GE

გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, გარე დაკვირვების გავლის მსურველი უფროსი მასწავლებლების რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია 19 თებერვლიდან – 26 თებერვლის ჩათვლით eschool-ის ელექტრონულ სისტემაში იწარმოებს.

გარე დაკვირვება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში შემოწმებას ემსახურება, რომლის გავლაც უწევს უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად.

გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა ან აქვს დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირება 2017 წელს შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონში განახორციელა. პილოტირების რეჟიმში დარეგისტრირებული 105 მასწავლებლიდან გარე დაკვირვება 100-მა მასწავლებელმა გაიარა, რომელთაგან 86 შეფასდა დადებითად. 2018 წლის იანვრის თვეში გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შედეგად 42 მასწავლებელმა მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 44 მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილი აქვს 1 ან 2  კრედიტქულა დასაგროვებელი.

„პილოტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ანალიზის შედეგად გამოვლენილი სუსტი მხარეები ცვლილების სახით შეფასების ინსტრუმენტებსა და გარე დაკვირვების წესში აისახა. ეს ცვლილებები მიმართულია პროცესის მაქსიმალურად ღია და ობიექტური წარმართვისაკენ. ასევე, გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები,მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან. რათა სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნოს როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“, –  განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

როგორ ფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები სქემის მიხედვით – ვიდეოინსტრუქციები

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური