„გვინდა, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“ – რას შესთავაზებს სკოლაში დარჩენილ ე.წ. უსტატუსო პედაგოგებს განათლების სამინისტრო
„განახლებული კვალიფიკაციის მასწავლებლები საჭიროა და ამ კუთხით ბარიერს არ შევქმნით“, – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის პედაგოგი დედის მიერ დანაბარებ კითხვას, რომელიც ამჟამად სისტემაში ხელშეკრულებით დარჩენილ, ე.წ. უსტატუსო მასწავლებლების ბედს ეხებოდა. იაგო ხვიჩია დაინტერესდა, მიეცემათ თუ არა ასეთ მასწავლებლებს ისევ უფლება, რომ კომპეტენცია დაადასტურონ.
განათლების მინისტრის განმარტებით, ეს პედაგოგები ხელშეკრულებით კვლავ რჩებიან სკოლებში, თუმცა სისტემა არავის ზღუდავს და მათ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს თავიდან ჩააბარონ გამოცდა, კომპეტენციის დადასტურების მიზნით.
“საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურეს ამ ადამიანებმა და ალბათ, გესმით, რომ აქ ხარისხზე კომპრომისი ძალიან რთულია, თუმცა გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა შეუძლიათ ასეთ მასწავლებლებს, მათ, ვინც საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა ვერ ჩააბარა. ჯერ-ჯერობით, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ისე არიან სისტემაში, ხელშეკრულებით. ხელახლა გამოცდაზე გასვლის უფლება ნებისმიერ დროს აქვთ, ეს უფლება არ ეზღუდებათ“, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო ასეთი მასწავლებლების მხარდაჭერაზე ფიქრობს და ამ მოტივით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზების სურვილი აქვთ:
„მინდა, მასწავლებლის სახლს შევათავაზებინო ამ ადამიანებისთვის დამატებითი ტრენინგ-მოდულები, რომ სცადონ და მათი კვალიფიკაცია გაიზარდოს. შემდგომ კი გავიდნენ გამოცდებზე. ამიტომ, ამ კუთხით არც შესაძლებლობა ეზღუდებათ და პირიქით, გვინდა, დამატებითი სერვისები და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, ვინაიდან ზოგადად, იცით, რომ სკოლებში საჭიროა ახალი ნაკადი, განახლებული კვალიფიკაციის მასწავლებლები და ამ კუთხით ბარიერს არ შევქმნით“, – განაცხადა, გიორგი ამილახვარმა.
მასწავლებლის სქემაში “პრაქტიკოსი მასწავლებლის” სტატუსის გაუქმების შემდეგ, ე.წ. უსტატუსო მასწავლებლების ნაწილი სკოლებში იმ დრომდე რჩება, ვიდრე მათ ადგილას სკოლა სერტიფიცირებულ კანდიდატს არ მიიღებს.
ასევე იხილეთ:
მასწავლებლის სქემამ რა ჰქმნა? – „დღეს აქცენტი გადასატანია მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებაზე“
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება