GE

ინგლისში მოსწავლეების მესამედი ონლაინ გაკვეთილების პროცესში არ ჩართულა – კვლევის შედეგები

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ორი სხვადასხვა კვლევა არადამაიმედებელ სურათს იძლევა. მათ მიხედვით, ქვეყანაში მილიონობით ბავშვს, განსაკუთრებით სახელმწიფო სკოლის მოსწავლეებს, იზოლაციის პერიოდში თითქმის არაფერი გაუკეთებიათ. კვლევების თანახმად, ინგლისში ათიდან ოთხ მოსწავლეს პედაგოგთან მუდმივი კავშირი არ აქვს.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ფონდის (NFER) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეების მესამედი ონლაინ გაკვეთილების პროცესში ჩართული არ იყო, საშინაო დავალებას ნახევარზე ნაკლები, მხოლოდ 42% ასრულებდა, ხოლო ნაკლებ წარმატებული სკოლების მოსწავლეების ჩართულობა დისტანციური სწავლების პროცესში ყველაზე დაბალი იყო.

NFER-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა ინგლისის 3200-მა სკოლის ხელმძღვანელმა და მასწავლებელმა მიიღო. კვლევის შედეგებმა შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან გამოკითხული პედაგოგების თქმით, მათ რეგულარული კონტაქტი მოსწავლეების მხოლოდ 60%-თან ქონდათ.

NFER-ის ხელმძღვანელის, კეროლ უილისის თქმით, დისტანციურ სწავლებაში სხვადასხვა მოსწავლეების ჩართულობა რადიკალურად განსხვავდება, რაც პანდემიის შედეგად შექმნილი სირთულეებით არის გამოწვეული. ის ასევე ხაზს იმას უსვამს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება არის საჭირო.

მოსწავლეების მიერ სახლში მიღებული განათლების ხარისხზე გადამწყვეტი როლი ციფრულმა განხეთქლებამაც ითამაშა. კერძო სკოლის მოსწავლეების 97%-ს სახლში კომპიუტერთან თავისუფალი წვდომა ქონდათ, მაშინ როდესაც სახელმწიფო სკოლის ყოველ მეხუთე მოსწავლეს მსგავსი შესაძლებლობა არ ჰქონდა.

საგანმანათლებლო სფეროში შექმნილი პრობლემების გამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა (UCL) დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით ორი მილიონი მოსწავლე (ხუთიდან ერთი) ან საერთოდ არ ასრულებდა სასკოლო სამუშაოს, ან ამ საქმეს ერთ საათზე ნაკლებ დროს უთმობდა.

კვლევის მთავარი ავტორის, პროფესორ ფრენსის გრინის თქმით, მიღებულმა შედეგმა დაკარგული სასკოლო განათლების ბნელი სურათი დახატა. პანდემიის გამო სკოლების დახურვა და შემდგომ მათი ნაწილობრივი გახსნა საგანმანათლებლო განვითარების პოტენციურ საფრთხეს უქმნის. ,,ამ თაობის ყველა ბავშვი წაგებულია. ახლა სახელმწიფოსთვის მთავრი პრიორიტეტი დისტანციური სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და რაც შეიძლება მეტი ბავშვის სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება უნდა გახდეს“.

UCL-ს კვლევამ იზოლაციის დროს კერძო და სახელმწიფო სკოლებს შორის არსებულ სასწავლო პროცესის ხარისხის უზარმაზარ სხვაობას ნათელი მოფინა. აღსანიშნავია, რომ სხვებთან შედარებით კერძო სკოლების მოსწავლეებს სრული ონლაინ სწავლების ხუთჯერ მეტი შანსი ჰქონდათ.

ამ კვლევის თანახმად, მაშინ როდესაც, სახელმწიფო სკოლებში ათიდან შვიდ ბავშვს (71%) დღეში მხოლოდ ერთი ონლაინ გაკვეთილი უტარდებოდა, კერძო სკოლების თითქმის მესამედი (31%) ყოველდღიურად ოთხ ან მეტ ონლაინ გაკვეთილს ან შეხვედრას ატარებდა.

მოსწავლეები საშუალოდ დღეში სასკოლო სამუშაოზე 2,5 საათს ხარჯავდნენ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო სკოლების დახურვიდან, ანუ მარტიდან ახალი მასალის ასათვისებლად ოთხ საათზე მეტ დროს მოსწავლეების მხოლოდ 17% ხარჯავდა.

ფრენსის გრინის თქმით, კერძო სკოლის ხარჯი თითო მოსწავლეზე სახელმწიფოსას სულ მცირე სამჯერ აღემატება, რაც მათ უკეთესი აკადემიური შედეგის მიღების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, ზეწოლამ მოსწავლეების მშობლების მხრიდან მათ სასკოლო განათლების შესაბამისი ალტერნატივის შეთავაზებისკენ უბიძგა.

UCL-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აპრილის ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებზეა დაფუძნებული. მის ფარგლებში მთელი ინგლისის ტერიტორიიდან ხუთ წელზე უფროსი 4500 ბავშვი გამოიკითხა. კვლევამ აჩვენა, რომ ონლაინ გაკვეთილები ყველაზე გავრცელებული ლონდონში აღმოჩნდა (12,5%). აქ მოსწავლეებს დღეში საშუალოდ ოთხი ან მეტი გაკვეთილი უტარდებათ, მაშინ როდესაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი 7%-ს, უელსის კი 2%-ს შეადგენს.

წყარო: www.theguardian.com

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური