„ინგლისურში ძალიან კარგი სამსჯელო თემა იყო“ – აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 გრძელდება. დღეს და ხვალ აბიტურიენტები უცხოური ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ტესტირებაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.
ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ წერა არ გაუჭირდათ და კარგ ქულებს ელოდებიან.
“ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, საათნახევარში გამოვედი. მოსასმენები კარგად ისმოდა, ყველა სიტყვა ადვილად გასარჩევი იყო, ტესტებიც გამიადვილდა. რაც შეეხება ესეს, ვფიქრობ, ქართულ რეალობაზე მორგებული იყო – უცხოეთში სამუშაოდ წასვლას ეხებოდა და ბევრი არგუმენტი მოვიყვანე, ძირითადად თანამედროვეობასთან გავავლე პარალელი. ინგლისურზე ისედაც არ ვნერვიულობდი და ახლა მით უმეტეს, მაღალ ქულას ველოდები”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნინი ბიჭიკაშვილმა, რომელიც 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა.
სამართლის მიმართულების მომავალი სტუდენტი, სალომე ვაშაყმაძეც ინგლისურ ენაში გამოცდის პირველ ვარიანტს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ საკმაოდ იოლი იყო:
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი ნამდვილად ადვილი იყო. მოსასმენი ნამდვილად კარგად ისმოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თვითონ მოსასმენის ტექსტიც ადვილად გასააზრებელი იყო და მარტივად იკითხებოდა. რაც შეეხება თემას, ეს იყო: სამსახურების საძებნელად რომ მიდიან, საზღვარგარეთ. ეს არგუმენტი მე გავამართლე, იმ მხრივ, რომ საქართველოში ხელფასები უფრო და უფრო ქვევით იწევს, გაუმჯობესების მაგივრად და აღვნიშნე ის შესაძლებლობები, რასაც უცხოეთი გვთავაზობს, აქ, საქართველოში, მსგავსი შესაძლებლობები არ გვაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი სამსჯელო თემა იყო”.
“ძალიან კარგი სამსჯელო თემა მოვიდა ამ ვარიანტში, ზუსტად საქართველოს რეალობაზე მორგებული. შესაბამისად, პარალელები ჩვენს ქვეყანაზე გავავლე. ახალგაზრდა თუ ასაკიანი, ყველა დაბალ ხელფასზე მუშაობს, ამის გამო უწევთ უცხო ქვეყანაში სამუშაოს საპოვნელად წასვლა. აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ეს იძულებითი ემიგრაციაა”, – ამბობს 39-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აბიტურიენტი.
ნიკა აკოფიანი, რომელმაც გამოცდა რუსულ ენაში ჩააბარა ამბობს, რომ მისი ტესტიც იოლი იყო: “ტესტირება საკმაოდ მარტივი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე რუსული ენა ჩავაბარე – მინდოდა, ჩემი თავი გამომეცადა. ესე დაახლოებით ასეთი გვქონდა: “სწავლის ბოლო წელს არის თუ არა სამსახური სასურველი?”. ინგლისურიც ვიცი და მეორე ენად მას მივიჩნევ, რადგან საერთაშორისო ენაა, მაგრამ გადავწყვიტე, გამოცდაზე რუსულით გავსულიყავი და ცოდნა შემემოწმებინა”.
გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
აბიტურიენტებს ესაუბრნენ მარიამ ბარამიძე და მარიამ იმერლიშვილი
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება