„გვაქვს ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორების გამოცდის ნაცვლად, გადაწყვიტეს პირდაპირ დანიშნონ მოვალეობის შემსრულებლები!“
სკოლის დირექტორთა შესარჩევი გამოცდის ჩატარების შესახებ EDU.ARIS.GE-სთვის ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომელსაც თავად დირექტორობის მსურველები გვაწვდიან, ის პირები, ვინც თითქმის ორი წლის წინ დარეგისტრირდნენ სპეციალური გამოცდის ჩაბარებისთვის. განათლების სამინისტრომ კი სკოლის ახალი დირექტორების შერჩევა გაურკვეველი ვადით გადადო. დირექტორობის მსურველთა შერჩევის დაუსრულებლად გადადების ერთადერთი ახსნა ამ დრომდე პანდემიაა, რომლისაც ნაკლებად სჯერათ დირექტორობის მსურველებს და გვეუბნებიან, რომ თითქმის ორი წლის განმავლობაში უწყებას უნდა ჩაეტარებინა შერჩევა ისე, როგორც მოხერხდა მისაღები და მასწავლებელთა გამოცდების ჩატარება.
,,მეორე წელია დავრეგისტრირდით სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსისთვის დაანონსებულ გამოცდაზე. გავიარეთ ძვირადღირებული მოსამზადებელი ტრენინგები. მოლოდინის რეჟიმში ვართ დიდი ხანია. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა სკოლა ვაკანტური გახდა, რადგან მოქმედ დირექტორთა უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა – ზოგს პირველი, ხოლო უმრავლესობას მეორე ვადაც. მათ გაუგრძელდათ უფლებამოსილება, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს. სკოლის ხელმძღვანელთა შესარჩევ კონკურსზე კი სრული სიჩუმეა. მეტიც, საიტი სადაც რეგისტრაცია გავიარეთ, აღარ ფუნქციონირებს“, – განგვიცხადა 24 მაისს ერთ-ერთმა დირექტორობის მსურველმა და სკოლის მოქმედმა პედაგოგმა.
როგორც ირკვევა, ჩვენი რესპონდენტისა და მისი კოლეგებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომელიც საერთოდ გამორიცხავს დირექტორების შერჩევის მიზნით გამოცდის ჩატარებას.
„კულუარული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ იგეგმება მოვალეობის შემსრულებლების პირდაპირ დანიშვნა, დისკრეციული წესით, რაც თავისთავად გამოცდების ჩატარების აუცილებლობას აბათილებს. ეს ფაქტი არ მივიჩნიეთ აზრს მოკლებულად, რადგან ამ პერიოდში თავისუფლად შეიძლებოდა გამოცდების ჩატარება, ახალი კადრის მომზადება სკოლების სამართავად. ის არგუმენტი, რომ პანდემიის გამო თავს იკავებენ გამოცდების ჩატარებისგან, ჩვენთვის არადამაჯერებელია, რადგან უწყვეტ რეჟიმში ტარდება ეროვნული და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები ათიათასობით მსურველისთვის. სკოლის დირექტორთა გამოცდის მომლოდინეთა რიცხვი კი დაახლოებით ორიათასია. ამას ემატება ისიც, რომ სკოლის ზოგიერთი მმართველი თავად აცხადებს, რომ დარჩა თანამდებობაზე კიდევ ერთი ვადით და ის შეუცვლელია შემდეგი წლების განმავლობაშიც. დავაზუსტებ, მათი სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 14-15 წელია, ზოგჯერ უფრო მეტიც. რასაკვირველია, ჩვენ არავის მივუთითებთ და ვერც ზეგავლენას მოვახდენთ რაიმე გადაწყვეტილებაზე, არც დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გადავლახავთ ყველა ეტაპს, მაგრამ უფლება გვაქვს, ვიყოთ თანაბარი უფლებით, თანაბარი კონკურენციის პირობით“, – აღნიშნავენ დირექტორობის მსურველები ჩვენთან საუბარში და გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებისგან.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რას უკავშირებენ ასეთ ვითარებას და რა ახსნა აქვთ, როცა სამინისტრომ თავის დროზე თავად გამოაცხადა მზაობა დირექტორების შერჩევის ჩატარებისთვის, ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს, რომ მას და მის სხვა კოლეგებს უჭირთ დასკვნის გაკეთება.
“არ მგონია, რომ ეს მთლად პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება, რადგან პირადად ვიცნობ დირექტორებს, რომლებსაც ოპოზიციური განწყობა აქვთ და მათ ლოკაციებზე მმართველი პარტია წლებია აგებს არჩევნებს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ამ კადრებს აგიტაციისთვის იყენებენ, რადგან არც ხელისუფლების მხარდამჭერ აგიტაციას ეწევიან. ხოლო, თუ იმ არგუმენტს მივყვებით, რომ მათ უკვე გამოცდილება აქვთ და გადამზადებულნი არიან ახალი სტანდარტის შესაბამისად, გამონაკლისი აქაც არსებობს. არიან დირექტორები, რომლებიც არასოდეს მონაწილეობდნენ პროფესიული განვითარების ტრენინგებში და მეტიც, რეალურად არ არიან ჩართული სასწავლო პროცესის მართვაში/მონიტორინგში. სწორედ ამიტომ, მიჭირს დასკვნების გაკეთება. იმედია, ნათელი მოეფინება ამ საკითხს და პროცესი დაიძვრება“, – აღნიშნავს მოქმედი პედაგოგი და სკოლის დირექტორობის მსურველი.
EDU.ARIS.GE ამ დროისთვის აღნიშნული ინფორმაციის შესახებ დამატებით განმარტებას განათლების სამინისტროსგან ელის და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ამავე თემაზე:
როდის ჩატარდება სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება – რა ვიცით ერთი წლის თავზე
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება