GE

“ინფორმაცია მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას” – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, დღეს, 6 სექტემბერს, ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განცხადება დაკავშირებულია იმ ფაქტებთან, რომ სხვადასხვა პირები სოციალურ ქსელებში აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სთავაზობენ საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ფილიალებში ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესში ჩართვას.

„ხარისხის განვითარების ცენტრი განმარტავს, რომ „მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, არის შეცდომაში შემყვანი და მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას“.

უკანონოა. მაგრამ, განსაკუთრებით საერთო ეროვნული გამოცდების დამთავრების შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში სულ ვრცელდება.

მაშ ასე, რას ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ნაწილი, უცვლელად):

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ ნებისმიერმა დაწესებულებამ, მათ შორის უცხოურმა უნივერსიტეტმა ან მისმა ფილიალმა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია და დააკმაყოფილოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები.

სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდზე.

სოციალურ მედიასა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სთავაზობს საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ფილიალებში ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესში ჩართვას. გაცნობებთ, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, არის შეცდომაში შემყვანი და მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების მოტყუებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე მოცემულია იმ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm