GE

„იდეალური კანდიდატი ამ პოსტზე“ – განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძეა – ბიოგრაფია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად დღეს, 30 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გივი მიქანაძე წარადგინა.

გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და სიღრმისეული აკადემიური განათლება და ის ამ პოსტზე იდეალური კანდიდატია.

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის, წლების განმავლობაში, იყო შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში, მთელი წლების განმავლობაში და არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

გივი მიქანაძის სიტყვა

ახალი მინისტრის ბიოგრაფია:

განათლება

1999 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობა: სამართალმცოდნეობა;

2009 წული, ესექსის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) სპეციალობა: სამართლის მაგისტრი

სამუშაო გამოცდილება

2023 წლიდან – დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი;  2016 – 2018 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2016 – 2018 სსიპ საქართველოს შსს აკადემიის რექტორი; 2015 – 2016 ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი; 2013 – 2015 ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი; 2013 – 2017 აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011 – 2015 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2010 – 2013 ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი; 2009 – 2010 გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“; 2009 – 2009 თბილისის მერია, აგლომერაციის განვითარების სააგენტო, უფროსის მოადგილე 2005 – 2008 იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2005 – 2005 ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ პროექტის დირექტორი; 2004 – 2005 ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში; 2003 – 2004 კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათებლო ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე; 2001 – 2002 შსს აკადემია მოწვეული ლექტორი; 2001 – 2003 კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე; 2000 – 2001 გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი; 2000 – 2002 საჯარო სკოლა „ბალავარი“ პედაგოგი; 1999 – 2000 სახალხო დამცველის აპარატი, ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტი, რეფერენტ-იურიკონსულტი; 1999 – 1999 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მოწვეული სპეციალისტი; 1998 – 1999 კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლა“ დირექტორი; 1997 – 1999 გრ.ხანძთელის სახელობის 1 ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური