IBSU-ში განათლების საკითხებზე მე-9 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი „განათლების, ენის და ლიტერატურის საკითხებზე მეცხრე საერთაშორისო კვლევით კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრას 27 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის: საფრანგეთის, საბერძნეთის, ჰონგ-კონგის, ამერიკის, ავსტრალიის, უნგრეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებიდან. მთავარი მოხსენებლები არიან Ori Z. Soltes, Georgetown University-დან და Nick Michelioudakis, ELT ტრენერი საბერძნეთიდან.
კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდმა გახსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება იმ მხრივ, რომ მასში ჩართულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები, სტუდენტები, დოქტორანტები. ეს კონფერენცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური ენის განმტკიცების კუთხით და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოხარული ვარ, რომ მაქვს აქ ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა დიპლომატმა EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ილიას ჩილოღლუს თქმით, შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული, მათ შორის განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
„ეს არის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია განათლების შესახებ, დაახლოებით 213 მონაწილეა ამ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ განათლების პრობლემებზე, თუ როგორ უნდა იქნას გადაჭრილი არსებული გამოწვევები, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.
IBSU-ს განათლების და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ნათელა დოღონაძე EDU.ARIS.GE– სთან საუბარში აცხადებს, რომ საერთაშორისო კონფერენცია მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს და მათ შორისაა: განათლების ფილოსოფია, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, განათლების ტექნოლოგია, დისტანციური განათლება, მობილური სწავლება, ენების პროგრამების ევოლუცია და ა.შ.
„ეს არის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენის და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაზე, მე- 9 წელია ტარდება და წელს 29 ქვეყანა მონაწილეობს. თუ სახელმწიფოს წარმატება უნდა, განათლება არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის თვალსაზრისებისა და ინფორმაციის გაზიარება განათლების სფეროში, გარდა ამისა, ეს არის შესანიშნავი ადგილი კონტაქტების დასამყარებლად. ყველანაირი საკითხი გვაქვს გამოტანილი, მაგალითად განათლების ფსიქოლოგია, სწავლების მეთოდები სხვადასხვა დარგების მიხედვით; არის ინჟინერია, ენების სწავლება, ასევე სასკოლო ასაკის, უმაღლესის და პოსტუმაღლესის სწავლების მეთოდები და ა.შ. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური, მნიშვნელოვანია, რომ მასალები ყოველთვის იბეჭდება და ჩვენს თანამშრომლებს და მაგისტრანტებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ, ეს მათთვის ძალიან დიდი შანსია მეცნიერულად განვითარდნენ“, – ამბობს ნათელა დოღონაძე.
კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი