინაო დავალებაში და შემაჯამებელ დავალებაში, ან შეუძლიათ, აირჩიონ მეორე ვარიანტი, როცა მხოლოდ შემაჯამებელ დავალებაში ხდება ქულის დაწერა და ამით გამოითვლება სემესტრული და წლიური ქულები.

„ეს მოქნილობა, რა თქმა უნდა, რჩება სკოლებისთვის. შეიძლება ეს აირჩიონ კონკრეტულ კლასში, კონკრეტულ საგანში. არ არის აუცილებელი, რომ სრულად სკოლა, მაგალითად ამ მეორე მოდელზე გადავიდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განმავითარებელ შეფასებაზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

IV კლასის მოსწავლის განმავითარებელი შეფასების მაგალითები ყველა საგნისთვის

მოსწავლის განმავითარებელი კომენტარით შეფასება I-III კლასებში – მაგალითები და ინსტრუქცია

შეგახსენებთ, რომ არსებობს ორი სახის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასება წარმოაჩენს რა იცის მოსწავლემ კონკრეტულ საკითხთან/დავალებასთან მიმართებით, განმავითარებელი შეფასება კი ორიენტირებულია მოსწავლის წინსვლის აღმოჩენაზე. კერძოდ, იმის გარკვევაზე, თუ რა არ იცოდა მოსწავლემ „გუშინ“ და რა იცის დღეს, რა არ შეეძლო „გუშინ“ და რა შეუძლია დღეს.

მაგალითისთვის, როგორც ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი განმარტავს, თუკი გრძელვადიანი მიზანია, რომ მოსწავლემ შეძლოს ისტორიული წყაროების კრიტიკულად გაანალიზება, მაშინ მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელი ორიენტირებული იქნება იმის კვლევაზე, თუ რამდენად პროგრესირებს მოსწავლე ამ კომპეტენციასთან მიმართებაში. მაგ. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა მეფის მოღვაწეობას (ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ერეკლე II და ა.შ.). ამ კონკრეტული საკითხების მაგალითზე მასწავლებელი დაინახავს და აღწერს მოსწავლის წინსვლას იმ ფაქტორების ანალიზთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიული წყაროების სანდოობას ან ტენდენციურობას განაპირობებს.

განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის უკუკავშირისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც სწავლის პროცესის გააზრებაში ეხმარება. საყურადღებოა, რომ განმავითარებელი შეფასება ხდება კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით, სადაც იკვეთება მოსწავლის შესაძლბლობები, ცოდნა და ა.შ.

განმავითარებელი შეფასების მიზანი მხოლოდ მოსწავლის შეფასება არ არის და მისი საშუალებით: ბავშვი აქტიურად ერთვება სასწავლო პროცესში, გლობალურად იაზრებს სასწავლო მიზნებს; მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების საშუალებით შეისწავლის საკუთარი პრაქტიკის ძლიერ და სუსტ მხარეს. კერძოდ ის აანალიზებს თუ რატომ აქვს შეფერხებები მოსწავლეს, რაშიც ხშირად საკუთარ შეცდომასაც აღმოაჩენს.

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ წარმატებულია ის სკოლები და საგანმანათლებლო სისტემები, სადაც პედაგოგები თანმიმდევრულად აწარმოებენ განმავითარებელ შეფასებას.

როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის განმავითარებელი შეფასება? როგორ უნდა შევუწყოთ მოსწავლეს ხელი განმავითარებელი შეფასების გამოყენებით?

განმავითარებელი შეფასების წარმოებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება: სწავლა-სწავლება და განმავითარებელი შეფასება არის განუყოფელი ნაწილი. თუკი მასწავლებელი მოსწავლეებს ეხმარება კომპლექსური დავალების შესრულებაში და ადეკვატურ უკუკავშირს აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებასაც აწარმოებს. ადეკვატურ უკუკავშირში იგულისხმება (1) მოსწავლის მიღწევებისა და პრობლემების კონკრეტული აღწერა; (2) გრძელვადიან მიზნებთან მიმართებით პროგრესზე და სამუშაო პროცესზე მკაფიოდ ორიენტირებული კომენტარი; (3) იმის ანალიზი, თუ რა უწყობს/უშლის ხელს მოსწავლის წინსვლას. ეს ანალიზი უნდა გულისხმობდეს მასწავლებლის თვითშეფასებასაც.

ასევე იხილეთ:

X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სამ საგანში პროექტების განხორციელების ვალდებულება აქვთ – როგორია პროცესი და ეტაპები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური