GE

გარე დაკვირვების გავლას პანდემია ხელს ვეღარ შეუშლის

„ვისაც პანდემიის პირობებში არ მიეცა გარე დაკვირვების გავლის საშუალება, ისინი სექტემბერში ისევ დარეგისტრირდებიან, შედგება ახალი ცხრილი, თუკი იქნება ონლაინ ფორმატში სწავლება, ამ შემთხვევაში მასწავლებელს აღარ გადაუვადდება გარე დაკვირვება და ჩვენ ჩვეულებრივ ონლაინ გარე დაკვირვებას ვაწარმოებთ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მანანა რატიანმა განუცხადა.

მასწავლებლებისთვის, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ გარე დაკვირვების გავლა დარჩათ, რეგისტრაცია მოკლევადიანი იქნება. რაც შეეხება გაკვეთილის გეგმებს, მათი თავიდან  ატვირთვა მოუწევთ მასწავლებლებს.

„ძველი გეგმები ვერ გამოადგებათ, რადგან ეს იყო მეორე სემესტრის გეგმები, სხვა კლასების და სექტემბრიდან სხვა პროგრამით ასწავლიან და შესაბამისად, სხვა გეგმები დასჭირდებათ“, – აღნიშნა მანანა რატიანმა.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, დისტანციური სწავლება იქნება თუ არა, ცხრილის მიხედვით რომელ დღესაც მოუწევს მასწავლებელს გარე დაკვირვება, იმ დღეს დააკვირდებიან აუცილებლად.

განახლებულ მასწავლებლის სქემაში გარე დაკვირვება, წამყვანის და მენტორის სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, კვლავ რჩება პედაგოგის შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

„გარე დაკვირვებისას რაც გვქონდა, პირისპირ კლასში შესვლა და დაკვირვება, ამის ალტერნატივაც უკვე შემუშავებულია. ამ შემთხვევაში უკვე ვიქნებით მზად, იმიტომ რომ კრიზისმა გვაჩვენა, რომ ბევრი ალტერნატივა უნდა გვქონდეს. მასწავლებლის სახლი უფრო კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის საქმიანობას.

ახალის შემთხვევაში იქნება ისე, რომ ჩვენ მივალთ და მასწავლებლის ერთ დღეს დავაკვირდებით. მანამდე კი პორტოფლიოს შევისწავლით.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თემატური ერთეულები, მატრიცები უნდა იყოს შედგენილი გარე დაკვირვებისთვის. თუკი მასწავლებელი დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასწავლის, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოთხოვნებიც ამის მიხედვით გადალაგდება.

ჩვენ გვეცოდინება წინასწარ მასწავლებლის ცხრილი და შესაბამისად, იმ ცხრილის მიხედვით დავესწრებით მასწავლებელს. წინა დღით, რა თქმა უნდა, სკოლას შევატყობინებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით ხოლმე“, –  უთხრა EDU.ARIS.GE-ს მანანა რატიანმა.

მანანა რატიანი: ეს არ იქნება სტანდარტული პროფესიული უნარების გამოცდა სტატუსის ასამაღლებლად

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური