GE

მშობლებსა და მასწავლებლებს მომავალი სასკოლო წიგნების მაკეტების ნახვა უკვე შეუძლიათ – პორტალი ჩაირთო

მოსწავლეების მშობლებს, მასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, უკვე აქვთ შესაძლებლობა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ჩაერთონ. გასულ თვეში განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული გრიფირების პორტალი უკვე ამოქმედებულია.

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესი 4 მარტს დაიწყო და 18 მარტამდე გაგრძელდება. პროცესის დასრულების შემდეგ, სამინისტრო დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის მე-7 და მე-8 კლასების და მე-9 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტებიდან არჩეულ საუკეთესო ვარიანტებს გრიფს მიანიჭებს და მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში შეიტანს.

„2021 წლის 4 მარტიდან იწყება ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

„სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის. საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა. საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება“, -ნათქვამია განათლების საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია უკვე გაიარა მე-8 და პირველკლასელი მოსწავლეების დედამ ეკა ნებიერიძემ. ის EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ საიტზე ძალიან დიდი მასალაა და 18 მარტამდე ფიზიკურად შეუძლებელია ერთმა დაინტერესებულმა პირმა ყველაფერი წაიკითხოს, მაგრამ ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ პროცესში პედაგოგები ჩაერთვებიან და სახელმძღვანელოების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.

„მე-8 კლასის მოსწავლის მშობელი ვარ. ის, მომავალ წელს, მე-9 კლასში, სწორედ ამ ახლადგრიფირებულ წიგნებს მიიღებს. დავრეგისტრირდი პორტალზე, ძალიან კარგია, რომ მაქვს შესაძლებლობა წარდგენილი ვარიანტები ვნახო, მაგრამ იმდენად დიდი მასალაა, თითო საგანში რამდენიმე სახელმძღვანელო და ასევე რამდენიმე რვეული, ფიზიკურად შეუძლებელია დეტალურად გაეცნო 18 მარტამდე. მაშინ არ უნდა მუშაობდე და სხვა საქმე არაფერი არ უნდა გქონდეს. ამის შემოწმებას, რა თქმა უნდა, სჭირდება სპეციალისტი, პედაგოგი ვინც უშუალოდაა ჩართული საგნის სწავლებაში და კარგად იცნობს, თუ არ სირთულეები არსებობს. გამოდის, ისევ გრიფირების კომისიაა თუ რაც ქვია, მათი პროფესიონალიზმის იმედად უნდა ვიყოთ. ესეც დადებითია, რომ ნებისმიერ პირს, იქნება მშობელი თუ სპეციალისტი, შეუძლია დარეგისტრირდეს და გამოთქვას თავის მოსაზრება. ამ ეტაპზე რაც ვნახე მაგ. მე-9 კლასის ლიტერატურის ერთ-ერთი მაკეტი, ძალიან მომეწონა. ვნახე ასევე მე-8 კლასის რუსული ენის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ვარიანტი და ახლა რაც აქვს ბავშვს, მასთან შედარებით ძალიან კარგია“, – ამბობს ეკა ნებიერიძე.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით განისაზღვრება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური