GE

ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და ლია სტურუას ლექსი – აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდის ბოლო სესიის საკითხები დაასახელეს

2023 წლის აბიტურიენტების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს ბოლო, მეხუთე სესიით დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 ივლისის სესიაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი და დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.

როგორც დღევანდელი სესიის მონაწილე აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, მიაჩნიათ, რომ ყველაზე მარტივი ვარიანტი სწორედ მათ შეხვდათ.

“ძალიან მარტივი გამოცდა იყო, ყველაზე მარტივი ნაწილი ჩვენ შეგვხვდა. პროგრამულიდან ვწერე ილია ჭავჭავაძის “ოთარაათ ქვრივი”. საწერი იყო დედისა და შვილის ურთიერთობაზე. “დედისთვის ყველაზე მძიმე არის შვილის ცოდვა”, ზუსტად მახსოვს, ასეთი თეზისი იყო. არაპროგრამულიდან შემოვიდა ლექსი. არ გადამიხედავს, რადგან პროგრამული ავირჩიე”, – აღნიშნავს მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

როგორც აბიტურიენტებთან საუბრით ვიგებთ, უმეტესობამ პროგრამული დავალება აირჩია.

“არაპროგრამული არ მგონია, რომ ვინმეს აერჩია, რადგან ოთარაანთ ქვრივის თეზისი ძალიან მარტივი იყო. უცნობი ტექსტის წაკითხვით დავიწყე მეც, რადგან მინდოდა არაპროგრამულის შესრულება, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე. არასაპროგრამოდან იყო ლია სტურუას ლექსი, “გამიგონია, მთიან ხვარამზეს”. თეზისი კი იყო ფაქიზი სულის ადამიანი რომ შედარებით სუსტია ამ თემაზე”, – გვითხრა 175-სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

“როგორც იქნა, დავაფასეთ ჩვენი დიდი ავტორები…”, – ასე შეაფასა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა და, მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გამოცდაზე მოსული საკითხი.

“რამდენადაც მახსოვს, წელს ორ ვარიანტში შემოვიდა ილიას სხვადასხვა ნაწარმოები”, – ამბობს მშობელი.

ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული დავით ადეიშვილი EDU.ARIS.GE-ს უყვება, რომ მისთვის ნაცნობი საკითხი შეარჩია.

“რედაქტირება ჩემთვის რთული აღმოჩნდა. სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი უმეტესად. ასევე, ისეთი სიტყვები, რომლებიც დეფისით ეწერა და ერთად უნდა დაგვეწერა, გავასწორე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, პროგრამული მოვიდა ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივი”. თეზისი იყო მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე. რთული დასაწერი არ იყო. ნაცნობი ტექსტის დაწერა ვამჯობინე და არაპროგრამულზე არც მიფიქრია. გამოცდის ყველაზე რთული ნაწილი, მგონი, დავასრულე. ისტორია და ინგლისური დამრჩა ჩასაბარებელი. ამ ორი გამოცდის არ მეშინია. ინგლისურ ფილოლოგიაზე ვაბარებ, თუმცა გერმანული ფილოლოგიაც მაქვს მონიშნული. წარმატებას ვუსურვებ ყველას”, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ნინი ჩინჩალაძე, ქუთაისის 23 -ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “მშობლისთვის ყველაზე დიდი უბედურება შვილის მიერ ჩადენილი ცოდვაა”, – ეს იყო “ოთარაანთ ქვრივის” დავალების თეზისი და ამაზე ვიმუშავე. რედაქტირებაც არ გამიჭირდა. ქართულის გამოცდაზე კი ვღელავდი მაინც, მაგრამ წინ მათემატიკის გამოცდა მაქვს და იმაზე უფრო მეტად ვნერვიულობ. ინგლისურის არ მეშინია. საკვები პროდუქტების ტექნოლოგიასა და უვნებლობაზე ვაბარებ.

ანანო ბერიშვილი, 23 -ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი ქუთაისში: გუშინდელთან შედარებით, ადვილი იყო რედაქტირება. გამოცდაც არ იყო რთული. ისტორია და ბიოლოგია დამრჩა ჩასაბარებელი და, ვფიქრობ, ეს უფრო რთული იქნება. ბიოლოგიის სპეციალობაზე ვაბარებ და იმედია, დანარჩენ გამოცდებსაც ასე მარტივად დავწერ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო გამოცდას აბიტურიენტები 7 ივლისს, მათემატიკაში ჩააბარებენ, ხვალიდან კი საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს მზეო შველიძემ და ანა ჯიქიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური