გზავნილი აბიტურიენტებს – ალტე უნივერსიტეტის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები

ალტე უნივერსიტეტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ინტერნაციონალიზებული საგანმანათლებლო სივრცეა რეგიონში. უნივერსიტეტისთვის 2024-2025 აკადემიური წელი, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოების თვალსაზრისით, განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. დღეს ის უკვე 50-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორია. სტუდენტთა რაოდენობამ 3000-ს მიაღწია, ხოლო პარტნიორი ორგანიზაციების რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. დღეს ალტე 4 სკოლას, 12 პროგრამას, თანამედროვე ლაბორატორიებსა და მაღალტექნოლოგიურ სივრცეებს აერთიანებს, რაც სწავლების პროცესს რეალურ გამოცდილებად აქცევს და სტუდენტებს გლობალური წარმატებისთვის ამზადებს.
უნივერსიტეტის სწორად შერჩევა წარმატებული მომავლისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სტუდენტების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომაც აირჩია ათასობით სტუდენტმა ალტე უნივერსიტეტი – ადგილი, სადაც 24-წლიანი გამოცდილება, თანამედროვე სწავლების მეთოდები და საერთაშორისო გარემო ახალგაზრდებს რეალურ შესაძლებლობებს უქმნის.
“ალტე” – მეტი, ვიდრე „უმაღლესი მწვერვალი”
ალტე უნივერსიტეტი აერთიანებს ოთხ საგანმანათლებლო მიმართულებას: ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მედიცინისა და სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებს. თითოეული მათგანი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ გლობალური დასაქმების ბაზრისთვის საჭირო, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება.
სიტყვა “Alte” ლათინურად “მწვერვალს” ნიშნავს. უნივერსიტეტის ფილოსოფიაა, რომ ის იყოს სტუდენტის პარტნიორი პროფესიულ მწვერვალამდე სვლის პროცესში და თითოეულ მათგან დაეხმაროს, შექმნან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მიაღწიონ საკუთარ “ალტეს”.
“ალტე უნივერსიტეტში მულტიკულტურული გარემოა შექმნილი, რაც ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება” – ამბობს ანი ამირანაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
ალტეს მიზანია, შექმნას ინოვაციური, ტექნოლოგიურად მხარდაჭერილი აკადემიური სივრცე. Შესაბამისად, უნივერსიტეტი ქმნის რეალურ პლატფორმებსა და შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის:
- „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში“ სტუდენტები ავითარებენ თავიანთ ინოვაციურ ბიზნეს იდეებს პროფესიონალი მენტორების დახმარებით;
- მედიცინის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან კლინიკურ პრაქტიკას „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“;
- კომპიუტერული მედნიერებების პროგრამის მიმართულებით კი სტუდენტები სარგებლობენ ელექტრონიკის ლაბორატორიით, გრაფიკული დიზაინის ლაბორატორიით, Cisco-ს ლაბორატორიითა და კომპიუტერული კლასებით, სადაც მუშაობენ რეალურ პროექტებზე და იღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს (Cisco / AWS)
“უნივერსიტეტი პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ სივრცეებში გამოცადონ თავიანთი ცოდნა და ეს არის მათი განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ყოველწლიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამების შექმნასა და არსებულების განვითარებაზე, რათა სრულად ვიყოთ შესაბამისობაში თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან. მიმდინარე აკადემიურ წელს, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული სიახლეებით იყო დატვირთული IT სკოლა და ბიზნესის სკოლა”, – აღნიშნავს ანი ამირანაშვილი.
IT სკოლა – Tech-პროფესიები და გლობალური სტანდარტები
საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა აერთიანებს სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ასახავს ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს და სტუდენტებს აძლევს უნარებს, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია.
პროგრამის კურსები მოიცავს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ მოდულებს: მანქანურ სწავლებას და მონაცემთა ანალიზს; კიბერუსაფრთხოებას, DevOps-ს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს; iOS დეველოპმენტს, UI/UX დიზაინს და IoT სისტემებს.
“ინტერნაციონალიზაცია და Cisco / Amazon Web Services-ის აკადემიების მასალით სწავლება სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები და გაიუმჯობესონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა გლობალური დასაქმების ბაზარზე. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღება – ეს არის კარიერული უპირატესობა, რომელიც სტუდენტს სხვა კანდიდატებზე წინ აყენებს. ჩვენი პროგრამის მთავარი ღირებულებაა, რომ სტუდენტი უშუალოდ სწავლის პროცესშივე იწყებს იმ სამუშაო კულტურაში ინტეგრირებას, რომელიც რეალურ ინდუსტრიაშია დამკვიდრებული” – რუსო სანაძე, IT სკოლის დეკანი.
ალტე უნივერსიტეტში ამჟამად მიმდინარეობს ახალი პროგრამის – “AI და მონაცემთა ანალიტიკა” (AI & Data Analytics) აკრედიტაცია, რომელიც პასუხობს ტექნოლოგიური ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევას. ეს პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით, მონაცემთა დამუშავებითა და ანალიტიკით და სურთ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური და მოთხოვნადი კომპეტენციის განვითარება.
ბიზნესის სკოლა – სივრცე, რომელიც ანტრეპრენერული მუხტისა და აზროვნების მქონე სტუდენტებს ზრდის
ალტე უნივერსიტეტის ბიხნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მიმდინარე წელს 3-წლიანი გახდა და აძლევს სტუდენტებს ყველა იმ საკვანძო უნარს, რომლებიც აუცილებელია რეალურ ბიზნეს სამყაროში თავდაჯერებული და ეფექტიანი მოქმედებისთვის: ლიდერობა და ანტრეპრენერული აზროვნება; ციფრული მარკეტინგი და ფინანსური სტრატეგია; ადამიანური კაპიტალის მართვა და ემოციური ინტელექტი.
“ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების 3-წლიანი პროგრამა სტუდენტებს უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალურ შრომის ბაზარზე წარმატებისთვის: ესენია ანტრეპრენერული და ლიდერული უნარები, სტრატეგიული აზროვნება, ემოციური ინტელექტი და ციფრული წიგნიერება. ჩვენი მიზანია, კურსდამთავრებული იყოს პროფესიულად დამოუკიდებელი და კონკურენტუნარიანი პროფესიონალი” – დავით კიკვიძე, ბიზნესის სკოლის დეკანი.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ სიღრმისეული კონცენტრაცია ოთხი მიმართულებიდან: მეწარმეობა;მარკეტინგი; ფინანსები; HR მართვა.
მათ ასევე შეუძლიათ, რეალური ბიზნეს იდეების განვითარება „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერით.
საერთაშორისო გამოცდილება და კარიერული განვითარების შესაძლებლობები
ალტეს სტუდენტებისთვის ღიაა გაცვლითი პროგრამები ევროპისა და აზიის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: University of Rome Tor Vergata (იტალია); Stefan cel Mare University of Suceava (რუმინეთი); Vilniaus kolegija – VIKO, (ლიეტუვა); Deggendorf University of Applied Science (გერმანია); Deggendorf University of Applied Science (გერმანია); “ALBA” ბიზნეს სკოლა (საბერძნეთი); „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ (ბრაზილია) და სხვა.
სტუდენტები დამატებით ერთვებიან პროექტებში 200-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან და იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას როგორც გუნდურ, ისე – ინდივიდუალურ პროექტებში.
უნივერსიტეტი ავითარებს და აძლიერებს START-UP კულტურას, მეწარმეობას, ქოუჩინგს და ე.წ “peer-to-peer“ სწავლების მოდელებს, რაც სტუდენტებს ეხმარება, იმუშაონ რეალურ პროექტებზე, მოიპოვონ პარტნიორების მხარდაჭერა და იმოქმედონ დამოუკიდებლად.
ალტე არის მომავლის უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ამბიცია, 2031 წელს იყოს საქართველოსა და რეგიონში წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მუდმივად ვითარდება იმისთვის, რომ განვითარების შესაძლებლობა მისცეს საკუთარ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და დაეხმაროს მათ შექმნან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია,
მიაღწიონ მათ პერსონალურ “ალტეს”.
ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები
ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები
-
ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა X-XII კლასის მოსწავლეებისთვის იწყება by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტსა და თურქეთის Üsküdar University-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი 50-ზე მეტი ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა by ალტე უნივერსიტეტი