ილიაუნისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიური კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა
4 ივნისს ილიას და სან დიეგოს (SDSU) სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის ცერემონიას უმასპინძლეს.
ოთხსართულიანი 4600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა თბილისში, ვაკის პარკთან მდებარეობს და ის ილიაუნის და SDSU საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა. ის პირველ სტუდენტებს სექტემბერში უმასპინძლებს. დაწესებულებაში ისწავლიან, როგორც ილიაუნის, ასევე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს სტუდენტები.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდენტი ადელს დე ლა ტორე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი ანტონი ველჩერი, ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მაგდა მაღრაძე, SDSU საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა სტუმრები.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსებულია ელექტრონული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები.
“ეს ახალი შენობა იქნება ერთ-ერთი ცენტრი, საქართველოში STEM-ის მიმართულების და ზუსტი მეცნიერებების განვითარებისთვის. ის საგრძნობლად შეუწყობს ხელს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაკეთებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად”, -განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
“დღეისთვის სან დიეგო საქართველოს უნივერსიტეტში სწავლობს 600-მდე სტუდენტი. 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაწია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ინფრასტრუქტურულ განვითარებაში, ჩვენ საქართველოში შემოვიტანეთ უახლესი ლაბორატორიები და აღჭურვილობა, რაც მოემსახურება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგებში კადრების მომზადებას. კონკრეტულად ეს შენობა 4 მილიონი ამერიკული დოლარით დაფინანსდა”, – აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება