GE

ღია წერილი განათლების მინისტრს – „ეს დანაშაულია, მე-9 კლასის ჩათვლით, მათემატიკის პროგრამა უნდა შემცირდეს მინიმუმ 15%-ით“

განათლების აკადემიური დოქტორი დიმიტრი გოშხეთელიანი განათლების და მეცნიერების მინისტრს ღია წერილით მიმართავს და ქვეყანაში მათემატიკის სწავლებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების პრობლემებზე საუბრობს. EDU.ARIS.GE გთავაზობთ წერილის ტექსტს, რომელიც ავტორმა მოგვაწოდა და განათლების მინისტრსაც გაეგზავნა:

ბატონო მიხეილ,

მათემატიკის სწავლებაში არსებული სამწუხარო რეალობა მაიძულებს გამოვიდე იმ სიყალბიდან, რაშიც ამ სისტემამ ჩაგვაგდო სასკოლო პროცესის თითოეული მონაწილე. არაერთგზის მოგმართეთ ღია წერილებით სკოლებში მათემატიკის სწავლების პრობლემასთან დაკავშირებით და გამოსავლის პოვნის მიზნით გაგიზიარეთ ჩემი, როგორც განათლების აკადემიური დოქტორის, პრაქტიკოსი მათემატიკის მასწავლებლისა და მათემატიკაში ათეულობით წიგნის ავტორის ხედვა.

სწორედ თქვენდამი დაქვემდებარებული უწყების არასწორი, არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად არსებობს სასკოლო განათლებაში მოსწავლის განვითარებისათვის ხელისშემშლელი სისტემა – მეთოდურად და შინაარსობრივად გაუმართავი წიგნები, ცრუ სწავლება, მოკლებული ფსიქოლოგიას, მეცნიერულ საფუძვლებს, ნებით თუ უნებლიეთ პედაგოგების მიერ ბავშვებში აზროვნების ჩაკვლა, მხოლოდ კრედიტქულებზე, მენტორობასა და წამყვანობაზე ორიენტირება და პედაგოგთა ტრენინგებით უზომოდ დატვირთვა მაშინ, როცა სასკოლო განათლება ფაქტობრივად არ არსებობს და ბავშვი ვერ იგებს სახელმძღვანელოს შინაარსს მასწავლებლის დახმარებითაც კი. მასწავლებლები კი თავად ვერ გაერკვნენ, რა ასწავლონ, რა დოზით და რა თანმიმდევრობით. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ არაერთმა მასწავლებელმა უკვე დაამთავრა გრიფირებული წიგნის პროგრამა.

ეჭვს ბადებს განათლების სამინისტროს პოზიცია, თითქოს ორკვირიანი ან თუნდაც საერთოდ მოკლევადიანი ტრენინგის გავლით მასწავლებელი შემოქმედი გახდება და თავად წარმართავს სასწავლო პროცესს გამართულად.

ჩემს წინარე წერილებში (წარმოგიდგენთ დანართთან ერთვის), მათ შორის, ღია წერილში მაშინდელ მინისტრ მ. ბატიაშვილისადმი,  მივუთითე არსებული სახელმძღვანელოებით ცრუ სწავლების ბევრი ფაქტი და ამჯერად მათ აღარ შევეხები. მხოლოდ შევნიშნავ, რომ ტრენინგები არაა საკმარისი მასწავლებლისთვის, რადგან მას სათანადო მეთოდურ რესურსსა და კარგ სახელმძღვანელოს არ სთავაზობთ. საფუძველი კარგი პროგრამა და სახელმძღვანელოა და მას ალტერნატივა არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კარგი, გამართული სახელმძღვანელოსა და კარგი პროგრამის გარეშე სასკოლო განათლების კრიზისი გარდაუვალია, რაშიც ვიმყოფებით კიდეც. ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო კვლევა, რომელთა ფაქტებსაც ვერ გავექცევით. მასწავლებელი ვერ გათვლის რისკფაქტორებს და არსებული გრიფირებული წიგნების გამოყენებით, ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ განსაზღვრავს, კონკრეტული საკითხის სწავლება რა დონეზე განავითაროს. ფაქტობრივად, საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია. მეთოდურად გაუმართავი და არასწორად შედგენილი სახელმძღვანელოების მიხედვით დისტანციურად სწავლებაც არ აღმოჩნდა შედეგიანი პანდემიის პერიოდში და სრულად გამოავლინა სასკოლო განათლების სისტემის კრახი. რა ინფორმაციაც მე მაქვს, არსად სწორად სწავლება არ მიმდინარეობს და მოჩვენებითი გაკვეთილები ტარდება. ამის გადამოწმება იოლია, საჭიროა მხოლოდ თქვენი კეთილი ნება – სკოლებში სტუმრობა (არ ვგულისხმობ ერთეულ შემთხვევებს). ამ ყველაფერმა გაანადგურა მასწავლებლის ავტორიტეტი.

ჩემი სიტყვების დასტურად გამოკითხეთ მოსწავლეები, მასწავლებლები და უმალ დარწმუნდებით. მეეჭვება, ათი მოსწავლე მაინც მოიძებნოს, რომელიც აღიარებს, რომ ეს გრიფირებული წიგნები მოსწონს და მათი საშუალებით სრულფასოვნად დამოუკიდებლად სწავლობს, ან ათი მასწავლებელი მაინც მოიძებნოს, რომელიც აღიარებს, რომ ამ წიგნებით შეიძლება სწავლება. მე პირადად ვერ მოვიძიე ასეთი 10 მოსწავლე და 10 მასწავლებელი, ხოლო სახელმძღვანელო რომ უვარგისია, ამის მტკიცება უკვე ზედმეტად მიმაჩნია.

ბატონო მინისტრო, იჩაგრებიან ბავშვები. ფაქტობრივად, ისინი მთელი სწავლების პერიოდში გაუმართავი სახელმძღვანელოების შედეგად კომპლექსდებიან და განიცდიან ფსიქოლოგიურ ჩაგვრას, ვერ იგებენ, ჩამორჩებიან, მათ არ აძლევენ გაგების და აზროვნების  საშუალებას, ისინი ხდებიან  არასწორი სწავლისა და სწავლების მსხვერპლი, კარგავენ მოტივაციას, დაბალი აქვთ თვითშეფასება, არიან დათრგუნულები, ეზარებათ სწავლა. მიმდინარეობს ბულინგი (ვიმეორებ, ბულინგი) მათ მიმართ ამ სახელმძღვანელოების შემქმნელებისა და სისტემის მხრიდან. ბავშვები არ არიან საცდელი, საექსპერიმენტო თეთრი ვირთხები, რაც მიაჩნიათ ამ უვარგისი წიგნების ავტორებსა და შემფასებლებს. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე გაკვეთილების შემდეგ, იმ გაკვეთილებისა, რომლებიც მისთვის გაუგებარი და არაფრისმომცემია, დაკავდეს სპორტით, ხელოვნებით, სკოლისგარეშე აქტივობებით, დაკავებულია არაფრისმომცემი დავალებების ცრუ მომზადებით – არაფრისმომცემი დავალებების გადაწერით, რეპეტიტორების დახმარებით. თავიდან ბოლომდე ყალბია საშინაო დავალებაც, საკონტროლო წერაც და შემაჯამებელი წერაც, აქედან გამომდინარე – სემესტრული ნიშანიც. დღეს ამ ვითარებაზე ღიად იშვიათად საუბრობენ, რაც დანაშაულად მიმაჩნია.

ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად გთავაზობთ ბავშვებისთვის სწორ სწავლებას, ფსიქოლოგიაზე დაფუძნებულს. მათ უნდა გავუგოთ და დავეხმაროთ ამ ძალადობისგან თავის დაღწევაში, უნდა მივაწოდოთ განმავითარებელი სწავლება, ბავშვს უნდა უხაროდეს სკოლაში მისვლა და სკოლის შემდეგ საქმიანობაც. ვიმეორებ: ბავშვები არ არიან უვიცი ავტორებისა და შემფასებლების საცდელი ვირთხები.

ბატონო მინისტრო, ახალი არაფერი გამომიგონებია და აღმომიჩენია, ჩემი სწავლება ეფუძნება სწორედ მეცნიერულ პრინციპებს, რომელთა გათვალისწინებითაც, კერძოდ, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის საფუძვლების მიხედვით, წლების წინ იყო დაწერილი მათემატიკის წიგნები. მაქვს დიდი კომპეტენცია და რეალური ხედვა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენ გოგებაშვილის, უზნაძის, მუსხელიშვილის, ვეკუას ქვეყანაში ვცხოვრობთ და მათი მეცნიერული კონცეფციებისა და სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის მეშვეობით მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ნაცვლად, ესტონური სკოლის მოდელს შევყურებთ და ესტონური პრაქტიკის გაზიარებასა და დანერგვას ვცდილობთ სასკოლო სივრცეში. თავმოყვარეობა დავკარგეთ და „ახალი სკოლის მოდელიო“ გავიძახით, არასრულფასოვანი გავხდით.

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ფაქტზე, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობის პარალელურად ვატარებ საავტორო ინტერნეტ გაკვეთილებს, რომლებიც მოიცავს სწორი სწავლების მეთოდებს და ორიენტირებულია მოსწავლეზე. განსხვავებით არსებული სასკოლო მათემატიკის სახელმძღვანელოებისა და დისტანციური სწავლებისგან, ჩემი ინტერნეტ გაკვეთილებით მოსწავლეთა უმეტესობას შესაძლებლობა ეძლევა დამოუკიდებლად შეისწავლოს მათემატიკის საკითხები.

მივესალმები სამინისტროს ყველა იმ წამოწყებას, რაც წაადგება სასკოლო განათლების განვითარებასა და სრულყოფას, მაგრამ ვერ გავიგე, ამ ყველაფრის საფუძველი რატომ არის უვარგისი სახელმძღვანელოები?! მეტსაც გეტყვით: არაერთხელ გავაკეთე განცხადება, სიტყვით გამოვედი პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, მათემატიკის საზოგადოების (პრეზიდენტი პროფ. დ. ნატროშვილი) წინაშე, რომ მე-9 კლასის ჩათვლით პროგრამა მათემატიკაში უნდა შემცირდეს მინიმუმ 15%-ით და მე-10-მე-12 კლასებში უნდა მოხდეს მათემატიკის დიფერენცირებული სწავლება სამ დონეზე: აუცილებელი, საშუალო და რთული კურსი. თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია მოგაწოდოთ ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვა, შესაბამისი მასალები.

ბატონო მინისტრო, არსებულმა განათლების სამინისტროს მიდგომამ (გაუთავებელი ტრენინგები, ქოუჩები…) მთლიანად სიყალბეში ჩააგდო სასკოლო განათლება, სადაც არც სწავლა მიმდინარეობს და არც სწავლება და ყველაფერი სიყალბეა. მაგ.მოსწავლე არის მე-10 კლასში და მან არ იცის მე-4-მე-5 კლასების მასალა, შესაბამისი კლასის მასალა  და ასეთ მოსწავლეთა რიცხვი მინიმუმ 90%-ია.

რატომ ებრძვით სამინისტრო თქვენი ყოვლად გაუმართლებელი, გაუაზრებელი, დაულაგებელი პოლიტიკით ჩვენი შვილების განათლებას?! ასეთი უგულო როგორ ხართ?! რატომ აიძულებთ ამ საშუალო დონის შემფასებლებს ჩვენი შვილების განვითარებას?! რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ, რომ ჩვენს შვილებს, როგორც საცდელ ვირთხებს, ისე ექცევით?! – არ ებრძვით? – მაშინ შევიდეთ ნებისმიერ სკოლაში და შევამოწმოთ. სწორედ აქ დამტკიცდება ჩემი სიტყვების სიმართლე და წერტილიც დაისმება. მაგალითისთვის: მე-3 კლასის წიგნთან მქონდა შეხება და ვერ გავიგე, რატომ არის მასში შეტანილი წილადი, მით უმეტეს, რომ არ არის გათვალისწინებული სკოლის პროგრამით. არ არის ეს დანაშაული?

ბატონო მინისტრო, მიეცით მასწავლებელს უფლება,უარი თქვას და გადადოს გაუმართავი, სისტემურად დაულაგებელი, ბავშვის დამამცირებელი გრიფირებული სახელმძღვანელო, დაიცვას მათგან მოსწავლეები და სურვილის შემთხვევაში თავად აირჩიოს, რომელი წიგნით ასწავლოს. მასწავლებელმა მშობელთან შეთანხმებით, მშობლის სურვილის შემთხვევაში, უარი უნდა თქვას არსებულ სახელმძღვანელოზე და სწავლება წარმართოს ალტერნატიული წიგნებით, რომლებსაც მშობელი თავისი ხარჯით შეიძენს. საკითხი ძალიან მარტივად წყდება: მასწავლებელმა მთლიანად უნდა გადადოს გვერდზე არსებული უვარგისი წიგნები და სწავლება წარმართოს ალტერნატიული პროგრამითა და სახელმძღვანელოებით.

ვფიქრობ, საკითხი მოითხოვს უმოკლეს ხანში სამართლებრივად გადაწყვეტას და შესაძლებლობის დაშვებას თქვენი მხრიდან, რომ მასწავლებელს შეეძლოს, სურვილის შემთხვევაში გადადოს გვერდზე უვარგისი გრიფირებული სახელმძღვანელოები და მშობლის თანხმობით ისინი ჩაანაცვლოს სხვა, თუნდაც ჩემი წიგნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული კრიზისი გაღრმავდება და უფსკრულში აღმოვჩნდებით. მალე საერთაშორისო კვლევაში 66-ე ადგილიდან ბოლო 78-ე-ზე გადავინაცვლებთ.

მზად მაქვს და, შესაბამისად, თქვენ მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში წარმოვადგენ მათემატიკის სწავლების პროგრამას, რომელიც შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, შევადგენ კურიკულუმს ასევე მასწავლებელთან შეთანხმებით.

ბატონო მინისტრო, დროის გაყვანა, უმოქმედობა, მოვლენების ასე ყურება დანაშაულია. პირადად მე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოვამზადე პედაგოგთათვის სპეციალური ონლაინ კურსი და შეუძლიათ გაეცნონ  ინტერნეტით, უფასოდ. საკმარისი გამოცდილება გამაჩნია პრაქტიკულად ამ კუთხით და ბევრმა მათგანმა მომმართა კიდეც დახმარებისთვის.

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ფაქტზე, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობის პარალელურად ვატარებ საავტორო ინტერნეტ გაკვეთილებს, რომლებიც მოიცავს სწორი სწავლების მეთოდებს და ორიენტირებულია მოსწავლეზე. განსხვავებით არსებული სასკოლო მათემატიკის სახელმძღვანელოებისა და დისტანციური სწავლებისგან, ჩემი ინტერნეტ გაკვეთილებით მოსწავლეთა უმეტესობას შესაძლებლობა ეძლევა დამოუკიდებლად შეისწავლოს მათემატიკის საკითხები.

ბატონო მინისტრო, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არა მარტო მასწავლებელს, მოსწავლესაც უნდა მიეცეს უფლება, აირჩიოს მისთვის მისაღები მათემატიკის გაკვეთილი. მოსწავლესაც უნდა ჰქონდეს უფლება, უარი თქვას  სასკოლო სწავლებაზე და აირჩიოს ინტერნეტ გაკვეთილი. თუ მოსწავლე ვერ იგებს, არ მოსწონს სასკოლო პროგრამა და უნდა, რომ ისწავლოს ინტერნეტით, თუნდაც ჩემთან, მას უნდა მიეცეს უფლება, მშობელთან ერთად უარი თქვას სკოლის მათემატიკის გაკვეთილზე, მოჩვენებით, ყალბ სწავლებაზე, არ დაესწროს მას და აირჩიოს ალტერნატიული გზა, ვიდეო გაკვეთილები ან ონლაინრეჟიმით, დისტანციურად მიმდინარე გაკვეთილები. ვფიქრობ, თქვენმა უწყებამ უნდა შექმნას აღნიშნულის განსახორციელებლად სამართლებრივი საფუძველი და მისცეს მოსწავლეს თავისი არჩევანის განხორციელების შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ და უდიდეს ცოდვას ჩავიდენთ მოსწავლეთა წინაშე, ჩადენილი გვაქვს კიდეც. ამ კრიზისიდან გამოსავალი ერთადერთი გზა კი არის ალტერნატიული სახელმძღვანელოების შექმნა და მათთვის მწვანე შუქის ანთება. გვეყო, 20 წელზე მეტია, მავნებლური სახელმძღვანელოების ყურება. ამოვიდა ყელში! გვეყო! გვეყო! გვეყო! მით უმეტეს, ვართ რაზმაძის, მუსხელიშვილის, ვეკუას ქვეყანა! ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია!თუ ამ ერთადერთ გზას არ გადაგვიჭრით,  შესანიშნავი წიგნები დაიწერება ფიზიკაშიც, ქიმიასა და მათემატიკაშიც. გვეყო ორი საშუალო დონის შემფასებლის ამარა წიგნების შერჩევა, რომელთაც არავითარი კომპეტენცია არ გააჩნიათ! გვეყო! გვეყო!

მოგეხსენებათ, რაც არ უნდა კარგი პროგრამა და სახელმძღვანელო არ უნდა შევთავაზოთ ბავშვებს, ყველა ერთნაირად მაინც ვერ ისწავლის და მე მაქვს სწორი ხედვა ამ საკითხზე: უნდა მოხდეს დიფერენცირება და მათემატიკაში სხვადასხვა სასწავლო ჯგუფის შექმნა განსხვავებული მიდგომებითა და მასალით. მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ, რომ ბავშვს სკოლაში მისვლა და სწავლა უხაროდეს.

როგორც ჩემს ერთ-ერთ წერილში მივუთითე, განათლების მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა მეცნიერთა და პროფესიონალთა მოსმენა და ვუერთდები ჩემი კოლეგა მეცნიერის მოსაზრებას: „ამ საქმეში საჭიროა ჩართულ იქნეს: თსუ ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი, თსუ ი. ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, სტუ ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი და საქართველოს განათლების აკადემია.“ მისასალმებელი იქნება, თუ განათლების სამინისტრო ამ წინადადების განხორციელებასაც შეუწყობს ხელს.

ერთი რამ უნდა გავიგოთ: მავნებელ ავტორს წიგნის დაწერა არც შეუძლია, ამავე დროს, შემფასებლებს წიგნის შეფასება არ შეუძლიათ და ვერც შეაფასებენ, იმდენად უვარგისი და მეთოდურად გაუმართავია.

ბატონო მინისტრო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება სკოლაში მათემატიკის სწავლებაში ყველა ზემოაღნიშნული პრობლემის დაძლევის კუთხით ჩემ მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე: მასწავლებლისა და მოსწავლის თავისუფალ არჩევანზე, აირჩიონ მათთვის სასურველი წიგნი, პროგრამა და სწავლების ფორმა, მთლიანად გადადონ გვერდზე გრიფირებული სახელმძღვანელოები, ვიმეორებ, მთლიანად გადადონ გვერდზე, თუნდაც ჩატარდეს გამოკითხვა, ვის რა გაუკეთებია ღირებული სასკოლო განათლებაში, მოხდეს მაღალ კლასებში მათემატიკის გაკვეთილების დიფერენცირება და ჯგუფებად დაყოფა. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, თქვენთან თანამშრომლობისთვის, წარმოგიდგენთ ჩემს მზა პროგრამებს. მზად ვარ ასევე საქმიანი შეხვედრისთვის ყველა იმ ავტორთან, რომლებიც ზღვარს არ არიან გადასულნი. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ მიერ მიღებულ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება ისევ და ისევ თაობათა საკეთილდღეოდ.

მიხეილ ჩხენკელი: „სკოლის ძალიან ბევრი სახელმძღვანელო ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური