GE

გორის საგამოცდო ცენტრში სამედიცინო დახმარება 30 აბიტურიენტს დასჭირდა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019-ის მეორე საგამოცდო დღეა. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მათთან მიმართვა როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ გულშემატკივრებს შეუძლიათ.

გორის საგამოცდი ცენტრში სამედიცინო დახმარება ამ დრომდე 30 აბიტურიენტს დაჭირდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ გვერდწითელმა უთხრა.

გვერდწითელის განმარტებით, მედიკოსებს აპლიკანტები ძირითადად ნერვიულობის ნიადაგზე გამოწვეული სიმპტომებით მიმართავდნენ.

,,ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სამივე სესიაზე აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში მყოფ ექიმს თავის ტკივილითა და მსუბუქი სტრესით მიმართავდნენ. სხვა რაიმე გართულება არ ყოფილა“, – განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან კი, სასწრაფოს მანქანის გამოჩენას გულშემატკივრებს შორის ჩოჩქოლი მოჰყვა.

“ფეხმძიმე გოგო შევიდა, ნეტავ ის ხომ არ გახდა ცუდად”, “ვაიმე რა ხდება”, “ისედაც ვნერვიულობთ კიდევ ეს გვინდა?”…

როგორც გავარკვიეთ, რეალურად, საგამოცდო ცენტრთან მორიგე სასწრაფოს ეკიპაჟებმა ერთმანეთი ჩაანაცვლეს.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს: ნიკა გაბლიშვილმა და თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური