GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა.

უნივერსიტეტის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა მეცნიერებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, განათლებისა და კვლევის სფეროში მათი წვლილის განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე უნივერსიტეტი ვერ იქნება წარმატებული ქალ მეცნიერთა აქტიური მონაწილეობის, პროფესიონალიზმისა და ლიდერული უნარების გარეშე. რექტორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს უჭერს აკადემიურ სივრცეში თანასწორ შესაძლებლობებს და ამაყობს იმ ქალ მეცნიერთა მიღწევებით, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან უნივერსიტეტის სამეცნიერო ავტორიტეტს.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.

დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ:

  1. სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი თამილა კოშორიძე – მოხსენება თემაზე „გამოჩენილი ქალი მეცნიერები გორიდან“;
  2. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, კოლეჯ „განთიადის“ ხელმძღვანელი ანა დათუაშვილი – მოხსენება თემაზე „ქალი მეცნიერები გორის უნივერსიტეტის სათავეებთან“;
  3. რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი – მოხსენება თემაზე „გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები და დღევანდელობა“.

ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორმა სამი წარმატებული მეცნიერი ქალი დააჯილდოვა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედლები გადაეცათ:

  1. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თეა ხორგუაშვილს;
  2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ქეთევან ბარბაქაძეს;
  3. განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ლელა ალექსიძეს.

დასასრულს მოეწყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ ქალთა ნაშრომების გამოფენა, რომელმაც უნივერსიტეტში მოღვაწე ქალ მეცნიერთა მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერებაში ქალთა როლის მნიშვნელობას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური