GE

„იმისთვის რომ მოგისმინონ, უნდა თქვათ!“ – მასწავლებლებმა „განათლების დამცველთა ასოციაცია“ დააფუძნეს

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა პედაგოგებმა და სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილეებმა, დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ „განათლების დამცველთა ასოციაცია“ დააფუძნეს.

პრეზენტაცია დღეს, 12 დეკემბერს გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრები შეკრებილ საზოგადოებას ასოციაციის მიზნების შესახებ ესაუბრნენ.

ორგანიზაციის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე მაია ეკალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტი იქნება სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი.

„ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი სასკოლო პრობლემების აქტუალიზაციაა. აგრეთვე ის, რომ მოსწავლემ, მასწავლებელმა და მშობელმა დაიცვას საკუთარი უფლებები. ბოლო 2 თვის განმავლობაში ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვსაუბრობთ დირექტორების კონკურსზე, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ამიტომაც, ამ „ალტერნატიული სამინისტროს“ დახმარებით ვცდილობთ ამილახვარის სისტემას ვანახოთ დაშვებული შეცდომები“, – ამბობს ეკალაძე.

მისივე თქმით, საჭიროა მასწავლებლებმა უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, რათა სისტემაში არსებული პრობლემები მოგვარდეს.

„ჩვენ რაც ვთქვით, იმან გარკვეული შედეგი მოიტანა და ე.ი. გვისმენენ. დიახ, დემოკრატიულ სამყაროში უნდა მოუსმინონ ადამიანების ხმას. იმისთვის, რომ მოგისმინონ უნდა თქვათ! ამიტომ, მოვუწოდებ მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს – ისაუბრეთ პრობლემებზე, სამყარო ჩალით დახურული არ არის. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა ცუდია დაღრეჯილობა“ – გვახსოვდეს ეს, რათა მომავალში მაინც დავიცვათ სხვების უფლებები“, – ამბობს ეკალაძე.

როგორც დავით ფერაძემ აღნიშნა, თავდაპირველად 2013 წელს შეიქმნა „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი“, სადაც 150 ადამიანი იყო გაწვერიანებული და განათლების სისტემის პრობლემებზე ყველა ხელისუფლებისა თუ განათლების მინისტრების პერიოდში საუბრობდნენ, რაც ახლა ახალი ორგანიზაციის ეგიდით გაგრძელდება:

„განათლების მაშინდელმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ეს საზოგადოება დაშალა. ხშირად მარტო მიწევდა ხმის ამოღება და პრობლემებთან გამკლავება. ახლა აღნიშნული საბჭო გარდაიქმნა, როგორც განათლების დამცველთა საზოგადოება“, – აღნიშნა ფერაძემ.

ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მოამზადა ხატია გლოველმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური