GE

გორის უნივერსიტეტის რექტორმა გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

12 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა ჩაატარა შეხვედრა და წარადგინა წლიური, 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიში, სადაც აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო გასული წლის მიღწევები, მიმოიხილა განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები.

რექტორმა ანგარიშის დროს განსაკუთრებით აღნიშნა გორის უნივერსიტეტის ჩართულობა განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში, ისაუბრა ამ კუთხით უნივერსიტეტის მიღწევებზე და განიხილა საერთაშორისო კავშირების გაფართოების საკითხი. 

გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გასული წელი დატვირთული იყო როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობით, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენცია, საჯარო ლექცია და აქტივობა. 

რექტორმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივ ხელისუფლებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისათვის. ასევე თითოეულ პროფესორს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის გაძლიერების პროცესში გაწეული სამსახურისათვის.

შეხვედრის დასასრულს გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური