GRUNI-ში პოზიტიური მშობლობის პროგრამის განსახორციელებლად ერთკვირიანი ტრენინგი ჩატარდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში 30 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში ფსიქოლოგებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 8 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, GRUNI-ს ადამიანის უფლებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს მუშაობას პოზიტიური მშობლობის პროგრამის განსახორციელებლად. პირველი განხილვა, უნივერსიტეტში, შედგა 2024 წლის 24 აპრილს, აკადემიური პერსონალის, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროგრამის შესაბამისად, 2024 წლის 30 ივლისიდან, ქართველი ფსიქოლოგებისათვის, ჩატარდა ერთკვირიანი ტრენინგი ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნებისთვის. სწავლებას უძღვებოდა გერმანელი მეცნიერი, დოქტორი ანდრეას ბოდემანი, მწვავე კონფლიქტების, ონლაინკონსულტაციისა და დიგიტალიზაციის სფეროს დოცენტი, ოჯახის თერაპევტი.
პროგრამა ეფუძნება გერმანულ გამოცდილებას, ბერლინის ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების მონაწილეობით. მისი მიზანია, დაეხმაროს მშობელს ორი მიმართულებით:
პრევენცია, რომელიც გულისხმობს პრობლემის წარმოქმნისთანავე პროცესში პროფესიონალის ჩართვას, რათა პირდაპირი საფრთხე არ შეექმნას ბავშვის კეთილდღეობას, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ბავშვის ოჯახიდან განცალკევებას;
რეინტეგრაცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს დახმარებას განცალკევებული ბავშვების ოჯახში დასაბრუნებლად, მშობლის გაძლიერებასა და შესაბამისი უნარების შეძენას, რათა მან ღირსეულად შეძლოს ოჯახში დაბრუნებულ ბავშვზე ზრუნვა.
პროგრამის საჭიროება გამოიკვეთა მტკიცებულებების საფუძველზე, პროექტის განხორციელებისას მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციის შედეგად.
2024 წელს დაგეგმილია პროექტის საპილოტედ განხორციელება. მასში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ასევე, ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები.
პროგრამა ხორციელდება საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით
- GRUNI-ს ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ბათუმის წარმომადგენლობაში წარადგინეს მოხსენება – „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი“ by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს პროფესორის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი