GE

X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სამ საგანში პროექტების განხორციელების ვალდებულება აქვთ – როგორია პროცესი და ეტაპები

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო საფეხურს – X, XI და XII კლასებს,  დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში.

პროექტების განხორციელება ზემოხსენებულ სამ საგანში სავალდებულოა, თუმცა, ხელოვნებასა და მუსიკასთან მიმართებით სკოლას/კლასს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც ასეთია: ხელოვნება ან X კლასში ან XI კლასში (ჯამში საშუალო საფეხურზე 2 პროექტი);  მუსიკა ან X კლასში ან XI კლასში (ჯამში საშუალო საფეხურზე 2 პროექტი); სამოქალაქო განათლება X, XI და XII კლასის I სემესტრში (ჯამში საშუალო საფეხურზე 5 პროექტი).

ამდენად, როგორც ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი განმარტავს, თუ კონკრეტულმა კლასმა X კლასში (I და II სემესტრებში) აირჩია მუსიკის პროექტზე მუშაობა, XI კლასში ამ კონკრეტული კლასის მოსწავლეები პროექტებს გააკეთებენ ხელოვნებაში. ხოლო თუ X კლასში კლასმა პროექტები განახორციელა ხელოვნებაში, XI კლასში – პროექტებს განახორციელებს მუსიკაში.

განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფმა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შესახებ პედაგოგებისა და მშობლებისთვის განმარტებების მიცემა გზამკვლევის ფორმით დაიწყო და ცალკე გზამკვლევი დაუთმო საკითხს რა როლი აქვს სასწავლო პროცესში სავალდებულო პროექტს და როგორ ხორციელდება საგნის სწავლა-სწავლების ორგანიზება.

გზამკვლევის თანახმად, პროექტის შერჩევა ხდება მოსწავლესთან შეთანხმებით. პროექტი შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი და მასზე სამუშაოდ გამოყოფილია კვირაში 1 საათი. თუმცა, სკოლა/მასწავლებელი მოსწავლესთან/მოსწავლეებთან შეთანხმებით ადგენს პროექტზე მუშაობის გრაფიკს, სწავლების ფორმატს (მას შეიძლება არ ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული 45 წუთიანი გაკვეთილის სახე), ის შეიძლება წარიმართოს კლუბური მუშაობის მსგავსად, იმ დოზით და იმ ფორმატით, რასაც მოსწავლის/კლასის საჭიროება მოითხოვს.

რეფორმების ჯგუფის განმარტებით, პროექტებზე მუშაობის პროცესში და წარდგენის დროს მოსწავლეებს მიეცემათ განმავითარებელი უკუკავშირი წერილობით და/ან ზეპირი ფორმით, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ეს იქნება მასწავლებლის თუ სკოლის მხრიდან. როგორც 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეო ინტერვიუში ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ სავალდებულო პროექტის მომზადების შესახებ საუბრისას განმარტა, რადგან აღნიშნული სიახლისთვის პირველი წელია, სწორედ ამიტომ იქნება ამ ეტაპზე მხოლოდ განმავითარებელი უკუკავშირი მასწავლებლებისგან და ნიშნით არ შეფასდება.

სწავლა-სწავლების რა მიზანს ემსახურება პროექტების განხორციელება და რა შედეგი უნდა მიიღოს მოსწავლემ?

როგორც გზამკვლევში ვკითხულობთ, პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას მათთვის საინტერესო მიმართულებით, რომელიც შესაძლოა სავალდებულოდ არ იყოს დაფარული საგნების სტანდარტებით და ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე/თემებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

„ამავე დროს, პროექტების განხორციელება მოსწავლეებს გამოუმუშავებს დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვის, რესურსების მობილიზების უნარებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის იდეა/მიზანი, თემატიკა და მოსალოდნელი შედეგები მოიაზრებდეს კავშირს სკოლის განვითარებასთან; ითვალისწინებდეს სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობას და ჩართულობას; ასევე სასურველია, პროექტის განხორციელებამ განავითაროს თემთან/გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები“, – წერია დოკუმენტში.

რა ტიპის პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი თითოეულ საგანში?

სპეციალისტები ხსნიან, რომ სამოქალაქოგანათლებაში შეიძლება ოთხი ტიპის პროექტი განხორციელდეს: ინფორმირება, ადვოკატირება, ქველმოქმედება, ინფრასტრქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ხელოვნებასა და მუსიკაში პროექტები შეიძლება ემსახურებოდეს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, იყოს სამეწარმეო ტიპის პროექტი ან კვლევა (მაგ. საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია, საქართველოს რომელიმე მხარის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა, ეთნო-ტურიზმი და ტრადიციული მუსიკა, პერფორმანსი, ტექნიკური პროგრესის, სამეცნიერო მიღწევების გავლენა ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროზე/მუსიკაზე, არატრადიციული მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა).

გაეცანით მაგალითს პროექტის განხორციელების ეტაპების შესახებ

დეტალურად პროექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულ ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლების პროექტების სტანდარტებში (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა). მასწავლებლებს პროექტების განხორციელების პროცესში დაეხმარებათ მასწავლებლის სახელმძღვანელოები, სადაც მოცემულია საპროექტო ნიმუშები.

ასევე იხილეთ:

ექსპერტებისგან გაკრიტიკებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტი დამტკიცების ბოლო ეტაპზეა – რა დრო ექნებათ ავტორებს სახელმძღვანელოს შედგენისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური