GE

„გასაუბრებაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი დიდი პლუსია“ – რას ფიქრობენ რეგიონებში კერძო უნივერსიტეტებზე?

დიპლომების სიყვარული ქართველებს ოდითგანვე ახასიათებთ. შვილის ორი დიპლომი მაშინაც კი საამაყოა, თუ ახლა საერთოდ ვერაფერში იყენებს მათ.  დიპლომით თავის მოწონების დროს, პროფესია მეორეხარისხოვანია, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ აღმოაჩინა, რეგიონებში ზოგიერთი უნივერსიტეტის დიპლომი სულაც არ „დიპლომობს“. გაირკვა, რომ წინა თაობის წარმომადგენლები არ ენდობიან კერძო უნივერსიტეტებს და მათ კურსდამთავრებულებს რეგიონში დასაქმების დროს პრობლემებიც კი შექმნიათ. იქ მაცხოვრებელი აბიტურიენტები თუ სტუდენტები დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე გვიყვებიან. აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტების ნაწილიც ამავე გავლენების ქვეშაა:

ივდო ოტობარი, სამეგრელოდან

სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგიონიდან ვერ ახერხებენ წასვლას, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი კარგი საშუალებაა განათლების მისაღებად. სტუდენტების ნაწილისთვის კარგია, მაგრამ ნაწილს არ აძლევს იმ ცოდნას, რასაც ელოდა. მშობლების ნაწილიც კმაყოფილია შვილი, რომ უნივერსიტეტში სწავლობს. მაგრამ ერთი „პრობლემა“ იჩენს თავს. მესხიას უნივერსიტეტს აქვს პროფესიული მიმართულება, რომელიც ძალიან მომწონს და ხშირად, უფრო კოლეჯად აღიქმება ვიდრე უნივერსიტეტად. რაც შეეხება დამსაქმებლებს, ადგილობრივი პირები პრობლემას არ ქმნიან კერძო უნივერსიტეტის გამო, მაგრამ ჩამოსული დამსაქმებელი, ვგულისხმობ სხვადასხვა კომპანიის სხვა ქალაქიდან ჩამოსულ წარმომადგენელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფრო სწყალობენ. ანუ პირდაპირ არ გეტყვიან, მაგრამ თუ იმავე პროფესიის სხვა კანდიდატიც არის სახელმწიფო უნივერსიტეტდამთავრებული, ის ურჩევნიათ. ანუ იმას უფრო ასაქმებენ, რადგან რეალურად, სხვა უნივერსიტეტები თბილისშია და სამწუხაროდ, ჯერაც ითვლება, რომ თბილისში უფრო შეიძლება ხარისხიანი განათლების მიღება.

მე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე მაგისტრატურაზე, რადგან კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც ძალიან მომწონს, ძვირი ღირს. ის მიმართულებები და უნივერსიტეტები კი, რაც უთანაბრდება სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასახადს, არ არის იმდენად პრესტიჟული. ამიტომ ვარჩიე, რომ მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილიყო. თუმცა საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ საქართველოში უნივერსიტეტებს, კერძო იქნება თუ სახელმწიფო, რაღაც კონკრეტული მიმართულება აქვთ ძლიერი და რაღაც არა. ვსწავლობთ განვითარებისთვის, მაგრამ მხოლოდ განვითარება არ არის საკმარისი. ანუ ვსწავლობთ დამსაქმებლებისთვისაც და მოთხოვნა რაზეც არის ის უნდა „დავაკმაყოფილოთ“. კერძო უნივერსიტეტში სწავლა რომ არაპრესტიჟულია და სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ  მეტად ფასობს, დამსაქმებლებიდან გამომდინარეობს.

სალომე შუშანიძე, აჭარიდან

ზოგადად, აჭარაში ბევრი სტერეოტიპი არსებობს განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ალბათ, ქვეყნის და რეგიონის განათლების დონიდან გამომდინარე, პრესტიჟულად ითვლება ნებისმიერ უნივერსიტეტში მოხვედრა და სწავლა. თუმცა კი, ისიც მართალია რომ  მოსახლეობის კონსერვატორ ნაწილს ნამდვილად აქვს ის წარმოდგენა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბევრად უფრო საფუძვლიანი და “სერიოზული” განათლების მიღება შეიძლება, ვიდრე კერძოში.

ზოგიერთი კომპანიის მფლობელისთვის გასაუბრებაზე დიდი პლუსია სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი, თუმცა, სტარტაპ და “ახალგაზრდა” კომპანიებიც მომრავლდა ახლა, სადაც საერთოდ არ ითხოვენ დიპლომს და სტუდენტებსაც უწყობენ ხელს. აჭარაში, ზოგადად, ნაცნობობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ რეკომენდაციას თუ გაგიწევენ, რომ ჭკვიანი და ღირებული ტიპი ხარ, შეიძლება საერთოდ არ მიაქციონ ყურადღება რა დიპლომი გაქვს. მოკლედ, ათასი ფაქტორი ახდენს აქაური ხალხის აზროვნებაზე და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას, საერთოდ სხვა სამყაროა ეს თავისი წესებით.

“ჩემი გოგო ჯავახიშვილში მოხვდა 100%-იანი გრანტით“  – ეს ბათუმში ყველაზე საამაყო ფრაზაა. მშობლებს ძალიან ხშირად უნდათ, რომ  “სერიოზულ პროფესიას“ დაეუფლონ ბავშვები – იურიდიულს, სამედიცინოს და ა.შ.

მე თვითონ კერძო უნივერსიტეტი, აგრარული დავამთავრე და დამსაქმებლები აქ მეუბნებიან, ბუღალტერად რომ ამიყვანონ, კურსები უნდა გავიარო სადმე და ჩემი დიპლომი არ მეყოფა“.

ია აბდუაშვილი ქარელიდან

„ჩემს მშობლებთან ან პედაგოგებთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ  სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე კერძოს. მაგალითად, თსუ-ის დიპლომით, შეგიძლია სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელო და კერძო უნივერსიტეტის დიპლომით, მგონი, არა. გამონაკლის შემთხვევებში კერძო უნივერსიტეტებმაც შეიძლება კარგი განათლება მოგვცეს. მე პირადად, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებ.

აბიტურიენტი მცხეთიდან

„სად გეპეის რომ დაამთავრებ და სად თსუ-ს – დაახლოებით, ასეთი განსხვავებაა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომებს შორის. სწავლის ხარისხიც უკეთესია სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იზა ბალხამიშვილი, მცხეთა-მთიანეთიდან

მე სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებ. ჩემს რაიონში ითვლება, რომ კერძო უნივერსიტეტის დიპლომს ძალა არ აქვს. ალბათ, გამოცდილების ხარჯზე, რადგან კერძო სასწავლებლებს ჯერ ფეხი არ აქვთ მოკიდებული და ძალიან ბევრი ახალგახსნილია. სწავლებას რაც შეეხება, ვფიქრობ, კერძო სასწავლებლებში მიღებული განათლება საკმაოდ კარგია, მაგრამ გადასახადის მხრივ უფრო ძვირია. მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტი …. კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც შავ ზღვას ჰქონდა რამდენიმე წლის წინ აკრედიტაციასთან დაკავშირებით. არის ბევრი სხვადასხვა მიზეზები.

მონაცემები იმის შესახებ, თუ მსოფლიოს რამდენ ქვეყანაშია საქართველოში მიღებული დიპლომი ნოსტრიფიცირებული (აღიარებული) არ არსებობს. აუღიარებლობის პრობლემა და ხელახლა სწავლის ვალდებულება კი უცხოეთში წასულ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უჩნდებათ, ეს ქართული რეალობაა.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური