განათლებაში 2023 წლის უპრეცედენტო პროტესტის მთავარი გმირების სურვილები 2024 წელს
სიტყვა „უპრეცედენტო“ 2023 წელს განათლების ჭრილში არაერთგზის მოვისმინეთ. უპრეცედენტო ქმედება კი სკოლის დირექტორთა კონკურის შედეგების მოჰყვა – პირველად ქართულ რეალობაში მასწავლებელმა პროტესტის ნიშნად იშიმშილა, ორმა მასწავლებელმა განათლების სამინისტროს შენობასთან ღამეები გაათენა. დღეს ისინი თვლიან, რომ პირველი შედეგი მიიღეს და 2023 წელი განათლებაში ამითაც დაგვამახსოვრებს თავს.
გიორგი ამილახვარი: სკოლებში, სადაც დირექტორის შერჩევა ვერ მოხდა, ხელახალი კონკურსები გამოცხადდება
უწყვეტი პროტესტის მთავარი გმირები – მაია ეკალაძე და დავით ფერაძე EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის განვლილ წელზე და 2024-წლის მთავარ სურვილებზე გვესაუბრებიან.
– რა აჩვენა საზოგადოებას, სისტემას და მის მესვეურებს თქვენმა პროტესტმა?
დავით ფერაძე: დავინახეთ, რომ როდესაც პროტესტი და მოთხოვნა გულწრფელია, ადამიანთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ძირითადად ორნი ვიყავით მუდმივი პროტესტის რეჟიმში, მაგრამ გვაძლიერებდა გვერდში მდგომი მეგობრები, მედია და პრინციპში, რასაც მივაღწიეთ, ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო. ხელისუფლებამ არ აღიარა, რომ დათმო სიმართლის წინაშე, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. პროტესტმა უჩვენა, რომ სისტემის მესვეურთათვის ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენს და ჩვენმა ღამეების თევამ ისინი ვერ „ააცრემლა“.
ასევე დაგვანახა, როგორი დათრგუნულია პედაგოგთა კორპუსი, წარმოიდგინეთ, მხოლოდ თბილისში 200-ზე მეტი სკოლაა და მართალია, სურვილი ჰქონდათ, მაგრამ თითო სკოლიდან თითო კოლეგასაც არ აღმოაჩნდა ძალა, დაეძლია კომფორმიზმი, შიში და რამდენიმე საათით მაინც მოსულიყო ჩვენ გვერდით. საოცარია ისიც, რომ 400-ზე მეტი დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატიდან, მხოლოდ ორიოდე მათგანი ბედავდა ჩვენთან მოსვლას. მე ვფიქრობ, ეს ინერტულობა და დათრგუნულობა ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე ბიუროკრატიის გულცივობა. ამიტომაც არ გადის ყავლი ილიას ნათქვამს: „ოჰ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი… როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება“. ისე, კი მაინტერესებს, დათრგუნული პედაგოგი როგორ აცნობს ილიას მოსწავლეებს?
მაია ეკალაძე: ჩვენი პროტესტი დაიწყო 2014 წელს და სამინისტრო არასოდეს ყოფილა გასნილი და ღია პრობლემების მიმართ, თუმცა, რაც 2023 წლიდან ხდება, სცილდება ყველა ზღვარს. ამიტომაც, უკვე მეექვსე თვეა და განსაკკუთრებით, უკანასკნელი ერთი თვეა, პროტესტმა გაზარდა მასშტაბები და საზოგადოებისთვის აღარაა დაფარული, რომ სისტემა ღია არ არის. ყრუ კედელია აღმართული სამინისტროს, სკოლას, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. სისტემის მესვეურები არ აპირებდნენ არჩევნებამდე სკოლის დირექტორების კონკურსის ჩატარებას. მინისტრმა საჯაროდ თქვა, რომ ჩატარდება კონკურსი მალე, ორ თვეში. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მინისტრმა უნდა განსაზღვროს კონკურსის ჩატარების დრო და საზოგადოებას აცნობოს იმ ბერკეტების შესახებ, რომლებიც განსაზღვრავენ კონკურსის სანდოობას, ვალიდურობას, გამჭვირვალობასა და ობიექტურობას.
საზოგადოება მიხვდა, რომ ბრძოლას აქვს აზრი, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და საზოგადოების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია ნეპოტიზმისა და კორუფციის ჭაობის ამოსაშრობად. რაც მთავარია, ნიჰილიზმი, რომელიც წლების მანძილზე ტანჯავდა საზოგადოებას, შეიცვალა მცირე იმედით და ეს იმედი უნდა გაიზარდოს! კონკურსები პირდაპირ მოქმედებს ჩვენი შვილების ყოველდღიურ ყოფაზე და აქ გაჩუმება დანაშაულია. ნეპოტისტურად დანიშნული დირექტორები ვერ მართავენ იმ სკოლებს, თანამედროვე ბავშვი რომ უნდა სწავლობდეს და ვერ შეუქმნიან მათ თანამედროვე, ლაღ და უსაფრთო სასკოლო გარემოს.
– რა არის თქვენი სამი მთავარი სურვილი, რასაც 2024 წელს ჩაუთქვამდით (განათლების ჭრილში)?
მაია ეკალაძე: 1. ჩემს ქვეყანაში მინდა დემოკრატია და ადამიანის უფლებების რეალურად დაცვა; მასწავლებელს არ ეშინოდეს სწორ მხარეს თამამად დგომის; 2. კონკურსების გამჭვირვალობა და ცოდნის ზეიმი; ასპარეზი ბავშვისთვისაც და დიდისთვისაც… 3. მინდა, ყველა მართალი ადამიანი ღიმილით სწავლობდეს, ბავშვიც და დიდიც… უფასდებოდეს შრომა…
მთელი ჩემი არსებით ვიბრძოლებ და უკან არ დავიხევ, რომ დასახელებული მიზნების შესრულება დავიწყოთ.
დავით ფერაძე: 1. სწავლა-სწავლების დონის რეალური ზრდა; 2. გამოცოცხლებული პედაგოგიური კორპუსი, როდესაც ბევრი „პირველი“ მასწავლებელი გვეყოლება; 3. მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს სკოლები ჩაბარდეს პროფესიონალ, დემოკრატიულ, ანგარიშგასაწევ ლიდერებს, რომლებსაც „ზემოთ“ მოუსმენენ და არ დააშინებენ.
მე ძველებურად გამოვიყენებ ჩემს რესურსებს ამის მისაღწევად.
– თქვენი სათქმელი და სურვილი მოსწავლეებს, როდის ვამბობთ, რომ „პედაგოგის მისია შესრულებულია“?
დავით ფერაძე: ჩემი შვილებიც მოსწავლეები არიან, უამრავ მოსწავლესთან მაქვს საქმე და კონკრეტულად ერთ სურვილამდე დაყვანა რთულია. ოცდამეერთე საუკუნის ბოლო ათწლეულებში დაბადებულმა თაობამ, სულ სხვა ვირტუალური „სამყაროები“ შექმნა, რომელსაც ისინი უფრო ხვეწენ. მათთვის ინტერნეტი „მეხუთე“ სტიქიად იქცა და ეს არის რეალობა იმ დროს, სანამ „უჭკვიანესი“ დიდები სავარძლების, პოზიციებისა და გავლენებისთვის ძიძგილაობენ. უფროსი თაობის გაუნათლებლობის დემარშის მიზანი ძალაუფლების მოპოვებაა, მაგრამ უკვე ახალი თაობები არ იღებენ ამას. ასეთ დროს, სხვადასხვა რამეს ითხოვს პედაგოგისგან სახელმწიფო კონიუნქტურა, სხვას მშობელი და სხვას – ელექტროობით, ჰერცებით, ბაიტებით… გაჯერებული „ყრმა ახალი“.
პროფესიონალი პედაგოგი იძულებული გახდა, ლავირებდეს ამ სამ ბასრ წვერზე, ოღონდ რეალურად კი ბავშვზე კონცენტრირდეს. თუ ამას იზამს, თუ პროფესიონალურად და პედაგოგიურად მოიქცევა, მას არ აცდება კუთხეში მიგდება და ჩინ-მედლებზე დამშვიდობება, სამაგიეროდ იმას მოახერხებს, რომ ერთი-ორ გენიას მაინც უძღვნის მომავალს, სადაც გადარჩენის ადგილი ნამდვილად არის. საქმე იმ მომავალს ეხება, სადაც სასაცილო სავარძლისთვის სასაცილო დაქოჩვრა წარსულს ჩაბარდება! მეტ-ნაკლებად საინტერესო და კარგი თაობა გვყავს. სიყვარულის პატარა დესპანები არიან და იმედია, ბევრი მათგანი, ამ ღვთაებრივ ენერგიას კიდევ უფრო გაამრავლებს. არ მინდა, მათ ჩვენ დახატულ ილუზიებში იცხოვრონ, არასდროს უნდა მოვთხოვოთ, რომ იყვნენ ჩვენი ბრმა ასლები, მაგრამ უნდა იცოდნენ ბრძოლა, არ იყოყოჩონ მიღწევით და არ დაგთრგუნოს წარუმატებლობამ. უნდა იყვნენ მადლიერები ღმერთის და ადამიანების. უამრავი რამ არის სამყაროში, უამრავი მშვენიერება არის ბედნიერებისთვის!
მაია ეკალაძე: მგონია, რომ პედაგოგის მისია არ სრულდება და სიცოცხლის დასრულების შემდეგაც დიდხანს ტოვებს კვალს…
ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სახელმწიფოს განათლების პოლიტიკა დაგვეხმარებოდა მოსწავლის მოტივაციის გაზრდაში და ამისთვის საჭიროა, შესრულდეს ჩემი წინა სამი სურვილი… მოსწავლეს სწავლის მოტივაციას უზრდის ირგვლივ მყოფი ადამიანების სწორად მიღწეული წარმატება.
ლაღ და მართალ ახალ წელს ვუსურვებ თქვენს მკითხველს და გისურვებთ თქვენ, რედაქციას. გახსოვდეთ, რომ თქვენი მხარდაჭრა უმნიშვნელოვანესია.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება