GE

გოგებაშვილისეულ ახალ დედაენას 14 ავტორი ჰყოლია – სამინისტროს მოულოდნელი პასუხი

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ EDU.ARIS.GE-ს კითხვას, ვინ არის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი დედაენის ადაპტირებული ვერსიის მაკეტის, ანუ სახელმძღვანელოს ავტორი, მოულოდნელი პასუხი გასცა.

როგორც უწყებაში გვიპასუხეს „სახელმძღვანელოზე დედაენისთვის შექმნილმა მთლიანმა კომისიამ იმუშავა.“

ცნობისთვის, კომისია 14 კაცისგან შედგება და მათ შორის არიან თავად მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე) მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც მოიწვია და უძღვებოდა კიდეც კომისიის პირველ სხდომას და მისი მოადგილე ირინა აბულაძეც. აი შემადგენლობის სიაც:

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი ზაზა გაბუნია, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც, როგორც მან EDU.ARIS.GE-ს უთხრა, კომისიის დაკომპლექტებისთანავე ჩანაცვლდა და კომისიის წევრი ეროვნული ბიბლიოთეკიდან არის ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე (კახა) გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა.

სამინისტროს არ აქვს ჩვენთვის პასუხი, თუ როდის გახდება შესაძლებელი მაკეტის ელექტრონული ვერსიის ნახვა. მეტიც, უცნობია, როდის დაეგზავნებათ ის საჯარო სკოლებს შესარჩევად და მოესწრება თუ არა ეს ყველაფერი სახელმძღვანელოს ბეჭდვასთან ერთად ადეკვატურ ვადებში. ცხადია ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი რამ განიცადა ადაპტაცია. მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ სკოლებს დედაენის ახალი მაკეტი სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად წარედგინებათ და ეს არ იქნება მხოლოდ ბოლოს ადაპტირებული დედაენა. სამინისტრო გვამშვიდებს, რომ ყველაფერი წესისამებრ განხორციელდება და უახლოეს პერიოდში დამატებით ცნობებს გამოაქვეყნებენ.

იწვევს თუ არა 14 თანაავტორი და ყოველივე ზემოთქმული არასერიოზულობის განცდას, დღეს პრემიერის მიერ ვარიანში მოწყობილ ზეიმთან ერთად, ამის შეფასება მკითხველისთვის მიგვინდვია. ვეცდებით, პასუხი დღეს და მომდევნო დღეებში გაჩენილ კითხვებზე მივიღოთ და ცხადია დავაკვირდეთ პროცესს. რა დაჯდება ახალი სახელმძღვანელოს ბეჭდვა, ვინ დაბეჭდავს და როგორ წარიმართება ეს პროცესი, მომავლის კითხვებია.

ამავე თემაზე:

იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი დედაენის სახელმძღვანელოს მაკეტს გრიფი მიენიჭა

სექტემბერში პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის დედაენას მიიღებენ – მამუკა ბახტაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური