GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“-ის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“-ის საზეიმო დახურვის ღონისძიება ჩატარდა – აღნიშნულმა მასშტაბურმა პროექტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მრავალფეროვანი, შემოქმედებითი, აქტიური და ენერგიით სავსეა საუნივერსიტეტო სტუდენტური ცხოვრება.

უნივერსიტეტის მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების პირველი ნაწილი უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნატალი გრიგალაშვილმა მუსიკალურად გახსნა. საღამოს განსაკუთრებული ელფერი კი მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრამ შესძინა. ღონისძიებას საზოგადოებისთვის პოპულარული სერიალის, Comedy group-ის მსახიობები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ: ჯონი ჯანჯალაშვილი, ალეკო მალხაზიშვილი, მაკა ხიზანიშვილი, გივი პაპავა, ლევან კაციაშვილი, შოთა ნოზაძე, გიორგი შერმადინი, გიგი გიგილაშვილი, კახა კავზინაძე, შოთა გელაშვილი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ მხიარულთა და საზრიანთა გუნდ „კეხურას“ კაპიტანი. ისინი მიესალმნენ სტუდენტებს, მადლობა გადაუხადეს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოწვევისთვის და შემდგომი წარმატება უსურვეს.

გასული დღეების განმავლობაში უნივერსიტეტში განსაკუთრებით დინამიური გარემო სუფევდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს, გამარჯვებულსა და გულშემატკივარს აქტიური ჩართულობისთვის.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა, მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე.

ღონისძიების მეორე, დასკვნითი ნაწილი მთლიანად სტუდენტებისა და მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალს დაეთმო.

მოწვეულ სტუმრებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა უნივერსიტეტში მსგავსი აქტივობების, სტუდენტთა სპორტული და შემოქმედებითი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სხვადასხვა ნომინაციაში აქტიურობისა და მიღწეული წარმატებებისთვის დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერი ორგანიზებულ „სტუდენტური დღეები 2026“-ის აქტიური მონაწილეები:

  • ხალხური ცეკვის ჯგუფი (ხელმძღვანელი ნინო აფრიამაშვილი);
  • მომღერლების ჯგუფი (ხელმძღვანელი თეა ქიტიაშვილი);
  • ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებული სტუდენტები;
  • მინი ფეხბურთის შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატში გმარჯვებული სტუდენტები;
  • ფრენბურთის შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატში გამარჯვებული სტუდენტები;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გამრთულ „სტუდფესტი 2026“-ის და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულ „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ის საპრიზო ადგილების, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები;
  • ახალციხეში გამართულ კრივის ჩემპიონატში, „ახალციხის ღია პირველობა მერიის თასზე“, გამარჯვებული, პირველი ადგილის და ოქროს მედლის მფლობელი;
  • 2026 წლის 26 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისს, ქ ოზურგეთში ორგანიზებულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეები;
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარებულ ქართული კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები;
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარებულ ესსების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ: დავით კვერნაძე – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ზურაბ ზურაბაშვილი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

ღონისძიებას უძღვებოდნენ: სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი ლიზი ბალახაშვილი და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი მამუკა ნადირაძე.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა ახალგაზრდას ამ წარმატებას და მომავალ პროფესიულ წინსვლას უსურვებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური