„გულის სიღრმეში იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც ცოცხლობს, რომ სასწავლებლები გაიხსნება“, – ახალგაზრდების მზაობა და მოლოდინები
EDU.ARIS.GE-ს ხშირად წერენ 2021წლის აბიტურიენტები, რომელთაც გამოცდების ციებ-ცხელება უკან მოიტოვეს და ახლა ერთი სული აქვთ თავიანთ უნივერსიტეტში შეაბიჯონ და პირველკურსელობის ამაღელვებელი ემოციები განიცადონ, თუმცა სწავლის სააუდიტორიო სივრცეში განახლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში გახდება ცნობილი და ესეც დამოკიდებული იქნება როგორც იმუნიზაციის შედეგებზე, ისე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
ამ ფონზე, იმედგაცრუებული, უხალისო, გულდაწყვეტილი – ასე შეიძლება შეფასდეს ახლა იმ ახალგაზრდებს მდგომარეობა, რომლებიც წელს გახდნენ სტუდენტები და სწავლის დაწყება, დიდი ალბათობით, ისევ კომპიუტერის ეკრანებთან მოუწევთ. ამ ფაქტმა, მათთვის, ყველაფერი შეცვალა – გაანელა სტუდენტობის სიხარული, შეამცირა ენთუზიაზმი და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერიოდი უღიმღამო გახადა.
სტატიაზე მუშაობისას, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ ახალგაზრდა, უკვე სტუდენტი, რომელიც ამ ფაქტს ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს და შექმნილ მდგომარეობას მეტ-ნაკლები გაგებით ეკიდება. ასეთივეა იმ პირველკურსელების მდგომარეობა, რომელთაც სტუდენტობის პირველი წელი დისტანციურად დახურეს და მეორე კურსზე ისე გადადიან, რომ საკუთარ ლექტორებს, ჯგუფელებსა და კურსელებს არც კი იცნობენ. იმ ახალგაზრდების უმეტესობა, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, მზადაა აიცრას, თუკი ეს უნივერსიტეტების კედლებში შესვლის შესაძლებლობას მისცემთ და თანატოლებსაც იგივესკენ მოუწოდებენ.
საბა სამუშია საერთაშორისო სამართლის მომავალი სპეციალისტია. მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ და მათი ფუნქციონირების შეფერხება, წლების შემდეგ, სავალალო შედეგს გამოიღებს. ფიქრობს, რომ სკოლაშიც, ონლაინ სწავლებამ არ გაამართლა და პირველ რიგში განათლების დაბალ ხარისხზე წუხს, თუმცა არა მხოლოდ ამაზე. ამბობს, რომ მოსალოდნელი დისტანციური პირველკურსელობა მის მოლოდინებს კრიტიკულ მინიმუმამდე ამცირებს.
„მე რეგიონში ვცხოვრობ და ჩემთვის ახალი პერსპექტივები უნდა გახსნილიყო. ვგიჟდები ჩემი სოფლისთვის, მაგრამ აქედან ჩემი ოცნებების რეალიზებას 100%-ით ვერ შევძლებ. კიდევ ერთი პრობლემაა სტუდენტების ნიჰილიზმი. მოსწავლეების მსგავსად, მათთვისაც რთულია საათების განმავლობაში ეკრანზე კონცენტრირება. მით უმეტეს მაშინ, როცა დიდმა ნაწილმა არც იცის, როგორ, ან როდის უნდა გამოიყენოს ონლაინ მიღებული განათლება. ამიტომ დამწყდება გული. ბევრი შემედავება – ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხეო, მაგრამ ისე არ ხვდებიან ადამიანები ერთმანეთს? თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. ან, წლების შემდეგ პროფესიონალთა სიმწირის გამო ქვეყნის განვითარება რომ შეფერხდება, ეგ არ შეუქმნის საფრთხეს ხალხს? არ ვიცი, რა ვთქვა. სკოლა ისე დავამთავრე, ვითომ არც მივლია, თითქოს დამავიწყდა წინა 11 წელი, რომელიც კლასელებთან გავატარე. ვიცი, რომ უნივერსიტეტშიც ასე მოგვიწევს ყოფნა და ამაზე ძალიან ვნერვიულობ. რაღაც ოქროს შუალედი უნდა მოინახოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სტუდენტების ნაწილისთვის სწავლის უკან ბევრი რამ დგას. უმეტესობას თავად უწევს სწავლის ფულის გადახდა, მუშაობა. უპერსპექტივობის განცდა კი ყველაზე დამანგრეველია“, – გვეუბნება საბა.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთ-ერთი პირველი აიცრა და იმისთვის, რომ სტუდენტებმა, პირველკურსელებმა უნივერსიტეტებში შესვლა და სტუდენტობის გემოს გაგება შეძლონ, თანატოლებსაც ამისკენ მოუწოდებს -„ეს არის ერთადერთი ხსნა, ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს ერთმანეთი“, – დასძენს იგი.
საბას მსგავსად ლელა დიასამიძეც დარწმუნებულია, რომ პანდემიის პერიოდში სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრების შეგრძნება და გაგება შეუძლებელია. ამბობს, რომ ცხოვრების ახალი ეტაპზე გადასვლა, რომელიც, წესით, სავსე უნდა იყოს ახალი გამოცდილებითა და გამოწვევებით, მისი თანატოლების უმეტესობისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და აუდიტორიაში სწავლის გაგრძელება სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო და ამავდროულად, მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისთვის, რომ სრულფასოვან სტუდენტად იგრძნოს თავი, სწორედ ის სოციალური გარემო სჭირდება, რომელსაც უნივერსიტეტი ქმნის და მიიჩნევს, რომ სწორედ ამას აქვს მთავარი ხიბლი.
„აზარტი სტუდენტური პროცესის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. ეს არის ლექტორებთან თუ თანაკურსელებთან კონტაქტი, ინფორმაციების გაცვლა, მეგობრებისა და საინტერესო ადამიანების შეძენა, მეტად საინტერესო საგაკვეთილო პროცესი, სიახლის შეცნობის დაუოკებელი სურვილი. აღსანიშნავია მენტალური ჯანმრთელობაც, რომ სტუდენტს არ დაეკარგოს მოტივაცია, მისი ცხოვრება არ დაემსგავსოს რუტინას და თითოეული სტუდენტური გამოწვევა დადებითთან და მრავალმხრივ გამოცდილებებთან ასოცირდებოდეს. მრავალფეროვნებაშია ის ხიბლი, რაც თავს სრულფასოვნად გაგრძნობინებს.
„ვაპირებ ავიცრა, რათა სწავლის აუდიტორიებში დაწყება შევძლოთ და სხვებსაც მოვუწოდებ, რადგან ვფიქრობ, რომ სოციუმზე ზრუნვა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. როგორც სრულფასოვან მოქალაქეს, სხვებისა და საკუთარი თავზე ზრუნვა უპირობო მოვალეობად მიმაჩნია“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ბიზნესის მომავალი სპეციალისტი.
„ამ ვერაგი პანდემიის გამო ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა. პირველკურსელობა, ჩემი აზრით, უდიდესი ბედნიერებაა, რომელიც შეიძლება ვერ განვიცადო იმის გამო, რომ პანდემიაა და აუდიტორიის კარი, ჩემთვის და უამრავი ბავშვისთვის, ჩაკეტილია“ – ეს უკვე მომავალი იურისტის, ალექს გულაშვილის სიტყვებია, რომელიც გულისტკივილს გვიზიარებს. როგორც 2020 და 2021 წლების ყველა აბიტურიენტი თუ პირველკურსელი, ისიც იმედგაცრუებულია.
ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში, წესით, ახალი ეტაპი უნდა დადგეს, ახალი გამოწვევებით, ახალი ხალხით, ახალი გარემოთი და ყველაფერი უნდა იცვლებოდეს. ახალგაზრდებმა თავიანთი სოფლები, რაიონები უნდა დატოვონ და ახალ ხალხს შეხვდნენ. ცოდნასთან ერთად კი, არანაკლებ მნიშვნელოვანს – ახალი თავგადასავლებსა და საუკეთესო მოგონებებს უნდა აგროვებდნენ.
„მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, იმის იმედი დავკარგე რომ წელს აუდიტორიის კარი გაიღება, იქ დავჯდები და მოვუსმენ ვინმეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვისაც და ასევე ბევრი სტუდენტისთვის. იმაზე ნურავინ შემედავება, რომ ონლაინ სწავლებას და აუდიტორიაში სწავლის ერთი და იგივე ხარისხი არ აქვს. ონლაინ სწავლება და მომზადება ჩემს საგამოცდო შედეგებზეც აისახა.
„გულის სიღრმეში იმედის პატარა ნაპერწკალი მაინც ცოცხლობს, რომელსაც ჰგონია, რომ სასწავლებლები გაიხსნება, მაგრამ ალბათ მალე ეს ნაპერწკალიც ჩაქრება. ვიმედოვნებ, მთელ ჩემს სტუდენტობას ისე არ გავატარებ, რომ აუდიტორიაში ვერ შევიდე და რეალურად ვერ გავიცნო ის ადამიანები რომლებსაც ონლაინ ვესაუბრები. გული მწყდება და მედარდება ეს ყველაფერი“, – ამბობს ალექსი.
რაც შეეხება ჩვენს კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა ვაქცინაციას და ამით უმაღლესი სასწავლებლების უსაფრთხო გარემოდ ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანას, გვპასუხობს, რომ თავს მწვავე ალერგიისა და გარკვეული მედიკამენტების გამო იკავებს, თუმცა, თუკი ეს აუცილებელი გახდება, აიცრება -„სხვა ადამიანებსაც ვთხოვ რომ აიცრან. ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – მოგვიწოდებს ალექსი.
ნინო კაჭარავა სტუდენტობას უკვე მეორე წელია ელოდება. გასულ წელს ეროვნულ გამოცდებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოეთიშა. შესაბამისად, წლევანდელ წელზე იმედებს გაორმაგებულად ამყარებდა. ამბობს, რომ უმაღლესი განათლება ცოცხალ კომუნიკაციაზეა დაფუძნებული, ამდენად დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება, მისთვის, არასრულყოფილია.
„ძალიან დამწყდება გული. სწავლების ხარისხი უმთავრესი საკითხია. მსურს ჩემს სფეროში წარმატებას მივაღწიო და თუკი სათანადო განათლება არ მექნება, ეს ვერ მოხდება. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ფართო არეალია გაიცნო ბევრი ადამიანი და დაუახლოვდე, მიიღო გამოცდილება და ეს ნამდვილად დამაკლდება. მყავს მეგობრები, რომლებმაც პირველი კურსი ონლაინ გაიარეს და ძალიან წვალობდნენ. მინდა მოვშორდე ეკრანს და ჭეშმარიტი სტუდენტობა შევიგრძნო. კამერა ვერასდროს შეცვლის ადამიანის თვალით აღქმულს.
„რაც შეეხება აცრას, ვფიქრობ, ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ამიტომ ვერავის მოვუწოდებ. უნივერსიტეტში კი დავიცავდი ყველა რეგულაციას, რომელსაც, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ისედაც ვემორჩილები“, – აღნიშნავს მომავალი იურისტი.
მაგდა (მომავალი ეკონომისტი): „ძალიან მწყდება გული, რომ ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი პანდემიას დაემთხვა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი სტუდენტობის სიხარულს რამე თუ გამინელებდა. ონლაინ დაწყება ჩემთვის იგივეა, სულ რომ არ დავიწყო. კი, ლექციები გვექნება და, შესაძლოა, სწავლის მხრივ სულაც არ იყოს ცუდი, ბოლო და ბოლოს უნივერსიტეტები უკვე ამდენი ხანია ონლაინ სწავლებაზე არიან და მათაც დახვეწეს ყველაფერი, მაგრამ სტუდენტობა მხოლოდ სწავლა ხომ არაა? ეს საუკეთესო ხანაა ადამიანის ცხოვრებაში – ყველაფერი ახლის შეცნობა და გამოცდა. ეს ყველაფერი დაიკარგება. ვერც წარმოვიდგენ როგორი უნდა იყოს სტუდენტობა უცხო ადამიანებს, უცხო ლექტორს ონლაინ რომ ჩაერთვები. მოკლედ, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი დისტანციური სტუდენტობის მიმართ. ბევრ რამეს ვგეგმავდი, მაგრამ კორონამ სტუდენტობის სიხარული ჩამაშხამა. რაც შეეხება აცრას, მე პირადად მზად ვარ, რომ თუკი სწავლა აუდიტორიებში განახლდება, მანამდე ავიცრა. კარგი იქნებოდა ყველა აცრილიყო და ამით ერთმანეთს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში დავეხმარებოდით“.
ანუკი ჯელია კი ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის ის მეორკეურსელია, რომელსაც პირველ კურსზე, ანუ მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა, არც ერთი ლექცია არ ჩატარებია აუდიტორიაში და არც ერთი დღე არ გაუტარებია უნივერსიტეტში. კურსელებიდან მხოლოდ 2 ადამიანის გაცნობა მოახერხა, ისიც დისტანციურად. მეტიც, ანუკიმ სკოლაც დისტანციურად დაასრულა და კლასელებსა თუ მასწავლებლებს ვიდეოზარის მეშვეობით დაემშვიდობა. „არანირი ბოლო ზარი, არანირი ბანკეტი, არანაირი ექსკურსია, არაფერი“, – ამბობს ანუკი და გვიმხელს, რომ ამ ყველაფერმა, ფსიქოლოგიურად, მასზე ძალიან იმოქმედა – „ინტროვერტი გავხდი“, – დასძენს ის.
„ზოგადად შეგრძნებები, ემოციები და თავგადასავლები, ადამიანისთვის, ძალიან საჭიროა. როდესაც ერთ ეტაპს ასრულებ, ყველა მხრივ ამოწურავ და გადადიხარ მეორე ეტაპზე, ის, რაც ყველაზე მყარად უნდა შეინარჩუნო, არის ტემპი. ჩემთვის, თითქოს, ეს ტემპი ძალიან შენელდა და ის სიფერადე, რაც მქონდა, გაქრა. აღარც კომუნიკაცია მაქვს ხალხთან, აღარც ნორმალური დისკუსია და ვერ ვვითარდები ისე, როგორც მჭირდება. ამ ერთმა წელმა უკან ძალიან დამხია. ინტროვერტი გავხდი. არ ვიცი რა არის სტუდენტობა და არც ის თავგადასავლები არ მაქვს, რაც უკვე მრავლად უნდა მქონდეს. ერთ სივრცეში ჩავიკეტე და გავვუცხოვდი. ღირებული რაღაცები დავკარგე და არასასარგებლო თვისებები შევიძინე.გარდა ამისა, სწავლის ხარისხი ძალიან დაეცა. ონლაინ სწავლებას შედეგი არ აქვს.
„აცრისთვის მზად ვარ და სექტემბერში ვიცრები, პირველად. სოციალური პასუხისმგებლობა გამაჩნია და იმის გამო, რომ სხვას პრობლემა არ შევუქმნა, გადავწყვიტე ავიცრა“ – დასძენს ანუკი.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან უკვე არაერთხელ ითქვა, რომ თუკი ეპიდსიტუაცია არ გამოსწორდება, 15 სექტემბერს სწავლის სკოლებსა და უნივერსიტეტებში განახლება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება. “დღეს რა ეპიდსიტუაციაც არის, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით”, – ეს განცხადება ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 24 აგვისტოს კიდევ ერთხელ გააკეთა და იქვე დასძინა, რომ დასწრებული სწავლების დაშვებისათვის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% აცრილი უნდა იყოს.
ამავე თემაზე:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება